ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ასაჯაროებს თითქმის 12 წუთიან სატელეფონო საუბარს, რომელის პროკურატურის მიერ ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფარგლებშია მოპოვებული. ჩანაწერში ივერი მელაშვილი თავის კოლეგას, სავარაუდოდ საქმის ერთ-ერთ მოწმეს, გივი კეკელიძეს ელაპარაკება რუკებზე, რომლითად ქართული და აზერბაიჯანული მხარე საზღვრის დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდნენ და ასევე შეთანხმებულ და შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. საუბარში ნახსენებია დავით გარეჯის მონაკვეთიც, რომელზეც ივერი მელაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარის სურვილის მიუხედავად, შეთანხმებულიყო კარტოგრაფიული მონაცემების მიხედვით, რაც ქართული მხარისთვის არასასურველი პოზიცია იყო, ამ დრომდე შეთანხმებული არ არის. ივერი მელაშვილთან მოლაპარაკე პირი ჩანაწერში ამბობს, “ეგ რომ ეგრე შეგეთანხმებინა, ბოძზე იქნებოდი გაკრული.”
გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, ჩანაწერი 25 სექტემბერს არის გაკეთებული, ამ დროს ივერი მელაშვილი მოწმის სახით ჯერ დაკითხული არ არის. მას ოქტომბრის დასაწყისში დაიბარებენ პროკურატურაში პირველ გამოკითხვაზე. ჩანაწერში მეორე პირი, სავარაუდოდ გივი კეკელიძე, არაერთი წლის განმავლობაში იყო საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი.
გიორგი მშვენიერაძე ჩანაწერის გამოქვეყნებისას აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარი რამდენიმე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ:
- ყველა შეთანხმებული მონაკვეთი შეესაბამება 1938 წლის საზღვრის ხაზს;
- საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მორიგე რუკებით, რომელიც 1942 წელს არის გამოცემული და მასზე დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი;
- გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია (ჩვენმა მხარემ არ დაუშვა მისი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად აზერბაიჯანის სასარგებლო სიტუაცია იყო;
მართლაც, ჩანაწერში ივერი მელაშვილი სავარაუდოდ მის კოლეგას უყვება, რომ კომისია ყოველთვის ხელმძღვანელობდა 1938 წელს შეთანხმებული საზღვრის ხაზით, იმის გამო, რომ ორივე მხარეს ამ დროს შედგენილ 1: 500 000-იანი მასშტაბის რუკაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და ეს იყო იურიდიულად გამართლებულიც და საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაც. ივერი მელაშვილი ამბობს იმასაც, რომ პერიოდულად აზერბაიჯანული მხარე ითხოვდა გვიანდელი პერიოდის ე.წ. “მორიგე რუკების” გამოყენებას, რომელიც საქართველოს მიერ ხელმოწერილი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ წლების წინ აზერბაიჯანული მხარე ამ კარტოგრაფიულ დოკუმენტაციას არ აღიარებდა, ითვლებოდა ორივე მხარის მხრიდან შეუთანხმებლად და ამის გამო, ქართული მხარე ახერხებდა დასაბუთებული უარის თქმას აზერბაიჯანული მხარისთვის რიგ შემთხვევებში უფრო ხელსაყრელი მორიგე რუკების გამოყენებაზე. ივერი მელაშვილი ამ სატელეფონო საუბრისას სხნის იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში, რუკების შედგენისას იყენებდნენ 1942 წელს გამოცემულ 1:100 00-იანი მასშტაბის რუკასაც, იმის გამო, რომ სამუშაოდ უფრო ადვილი იყო და საზღვრის დაბეჭდილი ხაზი ზუსტად მიუყვებოდა 1938 წელს შეთანხმებულ საზღვრის ხაზს.
“რაღაცა ხო უნდა აგვეღო, უნდა აგვეღო ორმხრივად შეთანხმებული საზღვრის ხაზი სადაც არის. მორიგე რუკები კი არის გამოცემული, მაგრამ ორმხრივად არ არის შეთანხმებული. ერთხელ ადრე, 60-იან წლებში [1963 წელს] ჩვენმა პრეზიდიუმმა მოაწერა ხელი საზღვრის ხაზს, მაგრამ იმ მხარემ არ მოაწერა ხელი და ვინაიდან ორმხრივად არ იყო შეთანხმებული, ჩვენი მხარე იმას მიაწვა, რომ ორმხრივად შეთანხმებული არის მხოლოდ 1938 წლის ხაზი. მაგეებს [აზერბაიჯანულ მხარეს] ცხადია თავის საწყისი ქონდათ, ამბობდნენ, ის საზღვრის ხაზი ავიღოთ, რაც მორიგე რუკები არის, მაგრამ კომისიამ სამართლებრივად უთხრა, რომ ორმხრივად შეთანხმებული საზღვრის ხაზი აიღო."
“1942 წლის გამოცემის რუკებზე იყო დატანილი 1938 წლის ხაზი, რუკა იყო 100 000-იანი მასშტაბით და ამასაც შედარებულია - ტექნიკურად ძირითადად ამაზე ვიმუშავეთ, პროფესიონალური რუკაა, წესიერი რუკაა, დაბეჭდილი არის ზედ საზღვრის ხაზი. პროფესიონალურად წვრილმასშტაბიანი რუკიდან მსხვილმასშტაბიანზე რომ გადმოიტანო რაღაც, არაპროფესიონალური მიდგომაა, იმის გამო, რომ ბევრი შეცდომა შეიძლება დაიშვეს. შესაბამისად, ვისარგებლეთ 1942 წლის გამოცემის რუკებით, 100 000-იანი მასშტაბის, რომელზეც საზღვრის ხაზი დაბეჭდილი იყო და ეს დაბეჭდილი საზღვრის ხაზი პრინციპში ძირითადად როგორც 1938 წელში იყო, ისე იყო დაბეჭდილი.
აზერბაიჯანმა თავში ხელები წაიკრა, ეს რომ ნახა, ამდენი პრეტენზია… პატარა პრეტენზიები კი არ გვაქვს, სხვაობა დიდი გვაქვს, თუ სწორად მახსოვს, 5400 ჰექტარი იყო თუ რაღაც ეგეთი. 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებულ ხაზსა და მომდევნო წლებში დაბეჭდილ რუკებს შორის. ყველგან კი არ იყო სხვაობა, სადაც სხვაობა არ იყო, ის მონაკვეთები შევათანხმეთ პრაქტიკულად.” - ამბობს ჩანაწერში ივერი მელაშვილი. აქვე ის ხსნის, რომ რუკების შედარებისას შესაძლოა არსებობდეს გადაცდომა, თუმცა ვინაიდან სიზუსტე ფარდობითი ცნებაა, არსებობს დასაშვები სიზუსტის ცნებაც და ქართული მხარის მიერ შედგენილი რუკები ამ ფარდობით სიზუსტედ იცავდა.
“სიზუსტე ფარდობითი ცნებაა, ის [რუკები] არის დასაშვები სიზუსტით. საქმე იმაშია, რომ 1942 წლის რუკაზე დაბეჭდილია, კარტოგრაფიულად დაბეჭდილი საზღვრის ხაზია რუკათმწარმოებლის მიერ. დანარჩენი შედარება, დიდი სხვაობა რომ არ გაგექცეს, ის ჩვეულებრივად მექანიკურად მოხდა, ცხადია, რაც ხელგვეწიფებოდა. სადაც სხვაობა არ იყო ის მონაკვეთები შეითანხმეს, სხვაობა დაახლოებით 13-14 მონაკვეთზე გვაქვს, სადაც დიდი სხვაობა გვაქვს დაფიქსირებული. ერისიმედთან არ არის სხვაობა დაფიქსირებული, ვამბობთ რომ ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის საზღვართან აშენებული სოფელია” - ამბობს ივერი მელაშვილი.
პროკურატურამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაში ყოფნის მეოთხე თვეს, როცა სასამართლო პროცესამდე 10 დღე იყო დარჩენილი. მხარეებს წინასასამართლო სხდომამდე ერთმანეთისთვის იმ მოპოვებული მტკიცებულებების გაცვლის ვალდებულება აქვთ, რაც სურთ რომ სასამართლო პროცესზე წარადგინონ. პროკურატურა ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრისას ამბობდა იმასაც, რომ ამ ჩანაწერებიდან იკვეთება დანაშაულის მოტივი და ის, რომ კარტოგრაფები მაღალი თანამდებობის პირების დავალებებს ასრულებდნენ, როცა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ათანხმებდნენ საზღვრის ხაზს. პროკურატურას ამ დრომდე არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირების დავალების შესრულებას ედავება წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს და არც ის უთქვამს, საზღვრის რომელი მონაკვეთები შეათანხმეს ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მაშინ, როცა სადავო მონაკვეთებზე, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთზე, მხარეებს შეთანხმება ამ დრომდე არ აქვთ მიღწეული.
პროკურატურამ ფარული ჩანაწერების ნაწილი მანამ გაასაჯაროვა მედიასთან, სანამ მათ ბრალდებულების ადვოკატებს გადასცემდა. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული 15 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი ივერი მელაშვილის მონაწილეობით მის სამუშაო ოთახში, საგარეო საქმეთა სამინისტროშია გადაღებული და მასა და კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის, მალხაზ მიქელაძის დანაწევრებულ საუბარს წარმოადგენს. პროკურატურამ ასევე გამოქვეყნა 20 წამიანი ჩანაწერი, სადაც ნატალია ილიჩოვა არაიდენტიფიცირებულ კაცს ელაპარაკება პირად კომპიუტერში დაცულ ინფორმაციაზე.
ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო სხოდმა 28 იანვარს, დღის 2 საათზეა დანიშნული.