Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის თინას და სხვა ბავშვების გაურკვეველი მომავალი საქართველოსა და ავსტრიაში


12 წლის თინას ბედი ბოლო დღეების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა ავსტრიაში - ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სწავლობდა, ჰყავს მეგობრები  და რომელიც 27 იანვარს პოლიციის ბადრაგის თანხლებით დატოვა საქართველოსკენ მომავალი სპეცრეისით. 

დეპორტაციის მიზეზი აღმოჩნდა თინას დედის რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობა, მიეღო თავშესაფარი. ავსტრიის საიმიგრაციო სამსახურისთვის ახალგაზრდა ქალის არგუმენტები დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და არალეგალურად ცხოვრების მეოთხე წელს, 6 უარის შემდეგ 12 და 5 წლის შვილებით სამშობლოში დააბრუნეს. თინას დედა ავსტრიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა, თავიდან სტუდენტის სტატუსით, შემდეგ მუშაობის უფლებით - ვენაში დაიბადა თინაც და მისი უმცროსი დაც. 2006 წლიდან 2021 წლამდე ახალგაზრდა ქალი რამდენჯერმე იმყოფებოდა სამშობლოში, თუმცა საემიგრაციო სამსახურს არწმუნებდა, რომ საქართველოში მას ფიზიკურად განადგურების საფრთხე ემუქრებოდა მისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის და შურისძიების მუქარის გამო.

თინას დეპორტაციას გამოსვლები მოჰყვა ვენაში, მისი კლასელები და მასწავლებლები მართავდნენ აქციებს, პოლიტიკოსები კი მსჯელობდნენ, რამდენად ჰუმანურია კანონი, რომელიც ბავშვებს მშობლიური და ბუნებრივი გარემოდან უცხო ადგილას გაურკვეველი მომავლით აძევებს.

თინა, რომელიც ვენის ერთ-ერთ გიმზანიაში სწავლობდა და ქართულზე უკეთ გერმანულ ენას ფლობს, მისთვის ფაქტობრივად უცხო ქვეყანაში 5 წლის დასთან, ლეასთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა. ოჯახს საქართველოში სახლი არ აქვს, ამ დრომდე გაურკვეველია, სად შეიძლება იცხოვროს ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი შვილით, სად ივლიან ბავშვები სკოლასა და ბაღში, როგორ იშოვის ორი შვილის დედა სამსახურს ღარიბ ქვეყანაში, სადაც არასოდეს უმუშავია და დიდი ხანია აღარ უცხოვრია. ახალგაზრდა ქალი ცდილობს ანონიმურად დარჩეს, თინა მხოლოდ გერმანულენოვან მედიასთან ჩნდება. ოჯახის ადგილსამყოფელი საქართველოში მკაცრად დაფარულია.

29 იანვარს, საქართველოში დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ, თინა ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Österreichischer Rundfunk) ეთერში გამოჩნდა. ტელემაყურებლებს მან დაათვალიერებინა ბებიის სახლი, სადაც იმ მომენტისთვის ცხოვრობდა და უთხრა, რომ ავსტრიის დატოვების შემდეგ იმედგაცრუებულია და შიშში ცხოვრობს.

„ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ, ისე არც ისე კარგად. მეგობრები მენატრება, სკოლა. ქართულად მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია, წერა და კითხვა არა. დედაც არ არის კარგად. მან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ავსტრიაში დარჩენის უფლება მიგვეღო. ჩვენთვის ავსტრია ნამდვილი სამშობლოსავითაა. იმედი მაქვს, ჩემი მეგობრები დამეხმარებიან. ისინი მართლაც ყველაფერს აკეთებენ ჩემთვის. ამაყი ვარ მათ გამო. შეიძლება ამ ყველაფერს დიდი დროც დასჭირდეს”, - უყვება თინა ჟურნალისტებს და არ მალავს, რომ არ კარგავს უკან დაბრუნების იმედს.

სოფელში, საიდანაც თინა ავსტრიულ მედიას ონლაინ ესაუბრა, ამბობენ, რომ ოჯახი იქ აღარ ცხოვრობს. საქართველოს ელჩი ავსტრიაში კი ამბობს, რომ თინა სწორედ აქ, სოფელ ტუშურებში ივლის სკოლაში, სადაც მისი ბებია მუშაობს მასწავლებლად. ქეთევან ციხელაშვილმა სოფლის სახელი საჯაროდ მას შემდეგ დაწერა ფეისბუკზე, რაც ერთ-ერთმა ავსტრიულმა გამოცემამ თინას ოჯახის ადვოკატზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც, მათი თქმით, თინას მომავალი სკოლა ჩანდა. ნახევრად დანგრეული, უფანჯრო ერთსართულიანი ნაგებობა სკოლის უკან მდებარე საბავშვო ბაღი აღმოჩნდა გარემონტებამდე. ქეთი ციხელაშვილმა სოფელ ტუშურების სკოლის რეალური ფოტოები გამოაქვეყნდა და თქვა, რომ მართალია, ამ სოფლის სკოლის შედარება ვენის გიმნაზიასთან, სადაც თინა სწავლობდა, არასწორი იქნება, მაგრამ სკოლა, სადაც 12 წლის გოგოს მოუწევს სიარული, არც ისე ცუდია, როგორც ამას ადვოკატი და ავსტრიული მედია წარმოაჩენენ.

„აქ საქმე საქართველოს იმიჯს ეხება ავსტრიაში!

ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი ეს ინფორმაცია გავასაჯაროვო. ცხადია ამაზე კომუნიკაცია გამომცემლობასთანაც გვექნება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემას საქართველოში, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი სკოლა გასარემონტებელი და ბევრი რეფორმა მიმდინარეობს, თუმცა, ისიც ვიცი, რამდენად პრიორიტეტულია ეს სფერო და რამდენი გაკეთდა, რა შედეგებია და რა კეთდება სკოლების, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბევრი სოფლის სკოლა მე თავად მაქვს ნანახი. ჩვენი ბავშვების სასკოლო მზაობის დონე, მათ შორის სოფლებიდანაც, რასაც ასე უსვამს ხაზს ამ სტატიის ავტორი, მერწმუნეთ, საკმაოდ მაღალია.

თუმცა აქ ვენის გიმნაზიასთან შედარება არ არის ჩემი მიზანი.

მიზანი ის არის, რომ საქართველო და მისი იმიჯი არ წარმოჩინდეს დამახინჯებულად!” - დაწერა საქართველოს ელჩმა ფეისბუკის პირად გვერდზე 2 თებერვალს. მისი სტატუსის შემდეგ Der Standart-მა გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ცვლილებები შეიტანა და მკითხველს ბოდიში მოუხადა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. იყვნენ ისეთები, ვინც არაკორექტულად მიიჩნია, რომ საქართველოს ელჩმა საჯაროდ გათქვა ოჯახის წევრების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი.

რადიო თავისუფლება სოფელ ტუშურების სკოლაში ელჩის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, 4 თებერვალს ჩავიდა. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ მეშვიდე კლასში, სადაც შეიძლება თინამ ისწავლოს, სულ 4 მოსწავლეა, მაგრამ ამ დრომდე ოჯახს არც განცხადებით მიუმართავს დირექციისთვის და არც არაფორმალურად უთქვამთ, რომ ამ სკოლაში აპირებენ ბავშვის შეყვანას. სოფელ ტუშურების სკოლაში 50-მდე ბავშვი სწავლობს, აქვე ასწავლის თინას ორი ბებია - ერთი დაწყებით კლასებში, მეორე - ბიოლოგიას. მათგან ერთი მხოლოდ კამერის გარეშე გველაპარაკა და გვითხრა, რომ თინა ჯერაც იმ გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას, სადაც დეპორტაციამდე სწავლობდა. მისი თქმით, პანდემია და დისტანციური სწავლების რეჟიმი მას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს სწავლა თავის სკოლაში, ადვოკატები კი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი შვილიშვილები უკან დაბრუნდნენ. თინას ბებიამ თქვა ისიც, რომ მასაც, ბავშვებსაც და ბავშვების დედასაც მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვთ, უჭირთ და არც სურთ მომხდარზე საუბარი.

ავსტრიული კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაციიდან 18 თვის განმავლობაში არ შეიძლება დაბრუნდე იმ ქვეყანაში, საიდანაც იძულებით გამოგიშვეს. ამ დროისთვის ოჯახს ჰქონდა იმედი, რომ ავსტრიის პარლამენტში დანიშნული განხილვა ბოლო პერიოდის დეპორტირებული ოჯახების შემთხვევების მათ სასარგებლოდ დამთავრდებოდა და შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდებოდა - ეს მოლოდინი არ გამართლდა.

თინას მეორე ბებია (დედის ბიცოლა) კი გვიყვება ამბავს, რომლის გამოც წლების წინ ქვეყანა დატოვა თინას დედამ. მისი თქმით, ახლო ნათესავის ოჯახში მომხდარი მკვლელობის გამო თინას და მისი ოჯახის წევრებს სისხლის აღებით ემუქრებოდნენ. ეს ისტორია თინას დედამ ავსტრიულ საემიგრაციო სამსახურსაც მოუყვა, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილ საქართველოში ვენდეტის ალბათობა არადამაჯერებლად ჟღერდა და ვერავინ დაიჯერა, რომ ახალგაზრდა ქალს მის სამშობლოში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ძმის ცოლის ნათესავები.

სად იცხოვრებს 12 წლის თინა და მისი ოჯახი?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

თინა ერთ-ერთია იმ ბავშვებს შორის, ვინც ავსტრიიდან სამშობლოში იძულებით დააბრუნეს. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ვერ ახერხებენ, დაუმტკიცონ საემიგრაციო სამსახურს, რომ სამშობლოში მათ რეალური საფრთხე ემუქრებათ, ბადრაგის თანხლებით, სადეპორტაციო შენობაში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, ავსტრიას სპეციალური რეისით ტოვებენ. მათი უმეტესობა, ვისაც ეს გზა გაუვლია, ამბობს, რომ ამ დროს შეურაცხყოფას, დამცირებას, იმედგაცრუებასა და გაბრაზებას გრძნობ, თუმცა, არ კარგავ იმედს, რომ ადვოკატების წერილების, საჩივრებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ უკან დაბრუნებას მაინც შეძლებ. ყველა, ვინც თავშესაფარს ითხოვს, ცდილობს ახსნას, რამდენად დიდია განსხვავება მათ სამშობლოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელმაც არ მიიღო, და სადაც, გაურკვეველი სტატუსის მიუხედავად, უკეთ ცხოვრებას ახერხებდა. საემიგრაციო სამსახური ცდილობს ახსნას, რომ თავშესაფარი არა უკეთესი ცხოვრებისთვის, არამედ გადარჩენისთვისაა და მაშინ იღებ, როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ია, გოგი, თორნიკე და სხვები

ია ვენაში 6 წლის წინ, 2015 წლის 25 ივლისს თავშესაფრის მოთხოვნით ჩავიდა ქმარსა და 9 წლის შვილთან ერთად, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი ჰქონდა. ბიჭმა მალევე დაიწყო სკოლაში სიარული, რომელსაც ემსახურებოდა ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი, ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი და დამხმარე, რაც საქართველოში წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. სახელმწიფომ ბავშვს მისცა ეტლი და დაუფინანსა მკურნალობა. თავშესაფარში ცხოვრების დროს ოჯახი იღებდა ფულად შემწეობას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარა და დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტა. იამ ავსტრიაში ყოფნისას კიდევ ორი შვილი გააჩინა, რომლებიც ახლა 3 და 4 წლისები არიან. 2020 წლის ივლისში, ისე, რომ არც კი იცოდა, თუკი სასამართლომ გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ მიიღო, თავშესაფარში პოლიცია მივიდა, ნახევარი საათი მისცა ბარგის ჩასალაგებლად და ოჯახი სამი ბავშვით საქართველოში გამოუშვა.

„ჩვენი დადეპორტება იყო ენით აღუწერელი, ადამიანს რომ ვერ გადასცემ. ჩემი უფროსი შვილი ეტლზეა, ცერებრალური დამბლით და მწვავე ეპილეფსიით. დაგვადგნენ თავზე, წაგვიყვანეს სადეპორტოში. ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა უკვე 14 წლისაა, რომ გაიგო, რომ მოვდიოდით, იცოდა, აქ რა სიტუაციაც დაგვხვდებოდა, ისე განერვიულდა, არც ჭამდა, არც ეპილეფსიის წამალს არ სვამდა, დღეში რამდენჯერმე ჰქონდა შეტევა. იქ იყო დამკვირვებელი, რომელიც ამბობდა, ბავშვი აფერისტობსო, შეგვიყვანეს ოთახში, ბავშვს ნემსი გაუკეთეს, ჩვენ - ხელბორკილები, მეუღლე ცუდად გახდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმის მერე ბავშვს ისე გაუმწვავდა მდგომარეობა, არც ვიცი, როგორ ვუმკურნალო აქ”, - გვიყვება ია. ის ამბობს, რომ საქართველო, იმის მიუხედავად, რომ მისი შვილის მსგავსი დიაგნოზის ბავშვებს არასაკმარის და არასათანადო სამედიცინო სერვისებს აწვდის, ევროპის ქვეყნებს უმტკიცებს, რომ გამართული ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სისტემა აქვს. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი იმიჯი, რომ ქვეყანას გამართული სოციალური სერვისები აქვს, მთავარი ბარიერია, რაც თავშესაფრის მაძიებლებს ლტოლვილის სტატუსის მიღებაში უშლის ხელს.

„გამოძიება დღემდე მიდის, რატომ მოგვექცნენ ასე არაადამიანურად. 6 თვეა სახლში ვართ, გარეთ ბავშვი ვერ გამიყვანია ეტლით, რომ სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს. ბინაც პირველ სართულზე ვიქირავეთ, რომ უფრო ადვილად ავიტანო და ჩამოვიტანო ეტლი ხელით, გადაადგილებაც კი პრობლემაა. რითია აქ უზრუნველყოფილი, მართლა მინდა ამაზე ვინმემ მიპასუხოს. ვინ აგზავნის ევროპაში წერილებს, რომ ამნაირი ბავშვები აქ უზრუნველყოფილია? იქაც ჰქონდა დამბლაც და ეპილეფსიაც, მაგრამ ერთი დღე არ გაუცდენია სკოლა, ყოველ კვირაში მომდიოდა წერილები მისი მდგომარეობის შესახებ”, - გვიყვება ია. მას, თინას ოჯახის მსგავსად, საქართველოში არ აქვს საკუთარი სახლი, სამშობლოში დაბრუნებიდან 6 თვის შემდეგაც გაურკვეველია ბავშვების მომავალი. 14 წლის ბიჭს შეწყვეტილი აქვს სწავლის პროცესი - სკოლა, რომელიც ადაპტირებული იქნება ინფრასტრუქტურულად და უზრუნველყოფილი სპეცმასწავლებლით, ჯერ ვერ იპოვა. სახლში არიან პატარებიც, პანდემიის გამო დაკეტილი საბავშვო ბაღების გამო. არც სამსახურის ძებნის პროცესი მიდის დამაიმედებლად და იამ ისევ არ იცის, როგორ და სად შეიძლება, რომ იცხოვრონ.

ეკატერინე და ანასტასია

2020 წლის ზაფხულში, ავსტრიაში თითქმის 8-წლიანი ცხოვრების შემდეგ, დეპორტაცია გაუკეთეს ეკატერინეს და მის 3 წლის შვილსაც ვენიდან. მისი ამბავი თინას და იას შემთხვევებისგან იმით არის განსხვავებული, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ვენაში ცხოვრობდა, ერთი დღეც არ ყოფილა არალეგალურად. ეკატერინეს არც ლტოლვილის სტატუსით და თავშესაფრით უსარგებლია - 5 წლის განმავლობაში მას სტუდენტის სტატუსი ჰქონდა, ამ დროის გავლის შემდეგ კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეეძლო ჰუმანიტარული ვიზის მიღება და ბინადრობის უფლების მოთხოვნა. ეკატერინემ პირველი უარი მოთხოვნიდან ორ წელიწადსა და რამდენიმე თვეში მიიღო, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაში დახმარებისთვის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა და ფიქრობს, რომ ეს იყო მისი დიდი შეცდომა - მას ეჭვი აქვს, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაცია სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ამ ეჭვს უძლიერებს ის, რომ გასაჩივრებაზე პასუხი, რომელიც ორგანიზაციის გავლით წერილობით უნდა მიეღო, მასთან არ მისულა. ბინადრობის უფლებაზე ოფიციალური უარის მიღებამდე ეკატერინესთან სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, რომელმაც მას და მის 3 წლის გოგონას 10 წუთი მისცა ბარგის ჩასალაგებლად და ნაქირავები ბინის დასატოვებლად.

„ძალიან საშიშ კრიმინალს რომ იპოვი, ეგრე გვექცეოდნენ. 20 ადამიანს გამოგვყვა თითქმის 80 პოლიციელი, ერთ ადამიანზე სამი იყო გამოყოფილი. მანამდე სადეპორტოში სულ გაგვაშიშვლეს მეც და ჩემი შვილიც, ორი საათი დაატარებდნენ ჩემი შვილის პამპერსს, შიგნით რამე ხომ არ იყო დამალული”, - იხსენებს ეკა. ის ახლა დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ჯერ არც ბავშვისთვის უპოვია ბაღი და არც თავისთვის სამსახური. ეკა ამბობს, რომ მისნაირი ახალგაზრდა ქალისთვის წარმოუდგენელი განსხვავებაა საქართველოსა და ავსტრიაში ცხოვრებას შორის.

„აქ ვირივით უნდა იმუშაო სასაცილო ანაზღაურების ფასად. რა ეშველება ამ ქვეყანას, არ ვიცი. მართლა ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა, აქ რომ იმის ნახევარი თუნდაც მედიცინა, თუნდაც დახმარება იყოს… ბავშვი რომ ავად გაგიხდება, არ გეშინია იმ ქვეყანაში, მართლა არ გეშინია. დაზღვევა არის ისეთი, გარანტირებული იქნები, რომ ბოლომდე მიხედავენ. აქ ფეისბუკზე შესვლა მეზიზღება, სულ ვიღაც ბავშვს ვუგროვებთ ფულს, რომელსაც აქ ვერც მკურნალობენ. ჩემს გვერდზე “ნიკორაა”, დავმეგობრდი ამ გოგოებთან, 400 ლარზე მუშაობენ კვირაში 40 საათი, მე აქ ბინა მაქვს ნაქირავები 600 ლარად. ანუ, სრულ განაკვეთზეც რომ ვიმუშაო, ქირაში არ მეყოფა, პატარა ბინა რომ ვიქირაო. იქ მაგ გრაფიკით რომ ვიმუშაო, 1400 ევრო მინიმუმ გაქვს, მეცამეტე ხელფასი, ბონუსები, პრემიები და 400, მაქსიმუმ 500 ევროდ ბინას იქირავებ. ანუ, ხელფასი ბინის ფასზე სამჯერ მეტი გაქვს. იმხელა სხვაობაა, ასეთ რამეებს რომ ადარებ, მართლა ვერ გინდება აქ დარჩენა”, - ითვლის და ანგარიშობს ეკატერინე, რომელიც უკან დაბრუნების გზებს ეძებს. ბავშვთან ერთად უკან დაბრუნება უფრო რთულია. ეკას კარგად ახსოვს ის დრო, როცა მისი მსგავსი ისტორიის მქონე ქართველები ბევრად მარტივად იღებდნენ ევროპის ქვეყნებში ბინადრობის უფლებას, ლტოლვილის სტატუსს, მოქალაქეობასაც კი. სავიზო ლიბერალიზაციისა და ევროპის ქვეყნების მიერ, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის აღიარების შემდეგ, ეს პროცესები ძალიან გართულდა - იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სიღარიბე, უმუშევრობა და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, ევროპის კართან თავშესაფრის მთხოვნელები სხვა, უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებიდანაც მოდიან და ის კარს აღებს მისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მაგალითად, ავღანეთიდან, ჩეჩნეთიდან, სირიიდან დევნილებისთვის.

„2017 წლის მერე, რაც ვიზალიბერალიცია გვაქვს, საქართველოს ისეთი საბუთები აქვს გაგზავნილი, ქულებს იწერს თუ რას შვრება, არ ვიცი. ჯანდაცვა ყველაზე მაგარი გვაქვს, ხელფასებზე უწერიათ, რომ მინიმალური ხელფასი 500 ევროა, ამბობენ, რომ სოციალური დახმარებები იმხელაა, მთელ თვეს გაიტან თავს ამ ფულით. რომ ჩამოვედი, ერთი თვე შოკში ვიყავი, ისეთი ფასებია”, - ამბობს ეკა.

ორგანიზაცია „ფრონტექსის“ დამკვირვებელი, ირმა ცირამუა, რომელიც მონიტორინგს უწევს ავსტრიიდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში დეპორტაციის პროცესსაც, ამბობს, რომ ყველაზე მძიმე და მტკივნეული ისეთი ადამიანების სამშობლოში დაბრუნებაა, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ.

„სიმსივნით დაავადებულები და ინვალიდი ბავშვები, მართლა ძალიან მტკივნეულია. მეც საქართველოდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ეს ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, სადაც არ უნდა მუშაობდეს ადამიანი, ვერ შეძლებს, ის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რასაც ისინი აქ, თავშესაფარში ცხოვრების დროს იღებენ. რა თქმა უნდა, ისინი გამწარებულები არიან ხოლმე და მეც ძალიან გული მტკივა ხოლმე, ამას რომ ვუყურებ.

ვიზალიბერალიზაციის შედეგად მოთხოვნები არ არის მნიშვნელოვნად შემცირებული, მაგრამ თუ პოლიტიკური დევნა არ იკვეთება, თითქმის არც ერთი სხვა მიზეზით მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ეკონომიკური სიდუხჭირე არ ითვალისწინებს თავშესაფარს”, - ამბობს ირმა. ის ჰყვება, რომ დეპორტაციის პროცესი ძალიან რთული და ემოციურად სტრესულია, რომელსაც ახლავს თვითდაზიანების მცდელობები, აგრესია და ძალადობა პოლიციელებზე, დამკვირვებლებზე და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, სისტემატურად გადიან გადამზადებას, ყველას არ შეუძლია ასე მუშაობაო, ამბობს ირმა.

რა იქნება მერე

იმის მიუხედავად, რომ ემიგრაცია, დეპორტაცია და დებატები საემიგრაციო პოლიტიკაზე არც ევროპისთვის და არც კონკრეტულად ავსტრიისთვის სიახლე არ არის, 12 წლის თინა ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მთავარ ამბად იქცა. მედია მანამდეც ფართოდ აშუქებდა ამ საკითხებს, თუმცა ყველაფერი ერთად: აქციები, პეტიციები და საჯარო პოლიტიკური განხილვები ხშირი არ არის. თინას შემთხვევის მასობრივმა განხილვამ გააჩინა რამდენიმე სხვადასხვაგვარი მოლოდინი: საზოგადოების ერთ ნაწილს იმედი გაუჩნდა, რომ ავსტრიას შესაძლოა შეერბილებინა თავის ტერიტორიაზე დაბადებული და იქ გაზრდილი ბავშვების მიმართ საკუთარი პოზიცია, სხვები ფიქრობდნენ, რომ პირიქით, შესაძლოა საბუთების განხილვის პროცესი თავშესაფრის მაძიებლებისთვის უფრო დაჩქარდეს და შესაძლოა, მეტად ზედაპირულიც გახდეს. არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს მორიგი, „ევროპული აღშფოთებაა”, რომელიც მალე გადაივლის და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე.

ამ დრომდე მსჯელობა მიდის იმაზე, რამდენად სამართლიანია კანონი, რომელიც ავსტრიაში დაბადებულ და კარგად ინტეგრირებულ, ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვს, მშობლების განუსაზღვრელი სტატუსის გამო, მისთვის ნაკლებად ნაცნობ ქვეყანაში პოლიციური ძალით აბრუნებს. პასუხს ამ კითხვაზე ართულებს ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბავშვი და მშობელი ერთმანეთს არ უნდა დააშორო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის თანახმად, თინას შემთხვევაში კანონი არ დარღეულა, არალეგალურად რამდენიმე წლიანი ცხოვრების და თავშესაფარზე არაერთი უარის შემდეგ, პოლიცია იძულებული იყო, ქალი ბავშვებით სამშობლოში დაებრუნებინა.

4 იანვარს ავსტრიის ოპოზიციური პარტიების ინიციატივით პარლამენტს უნდა განეხილა იმ ოჯახების განცხადებები, რომლებსაც ჰუმანიტარულ ვიზაზე უარის მიღების შემდეგ წინა კვირაში ქვეყნიდან დეპორტაცია მოუწიათ. მათ შორის იყო თინას ოჯახიც. თუმცა ინიციატივის განხილვას შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ, ხმები დააკლდა - მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ მწვანეთა პარტიის წევრები, რომლებიც თინას მხარდამჭერი აქციებისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ. საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ მწვანეთა პარტია, რომლის პარტიის თავმჯდომარემ, ავსტრიის ვიცე-კანცლერმა ვერნერ კოგლერმა „არაადამიანური და უპასუხისმგებლო” უწოდასაზოგადოებაში კარგად ინტეგრირებული გოგოების დეპორტაციას”, მხარს დაუჭერდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. მწვანეთა პარტიის განმარტებით, ისინი მოერიდნენ კრიზისის შექმნას, რაც შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების შემდეგ დამდგარიყო.

ამ დრომდე გროვდება ხელმოწერები ონლაინ პეტიციაზე, რომელიც თინას და მისი ოჯახის ავსტრიაში დაბრუნების მოთხოვნით შეიქმნა - პეტიციას 38 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პარალელურად აქტიურობს მოძრაობა SOSMITMENSCH, რომლებიც მოითხოვენ, ავსტრიაში დაბადებულ ბავშვებს ავტომატურად მიენიჭოთ ავსტრიის მოქალაქეობა. მათი გათვლებით, ყოველდღე 45 ბავშვი მაინც იბადება ავსტრიაში ისეთი, რომელიც არ არის ავსტრიის მოქალაქე და ამგვარი ადამიანების ჯამი 220 ათასზე მეტია მთელს ქვეყანაში.

სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ აქტუალურია კადრები, სადაც ჩანს, როგორ ემშვიდობებიან ბავშვები სადეპორტაციო შენობაში მყოფ მეგობარს კედლის მიღმა.

XS
SM
MD
LG