Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც მალე დაიწყებს კერძო სექტორი კოვიდის ვაქცინისთვის ბრძოლას, მით მალე ავიცრებით - სწორია თუ არა ეს მოსაზრება?


საქართველოს სურს,  2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მოსახლეობის 60 პროცენტი, თუმცა ამ სურვილის რეალურობა საეჭვოა. 

ბლუმბერგის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც წელს ვაქცინას მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის მიიღებენ. სახელმწიფო ამ დრომდე რჩება ქვეყანაში ვაქცინის ერთადერთი შემომტანი და კერძო კომპანიების მიერ კომერციული მიზნებით ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას მხოლოდ მომავალი წლისთვის განიხილავს.

  • რა მოხდება, თუკი სახელმწიფოსთან ერთად კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან ვაქცინის მოსაპოვებლად გამართულ მარათონში?
  • იქნება ეს შესაძლებლობა მეტი ხარისხიანი ვაქცინის მოსაპოვებისთვის უფრო მოკლე დროში თუ შეუძლებელი მისია მსოფლიოში ვაქცინაზე ჭარბი მოთხოვნის გამო?
  • რატომ აყოვნებს სახელმწიფო კერძო ინიციატივებს - ვითარებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად თუ იმის გამო, რომ ვაქცინის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის სათანადოდ ვერ იაზრებს?

18 იანვარს საქართველომ “კოვაქს” პლატფორმას აცნობა, რომ მზად არის მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია. ერთი დღის შემდეგ, 19 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვაქცინის სამართლიანად განაწილების პერსპექტივა საფრთხის ქვეშაა. იმის გამო რომ შეზღუდული რაოდენობის ვაქცინების მისაღებად მდიდარი ქვეყნები "კოვაქსის" გვერდის ავლით, ხელშეკრულებებს პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან აფორმებენ, პლატფორმას თავად უწევს კონკურენციაში შესვლა, მან შესაძლოა ვერ უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის ვაქცინის მობილიზება. ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები კოვაქსთან ერთად ელოდებიან, როდის მოვა მათი რიგი. მათ შორის საქართველოც.

“სწორია, როცა მთავრობები ცდილობენ პირველ რიგში აცრან ჯანდაცვის მუშაკები და მოხუცებულები, არ არის სწორი, როცა ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები მდიდარ ქვეყნებში იცრებიან მანა, სანამ ღარიბი ქვეყნების მედიცინის მუშაკები და მოხუცებულები ვაქცინას ელოდებიან” - ასეთი იყო ჯანმოს პოზიცია 18 იანვარს. ამ დროისთვის მწარმოებლებთან 56 ქვეყანას ჰქონდა გაფორმებული ბილატერალური კონტრაქტი ვაქცინის მწარმოებლებთან. 39 მილიონი დოზა შეკვეთილი ვაქცინებიდან მსოფლიოს მაღალშემოსავლიან 49 ქვეყანაზე ნაწილდებოდა.

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის შემოტანას 12 იანვარს დაგვპირდა. თავად Pfizer-მა 16 იანვარს თქვა, რომ წარმოებას ცვლის, რის გამოც, ორჯერ ამცირებს ვაქცინის მიწოდებას. ამ პერიოდში რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა - რამდენად რეალურია, რომ ვაქცინის მოპოვების და შემოტანის პროცესში ხელისუფლებამ ჩართვის უფლება კერძო კომპანიებს მისცეს? თამარ გაბუნიამ თქვა, რომ კერძო კომპანიებს კომერციული მიზნებით ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა მომავალ წლამდე არ ექნება. თავად სახელმწიფოს, რომელიც მონოპოლიას ინარჩუნებს დეფიციტური ვაქცინების შემოტანაზე ამ დრომდე არ წარუდგენია დოკუმენტის სახით ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი მთელი ის პროცესი, რაც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

რა გაკვეთილი ვისწავლეთ იქიდან, როცა კერძო სექტორს არ ჰქონდა ტესტების შემოტანის უფლება?

პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო, სახელმწიფო თითქმის ანალოგიურად იქცეოდა - ქვეყანაში ცოტა ტესტი კეთდებოდა და ტესტირების პროცესი მთლიანად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო. კომერციულ ლაბორატორიებს კორონავისურუსის ტესტების შემოტანის და გაკეთების უფლების მისაღებად რამდენიმე თვე დაჭირდა, სახელმწიფო კი ტესტების შესასყიდად თითქმის ფინალამდე მიყვანილი რამდენიმე შესყიდვა გააუქმა სხვადასხვა მიზეზით. სახელმწიფოს ამ მიდგომის შედეგად დღეში ათასზე მეტი ადამიანის გატესტვა კორონავისურზე მხოლოდ მაისის თვეში გახდა შესაძლებელი, კორონავისურის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან პირველ სამ თვეში კი ტესტირებულთა საერთო რაოდენობამ 50 000-საც ვერ მიაღწია. ამ რაოდენობის ტესტს საქართველო ახლა მხოლოდ ერთ კვირაში ატარებს.

“სახელმწიფო თუკი კერძო კომპანიებისთვის დაუშვებს ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, რამაც ტესტების შემთხვევაში ნამდვილად გაამართლა და ასეც იყო საჭირო, ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს: ვაქცინის ხარისხის კონტროლი. თუ ის [ვაქცინა] დამტკიცებული იქნება ევროპის ან ამერიკის რეგულატორის მიერ, მაშინ მისი შემოტანა არანაირი პრობლემა არ იქნება” - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი პრეპარატის შემოტანის უფლებას საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. შესაბამისად, მკაცრი ჩარჩოს დადგენა, თუ რომელი ვაქცინები შეიძლება შემოიტანონ კერძო კომპანიებმა საქართველოში კორონავისურის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოსთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

დეფიციტის პირობებში, ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტს, პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრს ვატო სურგულაძეს, არარეალურად მიაჩნია, რომ კერძო სექტორი უფრო სწრაფად შეძლებენ ვაქცინის შემოტანას ვიდრე სახელმწიფო, თუმცა ფიქრობს, რომ შანსი ყველას უნდა ჰქონდეს:

“პანდემიის დროს ვაქცინის კომერციალიზაცია იმას ჰგავს, ომის დროს ტყვიას რომ მეომრები ყიდულობდნენ, ზოგი გადარჩება, ზოგი ვერა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამგვარი პროდუქტებით მოსახლეობა” - ამბობს ვატო სურგულაძე.

ვაქცინაციის კომერციალიზაციის შემთხვევაში, მათ, ვისაც სახელმწიფოს მიერ შედგენილი გეგმის თანახმად შედარებით გვიან უწევთ აცრა (მაგალითად, 50 წელს ქვემოთ, ქრონიკული დაავადების არმქონე პირებს), თუმცა სურთ გაიკეთონ ვაქცინა საკუთარი სახსრებით, გაცილებით ადრე შეეძლებოდათ ამის გაკეთება, ვიდრე სახელმწიფო პროგრამით მოუწევთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, არაერთ ადამიანს ვაქცინაცია მუშაობის, სხვა ქვეყნებში სამუშაო კონტრაქტის გასაგრძელებლად თუ დასადებად ან/და საქმიანი მოგზაურობისთვის სჭირდება.

“ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დროულად ჩატარება და მეტ-ნაკლებად ცხოვრების ნორმალურ ტემპთან დაბრუნება არის ნომერ პირველი ამოცანა დღეს ქვეყნისთვის - ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. ნებისმიერი კონკურენცია ამ პროცესს გააუმჯებესებდა, თუმცა გასათვალისწინებელია მსოფლიო დეფიციტიც ვაქცინაზე. კერძო კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ, ძირითადად ყველგან ქვეყნის მთავრობები ყიდულობენ, რომლებიც უშუალოდ გადიან მწარმოებელზე” - ამბობს ვატო სურგულაძე. ის ფიქრობს, რომ არაფერი უდგას წინ მთავრობის მიერ კერძო სექტორისთვის ამ შესაძლებლობის მიცემას და არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში არც ჰქონდეთ ნაფიქრი იმაზე, რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს სხვა მოთამაშეების შემოსვლა ვაქცინაციის შემოტანის პროცესში.

“კერძო კომპანიებს შემოტანის საშუალებას რომ მისცემ, დიდია შანსია, რომელიმემ მართლაც შემოიტანოს. მერე კიდევ უფრო გაიზრდება სახელმწიფოზე წნეხი, თუკი კერძო კომპანია ამას ახერხებს, სახელმწიფოს რატომ არ გამოსდის. გავიხსენოთ, რა ჰქნეს პირბადის შემთხვევაში, როცა თქვეს, ჩვენ გავაკეთებთ პირბადესო და სამარცხვინო დოლბანდები გააკეთეს. იგივეს აკეთებენ ახლაც. ჰგონიათ, რომ ძალაუფლება იმისთვის აქვთ, რომ ყველაფერი აკონტროლონ. საბოლოო ჯამში ვერც აკონტროლებენ.

საინფორმაციო კამპანიასაც მაგიტომ ვერ აკეთებენ, რომ მოთხოვნა არ გაიზარდოს. როგორც კი კამპანიას აკეთებ და ამბობ, რომ ვაქცინაცია კარგია, მოლოდინი და მოთხოვნა იზრდება. ეს კამპანია რომ ჩაატარონ, მოსახლეობა მობრუნდება და იკითხავს, თუ კარგია, აბა სადაა?” - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ის სკეპტიკურად უყურებს საქართველოში pfizer-ის ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას და ფიქრობს რომ ყველაზე რეალისტურია აპრილში სამედიცინო პერსონალის ასაცრელად AstraZeneca-ს ველოდოთ მისი ფასის და შენახვის უფრო მოხერხებული პირობების გათვალისწინებით, წლის ბოლომდე კი მოსახლეობის 60%-ის აცრა სრულიად არარეალურად ეჩვენება.

ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ჩატარება და მოპოვებული ვაქცინის ხარჯვა პრობლემა აღმოჩნდა მოსახლეობის განწყობებისა და შიშების გამო. 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში მხოლოდ 2,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც დიდად ჩამოუვარდებოდა მთავრობის გეგმას, 20 მილიონის ვაქცინაცია ჩატარებულიყო წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ხელმისაწვდომი დოზების რაოდენობა უკვე საკმარისი იყო თითქმის 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად, თავად ვაქცინაციის პროცესი მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობდა. ნიუ-იორკ თაიმსის 15 იანვარს განახლებული მონაცემებით, ამერიკის შტატებიდან ვაქცინის ათვისების ყველაზე მაღალი, 68%-იანი მაჩვენებელი ჩრდილოეთ დაკოტას აქვს. შტატების უმეტესობაში ვაქცინის ათვისების მაჩვენებელი 50%-ზე დაბალია, მთელი ამერიკისთვის კი ჯამურად გამოყოფილი ვაქცინიდან მხოლოდ 39%-ია გამოყენებული.

ას სულ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით მოწინავე ქვეყნების სიაში ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს უსწრებს ისრაელი (8 მილიონი მოსახლეობით), გაერთიანებული ემირატები, ბაჰრეინი და დიდი ბრიტანეთი, რომელიც თავის მხრივ მკვეთრად უსწრებს სხვა ევროპულ ქვეყნებს. ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ისრაელის შემთხვევა ჩვენთვისაც საგულისხმოა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირადად იყო ჩართული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებებში.

“თვითონ ურეკავდა კომპანიის დირექტორებს, თვითონ ელაპარაკებოდა ფაიზერსაც და მოდერნასაც, პრემიერ-მინისტრის დონეზე იყო ეს პროცესი მართული. შედეგად, იმდენად სწრაფად და კარგად მიდის ისრაელში ეს პროცესი, მე არ გამოვრციხავ აპრილში უკვე სრულად გაიხსნას ქვეყანა” - ამბობს ის.

ვაქცინაციის ნელი პროცესი პრობლემურია: დაბალი ტემპების შემთხვევაში, ერთი მხრივ, რისკ-ჯგუფების მოცვამდე ვაქცინა ვერ აღწევს ახალგაზრდა, ეკონომიკურად და სოციალურად უფრო აქტიურ მოქალაქეებამდე და მეორე მხრივ, ქვეყნები, რომლებიც ეტაპობრივად მიიღებენ მაგალითად კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინებს, ვაქცინის დახარჯვამდე მარაგებს ვერ განაახლებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ან კლინიკებს ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფო, ხარჯებსაც დაზოგავდა და ეკონომიკური საქმიანობის სრულად და უსაფრთხოდ განახლების შანსებსაც გაზრდიდა. ამ გზით ვაქცინა უფრო ადრე მივიდოდა მათთან, ვისაც სასიცოცხლოდ ჭირდება აცრა აქტიური ცხოვრების წესთან დასაბრუნებლად და ფულიც აქვს მის შესაძენად. ასე ფუნქციონირებს მაგალითად გრიპის ვაქცინაციის სისტემა საქართველოში - სახელმწიფო რისკ-ჯგუფების აცრას უზრუნველყოფს, ყველა დანარჩენის აცრაზე სადაზღვევო ორგანიზაციები და კერძო ჰოსპიტალები ზრუნავენ.

“გრიპის გაქცინაზე გახსოვთ როგორ იყო? ჩვენ რომ ვამბობდით მასობრივად შემოვიტანოთ ვაქცინა და ავცრათ რაც შეიძლება მეტი, ამირან გამყრელიძე გამოვიდა და თქვა, რომ 150 ათასი სახელმწიფომ შემოიტანა, ამდენივე კერძო კომპანიებმა და მეტი არც გვჭირდება, არ აიცრება და ვაქცინა გამოუყებლად გაგვიფუჭდება, ხალხი მაინც არ იცრებაო. ახლაც ასე წავლენ. 20% არის დაახლოებით ის რაოდენობა, რაც ნამდვილად ავიცრებით, დამატებით შეიძლება კიდევ 15% დაარწმუნო, ამ 20%-ს რაიმე გზით იშოვიან და იმედი აქვთ, რომ დანარჩენი მოსახლეობა არც მოითხოვს” - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

წლების მიხედვით საქართველოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რაოდენობა ასეთი ტემპით იზრდებოდა:

წელი

ვაქცინების რაოდენობა

2013-2014 წლების სეზონი

4000

2014-2015 წლების სეზონი

8000

2015-2016 წლების სეზონი

10 000

2016-2017 წლების სეზონი

20 000

2017-2018 წლების სეზონი

27 000

2018-2019 წლების სეზონი

48 935

2019-2020 წლების სეზონი

100 000

2020-2021 წლების სეზონი

235 000

თუკი მთავრობა ვაქცინის მოპოვებისთვის ბრძოლაში უფრო აქტიური არ გახდება და მხოლოდ კოვაქსის პლატფორმის იმედად ვიქნებით და არც კერძო სექტორი გახდება ჩაერთვება ვაქცინის მოსაპოვებლად ბრძოლაში იმ გათვლით, რომ საქართველოში ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიცხვი არც ისე მაღალია, საქართველოში წლის ბოლომდე ვერ აიცრება კრიტიკულად საჭირო რაოდენობის, 18 წელს გადაცილებული პირების 60-70%, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სრულად და უსაფრთხოდ გახსნისთვის და პანდემიური რეჟიმის დასასრულისთვის.

NDI-ის 2020 წლის ივნისის გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის 46 % არ აიცრებოდა. გამოკითხულთა 38 % აცრაზე თანახმა იყო, ხოლო 15 %-ს უჭირდა პასუხის გაცემა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათი გამოკითხვებით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდიკას ეფუძნება, ვაქცინაციისთვის მზადმყოფი მოსახლეობის რიცხვი გაცილებით მაღალია და თითქმის 60%-ს შეადგენს.

ამ დროისთვის დადასტურებულად ვიცით მხოლოდ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 20%-სთვის საკმარისი დოზა აქვს შეკვეთილი კოვაქს პლატფორმიდან, რომლიდანაც ჯერ უცნობია როდის და რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო. საქართველოს მთავრობას დასამტკიცებელი აქვს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელზეც როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა და რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და უზრუნველყოს პროცესის გამართულობა.

XS
SM
MD
LG