Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკური ხარვეზი? - ვაქცინაციის პორტალი 75 წელს ზემოთ პირებისთვის რამდენიმე საათით გაიხსნა


ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი, 16 მარტს, დილიდან, 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა. ანუ, გარდა მედპერსონალისა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება 75 წელს ზემოთ მოქალაქეებმაც შეძლეს.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იმ რამდენიმე მოქალაქემ დაუდასტურა, რომლებმაც ხანდაზმული ოჯახის წევრები 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მარტივად დაარეგისტრირეს და ჯავშნის კოდიც მიიღეს.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, 16 მარტს, სარეგისტრაციო პორტალის გახსნა „ტექნიკურ ხარვეზთან“ იყო დაკავშირებული და პორტალი უკვე დაიხურა 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის.

უწყების განმარტებით, მოქალაქეები, რომლებმაც 16 მარტს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირება მოასწრეს, აიცრებიან. რაც შეეხება ახალ მსურველებს, ისინი პორტალზე ვეღარ დარეგისტრირდებიან:

„პორტალი ჯერ ახალია. შეიძლება ამას ტექნიკური ხარვეზიც ვუწოდოთ. ვინც დარეგისტრირდა, გასაგებია, მაგრამ ჯერ არ ვარეგისტრირებთ ხანდაზმულებს“, - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მაკამ ხანდაზმული დეიდა ვაქცინაციის პორტალზე 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაარეგისტრირა. ქალი აცრაზე 22 მარტს უნდა მივიდეს:

„რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივად გავიარე. არსად იყო მითითებული, რომ იმისათვის, რომ დეიდა დამერეგისტრირებინა, ის აუცილებლად მედპერსონალი უნდა ყოფილიყო. ანუ, ასეთი გრაფა პორტალზე ვერ ვნახე. როგორც კი დავარეგისტრირე და ჯავშნის კოდი მოვიდა, გადავრეკე 1522-ზე ინფორმაციის გადასამოწმებლად. თავდაპირველად მითხრეს, რომ დეიდაჩემი ვერ აიცრებოდა, რადგან მედპერსონალი არ იყო და ადგილზე მისულს, აცრა არ გაუკეთდებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთში, თავად დამირეკეს და მითხრეს, რომ დეიდაჩემს შეეძლო აცრაზე მისვლა და რომ პორტალი 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა. ისიც კი მითხრეს, თუკი თავად ვერ მოახერხებს მოსვლას, სპეციალურ მობილურ ჯგუფს შეუძლია ბინაზე მომსახურებაო“.

ასე დაარეგისტრირა დედა ირაკლი ვაჭარაძემაც. სოციალურ ქსელში ნახა პოსტები, სადაც მომხმარებლები წერდნენ, რომ ოჯახის ხანდაზმული წევრები ვაქცინაციის პორტალზე დაარეგისტრირეს. ირაკლის დედამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 17 მარტს უნდა გაიკეთოს:

„როდესაც მეგობრების პოსტები ვნახე, დავრეკე 1522-ზე, სადაც მითხრეს, რომ პორტალი 75 ზემოთ მოქალაქეებისთვის ღია იყო და შემეძლო დამერეგისტრირებინა დედაჩემი. ძალიან ადვილად დავარეგისტრირე დედა. ჯავშნის კოდის მოსვლის შემდეგ, მაშინვე დავრეკე 1522-ზე, საბოლოოდ რომ გადამემოწმებინა, დარეგისტრირდა თუ არა ჯავშანი. თავდაპირველად ვერ იპოვეს კოდი, თუმცა, 3 წუთში დამირეკეს, მითხრეს, რომ დედა დარეგისტრირებულია, ხვალ შეუძლია აცრაზე მისვლა და კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ არასამედიცინო პირებისთვის, რომლებიც 75 წელს ზემოთ არიან, პორტალი ღიაა“.

რადიო თავისუფლება დეტალების გასარკვევად ცენტრალური ონლაინ-კლინიკის ცხელ ხაზს, 1522-საც დაუკავშირდა. ოპერატორმა ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.

შეგახსენებთ, 43 200 დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებითა და ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ, მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. 16 მარტის 14 საათის მონაცემებით, ვაქცინაციის პორტალზე სულ 4456 მედპერსონალი დარეგისტრირდა და 1143 აიცრა, მაშინ, როდესაც, ქვეყანას, ჯამში, 71 ათასი მედმუშაკი ჰყავს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი ქვეყანამ მედპერსონალის 65% უნდა აცრას, რაც დაახლოებით 46 ათასი მედმუშაკია.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. მედპერსონალის აცრის შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პროცესში ჩაერთვება ხანდაზმულთა პანსიონატები და იქ მომსახურე პერსონალი, ჯამში 2000 ადამიანი. ამის შემდეგ კი აცრები ჩაუტარდებათ 75 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და რის-ჯგუფებს.

გეგმის თანახმადვე, 2021 წლის მიწურულამდე, საქართველოს მოქალაქეების 60%, დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

XS
SM
MD
LG