Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინური თუ არა, მაშ რომელი? - რა ვიცით კოვიდვაქცინაციის შესახებ საქართველოში


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე, არ განიხილება ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანის საკითხი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც 10 იანვარს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი განიხილება:

„ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“. როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ჩინურ ვაქცინას ნდობის მაღალი ხარისხი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ინფექცია თავიდან სწორედ იქ გაჩნდა: „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, - დაამატა მან.

ჩინური ვაქცინები ავტორიზაციისა და სრულყოფილი გამოკვლევების გარეშე

ვაქცინაციის პროცესი ჩინეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო. ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ისე ჩაეშვა მოხმარებაში, რომ მათ არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ევროპის მედიცინის სააგენტოსა და არც ამერიკის წამლებისა და საკვების ადმინისტრაციის ავტორიზაცია არ მიუღიათ. ჩინეთმა ვაქცინაციის პროცესი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამოკვლევის სამი სავალდებულო ფაზის გავლის გარეშე, გამოკვლევის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო.

9 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში 9 მილიონამდე მოსახლეა აცრილი.

ეფექტიანია თუ არა ჩინური ვაქცინა?

ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი რთულია, რადგან არსებობს კვლევების მხოლოდ პირველი და მეორე ფაზების შედეგები.

დეკემბრის ბოლოს, თურქეთში ჩატარებული „სინოვაკის“ შუალედური გამოკვლევის დასკვნა იტყობინება, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 91.25%-ს შეადგენს. თუმცა, ამავე ვაქცინის კვლევაში ჩართული ბრაზილია აცხადებს, რომ ვაქცინამ მხოლოდ 50%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა.

რაც შეეხება „სინოფარმს“, ვაქცინის მწარმოებელთა 30 დეკემბრის განცხადებით, მესამე ფაზის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია.

რომელ ქვეყნებში შევიდა ან შევა ჩინური ვაქცინა?

ჩინური ვაქცინის პირველი პარტია დეკემბრის დასაწყისში ჩავიდა ინდონეზიაში. იანვარში ქვეყანა დამატებით 1 მილიონ 800 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.

დეკემბრის დასაწყისშივე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყანაში ერთ-ერთ ვაქცინად „სინოფარმი“ დაამტკიცა.

„სინოფარმი“ დაამტკიცა ბაჰრეინმაც, რომელმაც მოსახლეობას ონლაინრეგისტრაციისკენ მოუწოდა, რათა აცრები უფასოდ ჩაიტარონ.

„სინოვაკთან“ გააფორმა ხელშეკრულება სინგაპურმა. გარდა „სინოვაკისა“, სინგაპური ასევე მიიღებს ამერიკულ „მოდერნასა“ და ამერიკულ-გერმანული წარმოების „პფაიზერს“.

„სინოკავთან“ გააფორმეს ხელშეკრულებები თურქეთმა, ბრაზილიამ და ჩილემ.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინა „სინოვაკისგან“ შეიძენს 1 მილიონ 900 ათას დოზა ვაქცინას. როგორც 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ „სინოვაკთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, სამინისტრო „სინოვაკთან“ მოლაპარაკებებს გასული წლის სექტემბრიდან აწარმოებდა. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა „ვაქცინის გამოცდილ მწარმოებლებთან“.

პრეზიდენტის განცხადებითვე, „სინოვაკით“ აიცრებიან უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ინფიცირების დიდი რისკის წინაშე დგანან და პანდემიასთან ბრძოლის კრიტიკულ მისიას ასრულებენ. აცრა უფასო იქნება.

ხელშეკრულების თანახმად, „სინოვაკის“ პირველი პარტია, 700 000 დოზა, უკრაინაში იანვრის ბოლომდე ჩავა.

„სინოვაკის“ აზერბაიჯანში შესაძლო შეტანის შესახებ იტყობინება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“. 11 იანვარს, სააგენტო ექიმსა და დეპუტატ რაშად მაჰმუდოვზე დაყრდნობით წერს, რომ „ალბათობა იმისა, რომ აზერბაიჯანში შესული ვაქცინა საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ნულის ტოლია“.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შეტანის თაობაზე.

მაშ, რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოვა, მხოლოდ და მხოლოდ, ის ვაქცინა, რომელსაც გავლილი ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია ან მინიჭებული ექნება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების, მათ შორის, ევროპის მედიცინის სააგენტოს, ამერიკის წამლებისა და საკვების ადმინისტრაციის, ავსტრალიის მარეგულირებელი სააგენტოსა თუ სხვა ევროპული ქვეყნების მარეგულირებელი უწყებების ავტორიზაცია:

„ერთი გზა, რითაც შეიძლება ვაქცინა ქვეყანაში მოხვდეს, ეს არის ჯანმოს პრეკვალიფიკაციის პირობა. მეორე - ვაქცინის აღიარება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. და მესამე გზა - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ეპიდემიების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის, გამარტივებული წესით პროდუქტის შემოტანა, რომელსაც ასევე აუცილებლად სჭირდება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს აღიარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს ჩინურ ვაქცინისათვის პრეკვალიფიკაციის მინიჭების საკითხს, ჩინური ვაქცინა, სავარაუდოდ, იქნება covax-პლატფორმაზეც, მაგრამ უნდა დაველოდოთ მარეგულირებელი ორგანოების აღიარებას და ჯანმოს პრეკვალიფიკაციას. ამ ეტაპზე, არცერთი ჩინური ვაქცინა, არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ამ ეტაპზე, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანის საკითხს, რომლებსაც ეს ბარიერები გავლილი აქვთ. ეს არის „პფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“.

„პფაიზერი“ - ამერიკულ-გერმანული ვაქცინა, ამერიკული „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა - ეს არის ის სამი ვაქცინა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია, ამ ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი მსოფლიოს 15 ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეტაპობრივად დაიწყო და, 11 იანვრის მონაცემებით, ჯამში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მილიონამდე ადამიანია აცრილი.

რაც შეეხება მათ მახასიათებლებს, სრულყოფილი ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა ვაქცინის ორი დოზის გაკეთება დაახლოებით სამკვირიანი ინტერვალით. „მოდერნასა“ და „პფაიზერის“ ეფექტიანობა 95%-ს აღწევს. მათ ჩამორჩება „ასტრაზენეკა“ და მისი ეფექტიანობა 62-დან 90%-მდე მერყეობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ვაქცინებს ახასიათებთ, ეს არის მათი შენახვის პირობები. თუკი „პფაიზერის“ შესანახად -80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, „მოდერნასა" და „ასტრაზენეკას“ შესანახად მხოლოდ -2 - -8 გრადუსიც საკმარისია.

აქვს თუ არა საქართველოს „მოდერნასა“ და „პფაიზერის“ შენახვის საშუალება?

ჯანდაცვის სამინისტროცა და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ირწმუნება, რომ აქვს. აი, რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია:

„დღესაც რომ მივიღოთ „პფაიზერი“, რომელსაც შესანახად დაახლოებით -80 გრადუსი სჭირდება, სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სრულად გვაქვს ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ ვაქცინა შევინახოთ. ვაქცინების შესანახი მაცივრები არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში და მის ფილიალებში და ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“.

თამარ გაბუნიას განცხადებითვე, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, დამატებითაც შეიძინოს მაცივრები და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, თითო მაცივრის ღირებულება დაახლოებით 23 ათას დოლარს შეადგენს.

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მოსახერხებელი იქნება, აქცენტი გაკეთდეს „ასტრაზენეკაზე“, რომელსაც შენახვის გაცილებით მარტივი პირობები სჭირდება. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ „ასტრაზენეკა“ „მოდერნასა“ და „პფაიზერზე“ ნაკლებეფექტიანია:

„პფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ საქართველოში შემოტანის ერთნაირი შანსი აქვს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ცივი ჯაჭვის სიმარტივიდან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია „ასტრაზენეკაზე“ გავაკეთოთ აქცენტი. ამ ეტაპზე, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობით ყველა ვაქცინა მოვიზიდოთ, მაგრამ სამომავლოდ, მოსახლეობის სრულად მოცვისთვის, აქცენტი „ასტრაზენეკაზე“ გაკეთდება. მაგრამ, ამასობაში, შესაძლოა, ისეთი ვაქცინაც გამოჩნდეს, რომელმაც იგივე სარგებელი შემოგვთავაზოს და, რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც განვიხილავთ“.

ვინ აიცრება და რა პრინციპით?

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, იმუნიზაციის პროცესსა და პროტოკოლს ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტი განსაზღვრავს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაშიც 15 ადამიანი შედის.

თამარ გაბუნიას თქმით, კომიტეტი მიმდინარე კვირის ბოლოს ასრულებს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას. ამ პროცესში კომიტეტს საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებიან. რას გულისხმობს ვაქცინის გეგმა?

„გეგმა განსაზღვრავს, რომელი ვაქცინა, რა რაოდენობითა და რომელ ჯგუფებში უნდა გაკეთდეს, როგორი იქნება საინფორმაციო სისტემა, ვის ჩაუტარდება ტრენინგები, როგორ უნდა ვაწარმოოთ ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის გაწერილი და უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ, მაგალითად, უკვე თებერვალში რომ მივიღოთ ვაქცინა, ვიყოთ მზად იმისათვის, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“.

პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი, ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები და იქ დასაქმებული პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას:

„სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ არის გარკვეული მოქნილობის შესაძლებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ჯგუფში ყველას არ ჰქონდეს ვაქცინაციის სურვილი და შეიძლება თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან. აქედან გამომდინარე, იქნება საშუალება, რომ ვაქცინა გაუკეთდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი დროით მოცდა დასჭირვებოდათ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს შეკვეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის covax-პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინის შესაძენად და ამ მიზნით ფონდში უკვე გადარიცხულია 4 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი.

თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, ჯერჯერობით, covax-პლატფორმაზე ვაქცინა ფიზიკურად არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველო აქტიურად აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან, რათა დროულად მოხერხდეს ვაქცინის შემოტანა:

„თუკი covax-პლატფორმამდე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ის ვაქცინა, რომელიც უკვე აღიარებულია ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის მიერ, რომელთა აღიარებითი რეჟიმიც მუშაობს საქართველოშიც, ამ მოლაპარაკებებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ ვაქცინა მივიღოთ უფრო ადრე, ვიდრე ამას covax-პლატფორმიდან მოვახერხებთ“.

თამარ გაბუნიას განმარტებით, პირველ ეტაპზე, საქართველოში იგეგმება 100 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზის შემოტანა.

„შემდეგ უკვე იმის მიხედვით, თუ როგორ მოხდება 100 000 ბენეფიციარის აცრა, მოგვაწვდიან დანარჩენ დოზებსაც“.

და მაინც, როდის გვექნება ვაქცინა?

„რაც მალე, მით უკეთესი“, - ასე თქვა პაატა იმნაძემ 11 იანვარს.

„თებერვალში covax-პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას”, - ეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა 8 იანვარს.

ისე კი ნოემბრის ბოლოდან გაზაფხულს ველოდებით - „დიდი ალბათობით, ეს იქნება მარტი-აპრილისთვის“, - ასე გვითხრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 30 ნოემბერს.

XS
SM
MD
LG