მეორე დღეს კი, 16 მარტს, ასევე მასშტაბურ, აზერბაიჯანის მსგავსად, ასევე მოკლევადიან ტაქტიკურ სამხედრო მანევრებს წამოიწყებს სომხეთი, რომელიც პოლიგონებზე თავს მოუყრის 7 500 სამხედრო მოსამსახურეს და, ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკას.
ორ დაპირისპირებულ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს დაგეგმილი პირველი დიდი სამხედრო მანევრები განსხვავებული მიზნებით ხასიათდება. აზერბაიჯანისთვის, რომელმაც მთიანი ყარაბაღის 42-დღიანი ომის შედეგად კონტროლი აღადგინა 1990-იან წლებში სომხეთის არმიის მიერ ოკუპირებული რეგიონის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, ამჯერად მთავარ ამოცანას წარმოადგენს შესაძლო დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების პრევენცია;
სომხეთს კი სამხედრო ძალის დემონსტრირებით იმის ჩვენება სწადია, რომ, დიდი დანაკარგის მიუხედავად, არმიამ შეინარჩუნა ძირითადი საბრძოლო პოტენციალი და კვლავ ძალუძს მის წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულება.
ანტიტერორისტული ოპერაცია ძნელად მისადგომ რაიონში
ვფიქრობ, რომ ეს სწავლება არ არის შემთხვევითი, რადგან, თუ ადრე აზერბაიჯანის არმია ემზადებოდა ტერიტორიების გათავისუფლებისა და სამხედრო აგრესიის მოგერიებისთვის, დღეს დღის წესრიგში დადგა ტერორიზმის პრობლემა.მეხმან ალიევი
როგორც აზერბაიჯანის არმიის ყველა სამხედრო წვრთნა, 15 მარტს დაწყებული მასშტაბური ტაქტიკური სწავლება გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი დარჩება. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ მანევრები დახურულია მედიისათვის, არამედ თავად მანევრების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და წვრთნის მიზანი.
„წვრთნა ჩატარდება მისადგომად რთულ მთიან რაიონში, ხოლო მთავარი აქცენტი გაკეთდება ჯარების მართვასა და მათ საბრძოლო მზადყოფნაზე, ასევე ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, - ნათქვამია სამხედრო წვრთნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანმა 2021 წლის პირველ მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში ჩააბა 10 000 ჯარისკაცი, 100-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-მდე საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც, ანალიტიკოსების შეფასებით, თანამედროვე ომის სახე სრულიად შეცვალა.
რაც შეეხება აზერბაიჯანული მანევრების გეოგრაფიას, ოფიციალურ ცნობაში მითითებულ ძნელად მისადგომ მთიან რაიონში უნდა იგულისხმებოდეს მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანმა გასული წლის ბოლოს 42-დღიანი ომისა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად დაიბრუნა.
„ოფიციალურად ეს არის სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებისათვის მომზადებას. მასში მონაწილეობს სხვადასხვა სახეობის ჯარი, ხოლო წვრთნის გეოგრაფია ძირითადად მოიცავს ტერიტორიებს მთიანი ყარაბაღის გასწვრივ, სადაც ახლო წარსულში საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა. ვფიქრობ, რომ ეს სწავლება არ არის შემთხვევითი, რადგან, თუ ადრე აზერბაიჯანის არმია ემზადებოდა ტერიტორიების გათავისუფლებისა და სამხედრო აგრესიის მოგერიებისთვის, დღეს დღის წესრიგში დადგა ტერორიზმის პრობლემა. ეს უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სომხეთიდან გადმოდიან სამხედრო რაზმები“, - უთხრა მეხმან ალიევმა, „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარმა რედაქტორმა, რადიო თავისუფლებას.
ამ საფრთხის დასანახავად აზერბაიჯანისათვის საკმარისია ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია. ბაქოს ყურადღება, კერძოდ, მიიქცია სომხეთში გამართულმა დედების აქციამ, რომლის მონაწილეებიც ეწინააღმდეგებოდნენ მათი შვილების ყარაბაღში გაგზავნას სამხედრო ვალდებულების მოსახდელად.
ამას გარდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ტყვედ აიყვანეს 60-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი.
„სომხეთი მოითხოვს დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეთა გადაცემას, რაზეც ბაქო აცხადებს, რომ დაპატიმრებულებზე არ ვრცელდება 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიპარნენ. ბაქო მათ მიიჩნევს ტერორისტებად და აცხადებს, რომ ნებისმიერი სომეხი სამხედრო, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაქოს თანხმობის გარეშე გადავა, განხილული იქნება, როგორც ტერორისტი. ამიტომ აზერბაიჯანის არმიის ამჟამინდელი სწავლება მიზნად ისახავს სწორედ ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ამბობს მეხმან ალიევი.
დიდი მანევრი გენერლების ამბოხის ფონზე
სომხეთში მასშტაბური ტაქტიკური სწავლება 16 მარტს დაიწყება. სომხეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ გრძელდება პრემიერ-მინისტრისა და არმიის მთავარი მამოძრავებელი ძალის, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ღია დაპირისპირება.
როგორც ცნობილია, თებერვალში სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ტიგრან ხაჩატრიანმა, პრემიერ-მინისტრი ღიად დაადანაშაულა იმაში, თითქოს ნიკოლ ფაშინიანს არ ესმოდეს სამხედრო საქმე და „ზედაპირული შეფასებით“ აკეთებდეს არასერიოზულ დასკვნას.
ნიკოლ ფაშინიანმა მისდამი კრიტიკულად განწყობილი გენერალი უმალვე გადააყენა თანამდებობიდან.
მაგრამ სომხეთის გენერალურმა შტაბმა და მისმა უფროსმა, ონიკ გასპარიანმა, გენერალ ტიგრან ხაჩატრიანის მხარე დაიჭირა თანამდებობიდან მისი დაუსაბუთებელი მიზეზით და სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად გათავისუფლების გამო.
განვლილი ომის შემდეგ ყველასთვის გასაგებია, რომ საჭიროა არმიის სრულყოფა და საჭიროა, როგორც იტყვიან, არმიის ტონუსში მოყვანა. გასათვალისწინებელია ყველაფერი, რაც ომის დროს მოხდა, და ამის საფუძველზე არმიის შესაბამისი მომზადება.ალექსანდრ ისკანდარიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გენერალიტეტის ასეთი უპრეცედენტო პროტესტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის, თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მაგრამ ფაშინიანს ამისთვის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება არ ეყო. საჭირო აღმოჩნდა პრეზიდენტ არმენ სარქისიანის თანხმობა, რაც ფაშინიანმა ვერ მოიპოვა.
მოკლედ, ამ დაპირისპირებას კიდევ აქვს გაგრძელება და სწორედ ამ დაპირისპირების, გენერალთა ამ ამბოხის ფონზე იწყება 16 მარტიდან სამდღიანი ფართომასშტაბიანი სწავლება სომხეთში, რაც, მართლაც, გაბედული ნაბიჯია სომხეთის მთავრობის მხრიდან. თანაც, წვრთნაც არის და წვრთნაც.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ ტაქტიკურ მეცადინეობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთო-საჯარისო ქვედანაყოფები და სპეციალური ძალები.
საერთო ჯამში, ეს არის 7 500 ჯარისკაცი, სულ მცირე 290 საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, 100 ერთეული ჯავშანტექნიკა და მთელ ამ არმადას ჰაერიდან ზურგს გაუმაგრებს მოიერიშე ავიაცია.
აზერბაიჯანთან ყარაბაღის 42-დღიან ომში დამარცხებული ქვეყნისათვის ასეთი მასშტაბური სწავლების ჩატარებით სომხეთის ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ, ყველა კრიზისისა თუ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, უცვლელია სომხეთის არმიისადმი მიდგომა და უცვლელია თავად არმიის წინაშე მდგარი ამოცანაც.
„განვლილი ომის შემდეგ ყველასთვის გასაგებია, რომ საჭიროა არმიის სრულყოფა და საჭიროა, როგორც იტყვიან, არმიის ტონუსში მოყვანა. გასათვალისწინებელია ყველაფერი, რაც ომის დროს მოხდა, და ამის საფუძველზე არმიის შესაბამისი მომზადება. რადგან სამხედრო წვრთნა ერთდროულად, აზერბაიჯანის გარდა, თურქეთშიც ტარდება, შემთხვევითი არ არის, რომ სამხედრო მანევრები სომხეთშიც ამ დროს დაიგეგმა. რა თქმა უნდა, წვრთნას აქვს, ასევე, პოლიტიკური მდგენელიც: კერძოდ, მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმებისა, სიტუაცია საკმაოდ დაძაბული რჩება. სომხეთი კვლავინდებურად გარშემორტყმულია, მე ვიტყოდი, არცთუ მეგობრულად განწყობილი ქვეყნებით - აზერბაიჯანითა და თურქეთით. შესაბამისად, ამ სამხედრო წვრთნით ხდება იმის დემონსტრირება, რომ სომხეთის არმია არსებობს და ის განაგრძობს სრულყოფას“, - ეუბნება სომეხი ექსპერტი, ალექსანდრ ისკანდარიანი, რადიო თავისუფლებას.
რუსეთის რეაქცია
და რა სწავლება უნდა ჩატარდეს სამხრეთ კავკასიაში, რომ მასზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინოს რუსეთმა?! მით უმეტეს ახლა, როდესაც, 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, უვადო სამშვიდობო მანდატით აღჭურვეს რუსეთი.
„ჩვენი ინფორმაციით, ეს წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა ჯარების საბრძოლო მდგომარეობის დონის ამაღლების მიზნით და არავითარ საფრთხეს არ უქადის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოცხადებული მასშტაბური წვრთნების დაწყების წინ.
მთიანი ყარაბაღის გამო შარშან, 27 სექტემბრიდან მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.
მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულიად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება. აზერბაიჯანი და სომხეთი შეჩერდნენ დაკავებულ პოზიციებზე. სომხეთმა აიღო ვალდებულება, რომ 1 დეკემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებდა სამ - ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის - რაიონს.
შეთანხმების თანახმად, გასული წლის 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა ყველა ეს რაიონი, გარდა სომხეთისა და სეპარატისტული ანკლავის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც, იმავე 10 ნოემბრის შეთანხმებით, სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს.