Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 მარტს


შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი ევროპარლამენტარების გზავნილების ფონზე

შვედ დიპლომატს, კრისტიან დანიელსონს, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში უახლოეს ხანებში ელოდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოვლენილმა დიპლომატმა, იმ პოლიტიკური კრიზისის კვანძის გახსნა უნდა სცადოს, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებებისა, რომლებშიც უცხოელი დიპლომატები, ე.წ. ფასილიტატორებიც იყვნენ ჩართულნი, შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ შედგა და მეტიც, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმად წავიდა.

კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველომ უკვე მიიღო მკაფიო, შეიძლება ითქვას, ხისტი გზავნილებიც კი ევროპარლამენტარებისგან. 9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული დებატებისას, ევროპელი დეპუტატების განცხადებები იყო ღია და პირდაპირი. ისინი როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებენ, რომ ორივე მხარემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს კომპრომისზე შეთანხმებაში და „თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან“, - ეს უკანასკნელი ფრაზა ეკუთვნის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეპ ბორელს. ის კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ „ვითარება შეიცავს საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“.

ამ გზავნილების ფონზე პოლიტიკური სპექტრი მედიატორთან შეხვედრის მოლოდინშია. როგორ აფასებენ დანიელსონის ჩამოსვლას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური

ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის მედიაში გავრცელებიდან ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე დუმს. პროკურატურამ პირველი განცხადება მესამე დღეს გააკეთა და გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ ვინ, როდის და როგორ ჩაწერა საუბრები.

პროკურატურა, ჯერჯერობით არ დაინტერესებულა საუბრის შინაარსით და სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოკვეთით. გამოძიებას საუბრის შინაარსის ავთენტურობაზე, სავარაუდოდ კითხვები აღარ უნდა ჰქონდეს: 9 მარტს ტელეკომპანია “იმედთან”, ინტერვიუს დროს არც ბერას და არც ანზორ ჩუბინიძეს, "ქართული ოცნების" წევრებისგან განსხვავებით, ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. ორივემ დაადასტურა რომ, ფეისბუკში ბერას მისამართით დაწერილი არასასურველი და უხამსი კომენტარების ავტორებს პოულობდნენ, და როგორც ბერა ამბობს “კანონის, მორალისა და ეთიკის” სრული დაცვით “პასუხს სთხოვდნენ.” ბერამ 9 მარტს, “იმედის” პირდაპირ ეთერში თქვა ისიც, რომ ასე მოიქცეოდა და მოიქცევა ყველა “ქართველი ვაჟკაცი”, რომლის “დედიკოსაც” ვინმე უხეშად მოიხსენიებს.

რა შეფასებები მოჰყვა გახმაურებული სატელეფონო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის პირველ კომენტარს, წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა, აბუსერიძე და მისი მომხრეები კი ამ შედეგთან შეგუებას არ აპირებენ

10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის, გამარჯვებით დასრულდა. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ყრილობაზე რეგისტრაცია ოცდახუთმა დელეგატმა გაიარა, რომლებიც, საერთო ჯამში, ორმოცდაორი ხმის უფლებით სარგებლობდნენ. მოლოდინისამებრ, ორმოცდაორივე ხმა ტყემალაძის აქტივში აღმოჩნდა, რადგან გამარჯვებული კანდიდატის და, ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების მოწინააღმდეგე დელეგატები დარბაზში არც შესულან, გარედან აპროტესტებდნენ ყრილობას.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები „ექსპო ჯორჯიასთან“ დილიდან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ სცადეს ხელი შეეშალათ არჩევნებისთვის. იყო ხმაურიანი სიტყვიერი დაპირისპირებები და რამდენიმე სარაგბო შერკინებაც, მაგრამ დაძაბულობა საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა მალევე განმუხტა.

აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები „ექსპო ჯორჯიაში“ გამართული არჩევნების შედეგთან შეგუებას არ აპირებენ და აქტიური ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

წაიკითხე მეტი.

სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება

დღეს პარლამენტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.

რას გულისხმობს ცვლილებები კანონში: ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ მშენებლების მიმართ ვინც ორჯერ არ დაემორჩილება მოთხოვნას მშენებლობის შეჩერების შესახებ. ეს ქმედება ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარება.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ევროკავშირს უკვე მარტში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების გაფართოება შეუძლია

ევროპის კავშირის ახალი მექანიზმის ძალაში შესვლის შემდეგ ბრიუსელს შეუძლია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციების დაწესება მთელ მსოფლიოში. DPA-ზე დაყრდნობით Deutsche Welle იტყობინება, რომ ეს არის აშშ-ის „მაგნეტსკის აქტის“ ევროპული ანალოგი. სანქციების ახალი პაკეტი უკვე შეიძლება გაფორმდეს 22 მარტს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ევროკავშირში მუშაობდნენ ქვეყნების სიაზე, რომელთაც სანქციები მოელით. მის თანახმად, რუსეთის მოქალაქებთან ერთად ამ სიაში ჩინეთის, ჩრდილოეთი კორეის, ერიტრიის და სამხრეთი სუდანის მოქალაქეები არიან.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, გამოაცხადა, რომ სიაში პუტინის უშუალო გარემოცვიდან ბიზნესმენების შეყვანა, რასაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეები მოითხოვენ, ძნელია, რადგან უფლებების დარღვევაში მათი უშუალო მონაწილეობის დამტკიცება ჭირს.

წაიკითხე მეტი.

უკრაინა აცხადებს, რომ გერმანიასა და საფრანგეთთან დონბასის გეგმა შეათანხმა

უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

მისი თქმით, ახლა მხარეები ელოდებიან რუსეთის რეაქციას. კიევი მოელის, რომ მოსკოვი გამოცხადებს „მზადყოფნას ომის შეწყვეტის და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის, ასევე დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ“.

ამასთან, უკრაინის მთავრობა გამოდის წინადადებით, გაფართოვდეს ეუთოს მისიის შესაძლებლობები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მხრივ.

წაიკითხე მეტი.

ბერა, გაიზარდე!

მოდი დავიწყოთ, ბოდიშით!

გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი იყო, ბოდიშის თქმას ვერ დაასწრებდი. ბოდიშის მოხდა მართლაც არასოდეს არის გვიანი და, მით უმეტეს, ნაადრევიც ვერ იქნება. ასე რომ, წინსწრებით, პრევენციითაც შეიძლება ბოდიშის მოხდა, რაც „პატარა ბერას“ ნერვებსაც დაზოგავს და „დიდი ანზორის“ - დროსაც.

მოკლედ, ბოდიში, პატარა ბერავ!

რატომ „პატარა“, როცა აგერ 26 წლისა მოყრილა?

იმიტომ, რომ „პატარა ბერა“, როგორც ბერა ივანიშვილს გია ვოლსკიმ უწოდა, ათი წლის შემდეგაც პატარაა. დედა მისთვის ისევ დედიკოა, დედიკოს ღირსების დასაცავად კი კვლავ მამიკოს დაქირავებული ძიების იმედი აქვს.

პატარა და იზოლირებულ ბერას შესაძლოა არაფერი სმენია მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი [იგივე „იკა“, იგივე „ტრიი“, იგივე „ანტონი“], ხომ „დიდი ბიჭი“ იყო და ახლა ხომ საერთოდაც მეორედ პრემიერ-მინისტრია? რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსსა და ვინმე „ვახოზე“, რომელიც ახლა სავარაუდოდ შს საქმეთა მინისტრია და ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სტაბილურობიზა?

ისე, როგორ არ შეახსენა ძია ანზორმა, ბერა, GRASSARI JURE, შვილო, NON VI-ო ანუ, იმოქმედეო სამართლით და არ ძალითაო?!

წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგი ბერა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუსა და ფარულ ჩანაწერებზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG