სოცქსელ Telegram-თან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება დანებდა. ბელარუსმაც აღიარა, რომ ვერაფერს გახდა მის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ, როცა კომპანია ისეთი კონტროლირებადი მედიის მქონე ქვეყნებისკენ აპირებს ყურადღების გადატანას, როგორებიცაა ირანი და ჩინეთი, კვლავაც იწვევს შეშფოთებას, რომ აპლიკაციას წარმატებით იყენებენ ექსტრემისტებიც.
Telegram-ი ოპოზიციის მნიშვნელოვან იარაღად იქცა, მაგალითად, ბელარუსსა და ირანში. რუსეთის ხელისუფლებამ კი აღიარა, რომ მასთან ბრძოლაში ვერაფერს გახდა, მაშინ, როცა აპლიკაციას სულ უფრო მეტად იყენებენ თავად ოფიციალური პირები.
მაგრამ Telegram-ით არა მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეები და ღია მედია სარგებლობენ. მას გამოიყენებენ ტერორისტები, სიძულვილის ჯგუფები და სხვადასხვა ტიპის მოძალადეები, რომლებიც ასევე ცდილობენ ფართო აუდიტორიაზე წვდომას ცენზურისთვის გვერდის ავლით.
კონტროლს მიღმა
2020 წელს Telegram-ის უხილავი ხელი არსად ყოფილა ისე ქმედითი, როგორც ბელარუსში, სადაც ოპოზიცია და აქტივისტები ამ პლატფორმას გამოიყენებდნენ, რათა გვერდი აეარათ ინფორმაციის გავრცელების საშუალებებზე მთავრობის კონტროლისთვის.
ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლება ჯერ კიდევ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეეცადა დაეშინებინა Telegram-ის არხების ადმინისტრატორები.
როცა ივნისში Telegram-ის ბაზაზე მოქმედი სამი ოპოზიციონერი ბლოგერი დააპატიმრეს, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განგაში ატეხა.
„ბელარუსის ხელისუფლება მოწინააღმდეგეთა ხმების სრულმასშტაბიან წმენდას ახორციელებს, იყენებს რა რეპრესიულ კანონებს, რათა არჩევნების წინ ჩაახშოს კრიტიკა,“ განაცხადა Amnesty International-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა აიშა იუნგმა.
მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოცხადდა ზედიზედ მეექვსე ვადით, ბელარუსში უზარმაზარმა საპროტესტო ტალღამ გადმოხეთქა. და მაშინ, როცა ხელისუფლება ოპოზიციას არეულობების ორგანიზებასა და კანონდარღვევებში ადანაშაულებს, ის თავად არღვევს კანონებს - უშიშროების ძალები აპატიმრებენ და სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციების მონაწილეებს.
ამ ვითარებაში ხელისუფლებამ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ Telegram-ის სახით მის წინაშე სერიოზული წინაღობა აღიმართა.
„შეხედეთ: კარგად ცნობილ არხზე კვირას გამოსახულია მოედანი - იქ წადითო. ისინი წავიდნენ. ამ მოედანზე იდგნენ... ასე მართავენ ამას,“ განაცხადა ლუკაშენკამა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ვებსაიტების დაბლოკვამ ოპოზიციის მომხრეები აიძულა Telegram-ისთვის მიეშურათ.
ნოემბერში სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა Telegram-ზე მოქმედ საინფორმაციო არხ Nexta-ს, რომელსაც პოლონეთში უდევს ბინა, ბრალი დასდო „მასობრივი ამბოხების“ ორგანიზებაში. თვის ბოლოს კი მისი ოპოზიციური საინფორმაციო პლატფორმის შემქმნელი შეიყვანა იმ ადმიანების სიაში, რომლებსაც „ტერორისტულ საქმიანობასთან აქვთ კავშირი“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, მინსკის მოსახლეობის 15%-მდე იყენებს Telegram-ს და დღეში 50-დან 100 ათასამდე მესიჯს აგზავნის ათასამდე არხის მეშვეობით. „ეს უზარმაზარი რიცხვებია და ამაზე თვალის დახუჭვის უფლება არ გვაქვს,“ განაცხადა მან.
მაგრამ იმ დროისთვის თავად ლუკაშენკა უკვე კარგა ხნის შეგუებული იყო Telegram-ის ძალას. და მასთან ბრძოლის პარალელურად თავადაც დაიწყო მისი გამოყენება. აგვისტოში Telegram-ზე შექმნილ ახალ სახელმწიფო არხზე გამოჩნდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს ლუკაშენკა, რომელსაც ერთგან ხელში AK-47-ის ტიპის ავტომატი უჭირავს, მეორეგან კი ბრძანებებს გასცემს ვერტმფრენიდან.
სექტემბერში ლუკაშენკამ პროსამთავრობო მედიას განუცხადა: „როგორ შეიძლება ამ Telegram-ის არხების შეჩერება? შეგიძლიათ მათი დაბლოკვა? არა. არავის არ შეუძლია.“
თუკი მათ ვერ დაამარცხებ, მაშინ...
ბელარუსი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ავტორიტარულმა რეჟიმმა ფიასკო განიცადა Telegram-თან დაპირისპირებაში. რუსეთმაც, რომელიც ორი წლის განმავლობაში ცდილობდა აპლიკაციის აკრძალვას, ბოლოს და ბოლოს არჩია ასეთი მიდგომა - „თუკი მათ ვერ დაამარცხებ, შეუერთდი მათ“.
„როსკომნადზორი გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმებით წყვეტს მოთხოვნას, აიკრძალოს Telegram-ის მესენჯერის წვდომა,“ გამოაცხადა კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა უწყებამ 2020 წლის ივნისში.
მალე რუსეთის კომუნიკაციის მინისტრმა აღიარა, რომ აპლიკაციის დაბლოკვა „ტექნიკურად შეუძლებელია“.
რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალური აკრძალვა მას შემდეგ დააწესა, რაც Telegram-მა უარი თქვა, ხელისუფლებისთვის გადაეცა დასაშიფრი კოდები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ეს აკრძალვა მაინც არასოდეს შეხებია ვინმეს.
მიუხედავად ოფიციალური მცდელობისა, დაებლოკათ ის, სასამართლოები, მაღალი ეშელონების პოლიტიკოსები და საგარეო საქმეთა სამინისტროც კი განაგრძობდნენ პლატფორმის გამოყენებას. Telegram-ის შემქმნელის, პაველ დუროვის თქმით, ამჟამად მის 400 მილიონამდე მომხმარებელთა 30% რუსეთშია.
დუროვს კრემლთან დაპირისპირების გამოცდილება ადრეც ჰქონდა. ისაა შემქმნელი სოცქსელისა V Kantakte (VK), რომელსაც ის 2014 წლამდე ედგა სათავეში. მას ამ თანამდებობის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც უარი თქვა დაებლოკა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის საიტი და ხელისუფლებისთვის გადაეცა ინფორმაცია უკრაინაში მაიდნის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შესახებ.
მას მერე, რაც Telegram-ის დაბლოკვა შეწყდა, დუროვის თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში „ჩვენ რეგულარულად უნდა მოგვეხდინა ჩვენი ‘განბლოკვის’ ტექნოლოგიის მოდერნიზება, რათა ცენზორებისთვის გაგვესწრო.“
ეს სტრატეგია მოიცავს ე.წ. „ციფრულ წინააღმდეგობას“, რომელშიც გამოიყენება პროქსი სერვერები და სხვა საშუალებები ტრეფიკის დასამალად.
„მარტივად რომ ვთქვათ, აკრძალვამ არ იმუშავა,“ თქვა დუროვმა.
არასაკმარისი ნაბიჯები
ის, რომ რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებდა Telegram-ის დაბლოკვის საფუძვლად, გარკვეულწილად გამართლებულია. კომპანიისგან დასაშიფრ კოდებს ითხოვდნენ იმისთვის, რომ გაეშიფრათ კომენტარები, რომლებიც, ხელისუფლების თანახმად, Telegram-ში დაწერა თვითმკვლელმა ტერორისტმა. მის მიერ განხორციელებულმა აფეთქებამ 2017 წელს სანქტ-პეტერბურგში 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Telegram-ს 2020 წელსაც აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ის საკმარისს არ აკეთებს საიმისოდ, რომ ინფორმაციის გავრცელებაში შეუშალოს ხელი ექსტრემისტულ ჯგუფებს, მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოს“.
Telegram-მა გარკვეული ზომები მიიღო. მათ შორისაა მისი "ISIS Watch"-ი, სადაც ყოველდღე ქვეყნდება ინფორმაცია დაბლოკილი ტერორისტული კონტენტის შესახებ და მომხმარებლებისადმი მოწოდებები, Telegram-ს შეატყობინონ ექსტრემისტული შინაარსის მასალების თაობაზე.
ევროპოლმა შეაქო კიდეც Telegram-ის პოლიტიკა. მისი თქმით, 2019 წლიდან პლატფორმაზე აღარაა ადგილი ძალადობის, დანაშაულებრივი ქმედებებისა და კანონდამრღვევთათვის.
ამ ძალისხმევამ და ასევე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში Telegram-ის გაზრდილმა როლმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრული ბლოკადის მოხსნაში.
მაგრამ ამით არ დასრულებულა კრიტიკა, რომ აპლიკაციას კვლავაც იყენებენ სახიფათო მომხმარებლები.
თებე
ოლამ, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ გამოაღვიძა Telegram-ის მიმართ ეჭვები. ტერაქტიდან რამდენიმე საათში მემარჯვენე ექსტრემისტულმა ჯგუფებმა Telegram-ით დაიწყეს თავდამსხმელის მანიფესტის გავრცელება.
Vice news-ის თანახმად, მრავალი თეთრი ნაციონალისტური ჯგუფი გადაბარგდა Telegram-ზე მას შემდეგ, რაც ისინი გარეკეს მეინსტრიმული სოცმედიიდან, მაგალითად, Facebook-იდან და Twitter-იდან.
„Telegram-ი ამ ჯგუფებისთვის ძალიან საინტერესოა: აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ განუსაზღვრელი რაოდენობის ვიდეოები, ფოტოები, აუდიოკლიპები და სხვა ფაილები და მის შემქმნელს არაერთხელ დაუდასტურებია თავისი ერთგულება მესამე მხარისგან მომხმარებელთა მონაცემების დაცვისადმი,“ წერს Vice-ი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Counter Extremism Project-ი, რომლის მიზანია მზარდი ექსტრემისტული იდეოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლა, მაისში იტყობინებოდა, რომ ის Telegram-ში ჯერაც პოულობს „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას.
გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, მან Telegram-ში მრავლად გამოავლინა „თეთრკანიანთა აღმატებულებისა და ნეონაცისტების ჯგუფები“, რომლებიც ზეიმობენ უიარაღო შავკანიანი მამაკაცის მოკვლას, ან გამოდიან აფრიკელ ამერიკელთა მოკვლისა და მათ მიმართ ძალადობის მოწოდებებით.
შემაშფოთებელი მასალა
მიუხედავად იმისა, რას ამბობს ევროპოლი, Telegram-ის ყველაზე ამაზრზენი ღია არხებისთვის თვალის ერთი გადავლებაც ნათელყოფს, რომ ესაა ადგილი, სადაც თავს იყრის ძალადობა, ბოროტმოქმედება, კანონდამრღვევები.
მთელ რიგ არხებზე შეხვდებით ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთში 2019 წელს მომხდარი ტრაგედიის ამსახველ სრულ, დაუჭრელ ვიდეოებს. მათში პირდაპირ ჩანს, როგორ ემზადებოდა თავდამსხმელი და როგორ განახორციელა თავდასხმები, რის შედეგადაც 51 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.
ასევე მრავლადაა ვიდეოები სკოლებში მომხდარი მასობრივი სროლის შესახებ, რედაქტირების გარეშეა განთავსებული ვიდეოები, რომლებიც ასახავს დანით თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას, ხელკეტით ცემას თუ დასახიჩრებას.
Telegram-ში იოლად ხელმისაწვდომია რუსეთის პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების სექსის ამსახველი ვიდეოები. აქვე იპოვით პირდაპირ ვიდეორეპორტაჟს, რომელიც აჩვენებს, როგორ ურტყამს პოპულარული ვლოგერი თავის მეგობარ გოგოს, როგორც ამბობენ, ფულის საფასურად.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დროსაც Telegram-ი იყო ის პლატფორმა, სადაც შეიძლებოდა გენახათ სხვა მხრივ აკრძალული ვიდეოები. მათში ნაჩვენებია სიკვდილით დასჯა, მათ შორის თავის მოკვეთა, ასევე სამხედრო ტყვეებზე ძალადობა. ამ ვიდეოების გამო ევროპის საბჭომ გამოძიება დაიწყო.
„ციფრული წინააღმდეგობა“
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად Telegram-ის გარშემო ბრძოლა გრძელდება და ფართოვდება.
ბელარუსში ხელისუფლება განაგრძობს Telegram-ის ბლოგერების სამართლებრივ დევნას. მათ არეულობებისკენ წაქეზებაში ედებათ ბრალი. ერთ-ერთმა მათგანმა, იჰარ ლოსიკმა შიმშილობა გამოაცხადა მის მიმართ მოპყრობისა და შესაძლო რვაწლიანი პატიმრობის გასაპროტესტებლად.
ირანში აქტივისტისა და ჟურალისტის, რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ზამი სათავეში ედგა არხ AmadNews-ს, რომელიც Telegram-მა 2018 წელს შეაჩერა „მოლოტოვის კოქტეილების“ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის. მაგრამ შემდეგ ის გაგრძელდა სხვა სახელით. არხს მაღალი შეფასება მისცეს 2017 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის სულის შთაბერვის გამო.
ჩინეთში, სადაც Telegram-ი აკრძალულია, აპლიკაციას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ვინაიდან სხვა პლატფორმებს თიშავენ ხოლმე.
ჩინეთში და ირანში სიტყვის თავისუფლების დამცველები ცდილობენ, ინფორმაციის გასავრცელებლად გამონახონ ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც თავისუფალი იქნება სახელმწიფო კონტროლისგან.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ტექნოლოგიას ჟანგი მოეკიდოს და დაძველდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ანტიცენზურული რესურსები მივმართოთ სხვა ქვეყნებზე, სადაც Telegram-ი კვლავაც აკრძალულია მთავრობების მიერ - მაგალითად, ირანსა და ჩინეთში,“ დაწერა დუროვმა თავის პირად არხზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა Telegram-ის დაბლოკვა.
როგორც დუროვმა განაცხადა ივნისში, „ციფრული წინააღმდეგობის“ მოძრაობა რუსეთში მშვიდობის დამყარებით არ წყდება. მისი თქმით, „ის ჯერ მხოლოდ იწყება და გლობალური ხდება.“