Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო სააგენტო პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს


საპენსიო სააგენტო მზადაა, 230 000 გადაიხადოს საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევაში. თავისი არსებობის მანძილზე ეს არის სააგენტოს ყველაზე ძვირადღირებული სახელმწიფო შესყიდვა. პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ დრომდე თითქმის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ აქვს შეძენილი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, რომ ამ იშვიათ და ძვირიან სერვისს უმეტესად საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ.

საპენსიო სააგენტომ ამ ტიპის დაზღვევის შეძენის სურვილი ოფიციალურად 4 დეკემბერს გამოთქვა. ამ დრომდე ერთადერთი პრეტენდენტი, ვინც კონკურსში მონაწილეობს, „ალდაგია“. სერვისი, რომელსაც საპენსიო სააგენტო ყიდულობს, განკუთვნილია საინვესტიციო საბჭოს 4 წევრისთვის, რომელთაგან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, სააგენტო მათ არასრულ სამუშაო განაკვეთზე დაქირავების შემთხვევაში წელიწადში დაახლოებით 60 000 დოლარს უხდიდა - როცა ვაკანსია გამოცხადდა, სააგენტო საბჭოს უცხოელ წევრებს ეძებდა, დოლარის კურსი 2,65 ლარი იყო და საბჭოს 5 წევრის შენახვა სახელმწიფოს 795 000 ლარი დაუჯდებოდა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ლარი თვეებია 3,30 ნიშნულთან ინარჩუნებს სიახლოვეს - 795 000 ლარი ახლა მხოლოდ 4 წევრის ხელფასს ყოფნის. ეს სამუშაო, მასზე გამოცხადებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, საშუალოდ, წლის განმავლობაში 9 სამუშაო დღის განმავლობაში დატვირთვას, ანუ 72 საათის სამუშაოს გულისხმობდა. სააგენტოში ამბობენ, რომ საბჭოს არც ერთ წევრს ოთხიდან იმდენი ხელფასი არ აქვს, რამდენიც კონკურსის პირობებში იყო გაწერილი, თუმცა ვინაიდან ისინი საჯარო პირები არ არიან, მათი ხელფასის ოდენობა არ კონკრეტდება.

საპენსიო სააგენტოს ვკითხეთ, რატომ არის აუცილებელი მათთვის საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევა და კონკრეტულად რა პასუხისმგებლობების დაზღვევას მოიცავს პაკეტი, რომელსაც სააგენტო ყიდულობს.

სააგენტოს განმარტებით, პასუხისმგებლობის დაზღვევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შემთხვევაში გულისხმობს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც შეიძლება დადგეს მათი არამართლზომიერი (შეცდომა, უმოქმედობა, უპასუხისმგებლობა, არაპროფესიული გადაწყვეტილებები და სხვა) ქმედების გამო. ზარალი არ მოიცავს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო ჯარიმებს თუ პირგასამტეხლოებს, გადასახადებს, ანაზღაურებას ან დასაქმებასთან დაკავშირებულ შეღავათებს (ბენეფიტებს).

„ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრები ვერ და არ თავისუფლდებიან კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, შესაბამისად, გამოდის, რომ საპენსიო სქემის მონაწილეები არიან დაზღვეული, ანუ ზარალის დადგომის შემთხვევაში, მომენტალურად უნაზღაურდებათ ზიანი”, - გვითხრეს საპენსიო სააგენტოში.

საპენსიო სააგენტოს წინა წლებში ამგვარი დაზღვევა არ ჰქონდა. პასუხისმგებლობის დაზღვევა თითქმის არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს შეძენილი გადაწყვეტილების მიმღები პირების გადაწყვეტილების მავნე ზემოქმედების დასაზღვევად. ძირითადად დაზღვევა სახელმწიფო სტრუქტურების შემთხვევაში ეხება ქონებას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უბედურ შემთხვევებს, თითქმის არასოდეს - პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სააგენტოს ვკითხეთ, თუკი ამგვარი პაკეტის საჭიროება არსებობდა, თავიდანვე რატომ არ შეიძინეს და თუკი ამ სერვისის გარეშეც შესაძლებელია სააგენტის ფუნქციონირება, პანდემიისა და კრიზისის დროს რატომ გადაწყდა ამ ხარჯის გაწევა. პასუხიდან ირკვევა, რომ „პასუხისმგებლობის (Directors and Officers Liability Insurance Policy (D&O)) დაზღვევის საკითხი საინვესტიციო საბჭოს მიერ მათი საქმიანობის საწყის ეტაპზე იყო დაყენებული. და ბაზრის კვლევაც 2019 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები მსგავს მომსახურების შეთავაზებას ვერ ახერხებდნენ“.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ერთადერთი მონაწილე კომპანია „ალდაგია”. „ალდაგში“ გვითხრეს, რომ „დაზღვევის ამ სახეობის მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება და არაერთ ქვეყანაში, საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიებისათვის, მისი შეძენა სავალდებულოც კია. პროდუქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება აქციებსა და ფასიან ქაღალდებში განთავსების თაობაზე, შესაბამისად, ეს დაზღვევა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებსაც თანხა საპენსიო ფონდში შეაქვთ“.

დისკუსია საპენსიო სააგენტოს მომავლის შესახებ

16 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორი გახდა გიორგი დანელია. ეს პოზიცია ვაკანტური იყო 2019 წლის 9 დეკემბრიდან, როცა სააგენტოს წინა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ პოსტი დატოვა. „მორალურად ვიქნები ჩემი გუნდის გვერდით და ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის“, - თქვა მან სააგენტოს დატოვებისას.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციაა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში 15 000 ლარამდე თანამდებობრივი სარგოთი. გიორგი დანელია, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა” და „საპარტნიორო ფონდში”.

საპენსიო სააგენტოს მომავლის შესახებ მსჯელობა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო - პარტიები ამომრჩეველს საპენსიო ფონდის დახვეწის გზებსა და სისტემაში ნაბაყოფლობით გაწევრიანების მექანიზმების შემოღებას ჰპირდებოდნენ. პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კრიზისი შეეხო და საპენსიო დანაზოგი უკვე დაგროვებული აქვს, სახელმწიფოს ამ თანხის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცა. 26 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ თემაზე ერთხელ უკვე იმსჯელეს მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ვინაიდან ამ შესაძლობლობის მიცემა „ხალხის მოთხოვნაა”, კიდევ ერთელ შევიტან ამ საკითხს მთავრობის დღის წესრიგშიო.

საპენსიო სააგენტოში სისტემის ცვლილების აუცილებლობას არ ხედავენ და მხოლოდ საპენსიო რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობენ.

უახლესი ოფიციალური ციფრებით, რასაც სააგენტო ავრცელებს:

  • საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე;
  • ფონდის ღირებულება მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს;
  • საპენსიო დანაზოგებს დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი;
  • საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში.

სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა 40 წლამდე დასაქმებულისთვის, 40 წლის ზემოთ სისტემაში ჩართულ პირებს რეფორმის საწყის ეტაპზე ჰქონდათ არჩევანის შესაძლებლობა, დარჩენილიყვნენ სისტემაში ან უარი ეთქვათ მასზე. იმისათვის, რომ საპენსიო სისტემიდან გამოხვიდე და შენი დანაზოგი გამოიყენო, არსებული წესი სულ 4 გამონაკლისს ითვალისწინებს - საპენსიო ასაკს მიღწევა, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის შეძენა ან გარდაცვალება, როცა გარდაცვლილის პენსიას მისი მემკვიდრე იყენებს.

XS
SM
MD
LG