შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რომელი საქმის გამოძიებისთვის და რა სამართლებრივი საფუძვლით წაიღო პოლიციამ სერვერი ოფისის სარდაფიდან, სადაც შიდა და გარე კამერების ჩანაწერები ინახებოდა, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის პარალელურად ოპოზიციური პარტიის ოფისიდან. იურისტები თვლიან, რომ სასამართლო განჩინების გარეშე ოპოზიციური პარტიიდან სერვერების წაღება, დაუშვებელია. არ შეიძლება ტექნიკის ამოღება და ნიკა მელიას დაპატიმრება ერთი ოპერაციაყოფილიყო და ამგვარი ფორმით სერვერების წაღება ოპოზიციური პარტიის ოფისიდან გადაუდებელი საჭიროებით ვერ აიხსნება. მათთვის ამ ფორმით ტექნიკის ამოღება პარტიის ოფისიდან პოლიტიკური დევნის ნაწილია და ფიქრობენ, რომ სამართალმდაცველ ორგანოებს მართებს საზოგადოებას მეტი და მკაფიო ინფორმაცია მიაწოდოს ამ თემაზე.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ყვებიან, რომ სერვერები, რომელიც ოფისის სარდაფიდან იმ დროს წაიღეს, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, ინახავდა ოფისის შიდა სივრცესა და გარე პერიმეტრზე “მაყურებელი” კამერების ჩანაწერებს, რომელთა ასლებიც პარტიას სხვაგან შენახული არ აქვს. დარბეულია დაცვის ოთახი, სადაც ყველა კამერის გამოსახულებისთვის ერთდროულად თვალის დევნება იყო შესაძლებელი, წაღებულია ბლოკი, რომელიც სისტემას მართავდა.
ყველა ის ადამიანი, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებამდე ოფისში მორიგეობდა ან თუნდაც კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავდა, იდენტიფიცირებული იქნება ოფისიდან წაღებული ჩანაწერების დახმარებით - ამბობენ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თანამშრომლები და ფიქრობენ, რომ შესაძლოა სახელმწიფომ მათ მიმართ მომავალში ეს კადრები დევნის საფუძვლადაც კი გამოიყენოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან წაღებული ინფორმაცია მოიცავდა ასევე ნიკა მელიას დაკავების წინმსწრები შტურმის კადრებსაც, რომელიც პარტიას შეეძლო თავად გაესაჯაროვებინა იმის საჩვენებლად, თუ რა მასშტაბის საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა მათ წინააღდეგ - ახლა ეს შესაძლებლობა წართმეულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავებიდან მალევა გაავრცელა ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაღებული კადრები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა და მიზნად ისახავდა საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ ნიკა მელიას დასაცავად პარტიის ოფისში მყოფი ყველა პირი არ იყო მშვიდობიანი და მათი ნაწილი წინააღმდეგობას უწევდა სპეცდანიშნულების რაზმს.
პოლიციამ გარდა სერვერებისა პარტიის ოფისიდან წაიღო რამდენიმე კომპიუტერის პროცესორი - შსს-ს ამის შესახებ არაფერი უთქვამს და არც კითხვებზე სცემს პასუხს. გადაჭრილია გარე პერიმეტრის “მაყურებელი” კამერების კაბელებიც, რაც მათ უფუნქციოდ აქცევს. პარტიამ უკვე მიმართა როგორც შსს-ს და პროკურატურას წერილით, სადაც ითხოვენ განმარტებას, რის საფუძველზე და რა მოტივით ამოიღო პოლიციამ მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, ასევე სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორს, რათა შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებული და არაპროპორციული გამოყენება და პარტიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ინფორმაციის განადგურება და წაღება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ქონდა ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილი სასამართლო განჩინების აღსრულებასთან, რაც მის დაკავებას გულისხმობდა.
“სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ ძალის გამოყენებით ძალადობით იქნა გახსნილი პარტიის შენობაში -1 და პირველ სართულზე არსებული მატერიალური და ელექტრონული არქივები, განხორციელდა სპეციალურად დაცულ სივრცეში განთავსებული ცენტრალურ სასერვერო ოთახში შეღწევა, მათ მიერ დაზიანებულ იქნა იქ არსებული ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც დაცული იყო რკინის კარებებით, მოპარული იქნა პარტიის სხვა და სხვა ქონებამ ხოლო კვალის დაფარვისა და მათ მიერ განხორციელებული უკანონო საქმიანობის დაფარვის მიზნით მოპარული იქნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენრალური ოფისის შუდა და გარე ინტერიერის ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ წარმოებული ვიდეო-გადაღების ცენტრალური ელექტრონული შემკრები მოწყობილობა” - ესაა ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც პარტიამ 23 თებერვალს 4 სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გააგზავნა. ამ წერილით პარტიის აღმასრულებელი მდივანი ენმ-ს დაზარალებულად ცნობას ითხოვს და გამოძიების ყველა ეტაპზე გამოძიების შედეგების გაცნობას მოითხოვს. ამავე წერილის მიხედვით, სამართალდამცველებმა არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ დოკუმენტები და პარტიული ინფორმაციის ნაწილის წაიღეს, ნაწილი კი გაჩხრიკეს.
თუკი პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასმართლოს ჩხრეკისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, მყარი არგუმენტების გარეშე განჩნება ჩხრეკასა და ტექნიკის ამოღებაზე ვერ უნდა მიეღო.
“შსს-მ რაც გააკეთა, ამაზე ბევრი კითხვის ნიშანია” - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას თავმჯდომარე, ნიკა სვიმონიშვილი და ჩამოთვლის იმ კითხვებს, რაზეც არც მას და არც საზოგადოებას პასუხი არ აქვს.
- რას იძიებს შსს, რომელსაც ოპოზიციური პარტიის სერვერების შინაარსის ცოდნა ჭირდება?
- რა მიზნით წაიღეს ეს აპარატურა?
- ჰქონდა თუ არა პოლიციას სასამართლოს განჩინება, რომელიც პოლიციელებს ჩხრეკის და ტექნიკის წაღების უფლებას აძლევდა?
- თუკი განჩინება არსებობდა, რის საფუძველზე გაიცა იგი? რა არგუმენტები წარადგინეს სასამართლოში საგამოძებო სტრუქტურებმა?
იურისტებისვე განმარტებით, ნიკა მელიას დაკავებას და ოფისიდან სერვერების ან კომპიუტერების ამოღებას ერთმანეთთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან ეს ორი სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურაა. ისიც რთულად დასაშვებია, რომ პარტიის მთავარი ოფისიდან ინფორმაციის შემცველი მოწყობილობების წაღება კავშირში იყოს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან, - ეს საქმე ახალა სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს რომ მტკიცებულებების შეგროვება დასრულებულია.
ნიკა სვიმონიშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკურ პარტიასა და მედია ორგანიზაციებში თუნდაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ტექნიკის და ინფორმაციის ამოღება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია დაშვებული. სასამართლო დარწმუნებული უნდ აიყოს, რომ რომ ასეთ შემთხვევაში არ შეიზღუდება პარტიის (ან მედიის) საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლება.
“თუკი განჩინება არსებობდა, მაშინ რა არგუმენტაციით ჩათვალა სასამართლომ რომ ეს ფორმა, პოლიტიკური პარტიიდან სერვერების ამოღება ლიდერის დაკავებისას ხელს არ შეუშლიდა პარტიის საქმიანობას და პოლიტიკურ მოღვაწეობას” - კითხულობს ნიკა სვიმონიშვილი.
“სამართლებრივი საფუძველი დიდი ალბათობით ხელისუფლების მიერ იქნება გამოგონილი, რომ გამართლდეს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ჩარევა” - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ სერვერების ამოღებისას პოლიცია სასამართლო განჩინების გარეშე მოქმედებდა. ასეთ შემთხვევეში, თუკი საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობით აიხსნება, ისევ და ისევ მყარი არგუმენტაციის შემდეგ, მოსამართლემ 24 საათის განმავლობაში უნდა დააკანონოს ეს ჩხრეკა და ამოღება, გამოსცეს შესაბამისი დოკუმენტი.
ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, სერვერების წაღების შემდეგ პოლიციას უჩნდება ვალდებულება, ახსნას რომელი გამოძიების ფარგლებში და რა სამართლებრივი საფუძვლით წაიღო სერვერები ნიკა მელიას დაპატიმრების პარალელურად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი, როგორც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს პასუხები ამ კითხვებზე.
რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს არ ხსნის რისთვის დაჭირდა ეს ტექნიკა პოლიციას. ბუნდოვანი “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ენმ-ს ოფისიდან ამოღებულია სერვერები” განმარტების მიღმა უწყება არ მიდის. ვინაიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად ყველა კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სერვერებსა და პროცესორებში არსებული ინფორმაციის და თავად ტექნიკის დაცულობის საკითხი და შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა რამდენად დაცული იქნება მანიპულაციისგან ან რა მიზნით გამოიყენებს ხელისუფლება შტურმის დროს ამოღებული ტექნიკიდან მოპოვებულ ინფორმაციას.