„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მისი მოქალაქე რევაზ ბერიძე გადასცა, რომელმაც ნოემბერში რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა“, - ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ბერიძემ 24 ნოემბერს ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და განაცხადა, რომ „დარღვევა პოლიტიკური თავშესაფრისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღების მიზნით ჩაიდინა“.
„ბერიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც უკანონო ქმედება ჩაიდინა: არსებობისთვის საჭირო ელემენტარული პირობების არქონა, უმუშევრობა, სამედიცინო მომსახურებისთვის საკმარისი ფულადი სახსრების არქონა და ოფიციალური თბილისის უმოქმედობა და გულგრილობა საკუთარი მოსახლეობის პრობლემების მიმართ“, - ნათქვამია ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი მტკიცებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საკითხზე საუბრისას ბერიძემ განაცხადა, რომ ”ჯანდაცვის სისტემა პარალიზებულია და პაციენტების უზარმაზარ რაოდენობას ვერ უმკლავდება. არ არსებობს მედიკამენტები, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების საფასური”.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბერიძემ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი პოლიტიკური თავშესაფრის ძიების მიზნით, 1 დეკემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, იგი ქართულ მხარეს ყოველგვარი ჯარიმის დაკისრების გარეშე გადაეცა“, - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტმა რევაზ ბერიძის ვიდეოაღიარებაც გაავრცელა. დამონტაჟებულ მასალაში მას კითხვებს უსვამენ საქართველოში შექმნილ ეკონომიურ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. დაბნეული მოქალაქე პასუხებს იძლევა. ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სოციალური დახმარებისთვის ინტერნეტით მიმართა და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო ოკუპირებულ რეგიონში გადავიდა ახალი ცხოვრების საძებნელად, თუმცა არ ამბობს, იქ როგორ უნდა მოეწყო ეს ახალი ცხოვრება.
კაგებემ ბერიძის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელა, უშიშროების კომიტეტის ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა კი თავად ოსმა კომენტატორებმა დააყენეს ეჭვქვეშ. ცხინვალელი კომენტატორები ამ პროპაგანდისტულ ამბავს უფრო იუმორით შეხვდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი კომენტატორი, სახელად ხესან გოლპაჩევი, წერს: „ჩვენთანაც იგივეა, უმუშევრობა და ცუდი პირობებია, მედიცინაც არ ვარგა. ესე იგი ვუთხარით, ვერაფრით დაგეხმარებითო და უკან გავუშვით“. ცხინვალელი კომენტატორების დიდი ნაწილი დასცინის კაგებეს პროპაგანდისტულ ახალ ამბებს. იქ ჯერ ისევ ახსოვთ ხვიჩა მღებრიშვილი და ღამურების ამბავი.
ღამურების ამბავი გაახსენდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. „მღებრიშვილი-2“ - ასე უწოდა სუსმა კაგებეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, რეზო ბერიძის დაკავება ოსურ მხარეს არც დაუდასტურებია და არც ცხელი ხაზი აუმოქმედებია.
მეჯვრისხეველმა ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხეში 86 დღე გაატარა. კაგებემ მისი აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა, სადაც მღებრიშვილი ამბობდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების საძებნელად გადავიდა და ამაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები 5-10 ათას დოლარამდე თანხას ჰპირდებოდნენ. ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა მღებრიშვილმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მუდმივი ცემისა და წამების შემდეგ იძულებული გახდა, ის ეთქვა, რასაც კაგებე მისგან მოითხოვდა.
„ვიდეოკამერა შემოჰქონდათ და ჯერ იმაზე ჩამწერეს, ვითომ გერაინი მიმქონდა. უკვე ყველაფერზე ვთანხმდებოდი. უზომოდ მცემდნენ, ისე უზომოდ მცემდნენ, რომ ვატყობდი, გონებას ვკარგავდი. ცემის დროს კი იმდენად ცუდად ვიყავი, რომ იმასღა ვეუბნებოდი, დაწერეთ, რაც გინდათ, და ხელს მოვაწერ-მეთქი. ღამურების ამბავი უკვე დაწერილი ჰქონდათ. ხელი მომაწერინეს, მერე წამაკითხეს და თან მეუბნებოდნენ, ყველაზე კარგი შენთვის ეს არის, ოღონდ სასამართლოზე სხვა რამე აღარ თქვა, თორემ ცუდად წავა შენი საქმეო და დაიწყეს ვიდეოგადაღება. ბევრჯერ ჩამწერეს და მერე, რომელიც კარგი ვარიანტი გამოვიდა, ის გამოიყენეს“.
დე ფაქტო პროპაგანდამ, თითქოსდა მეტი დამაჯერებლობისთვის, რევაზ ბერიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც ახსენა, წითელ ჯვარში კი აცხადებენ, რომ ბერიძე ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი თანხმობით გამოიყვანეს. და აქ ისმის მთავარი კითხვა: თუ საქართველოს მოქალაქე ცხინვალს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა, მაშინ უკან წამოსვლის სურვილი საერთაშორისო ორგანიზაციას რატომ დაუფიქსირა? წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო ელიზბარაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციამ ტექნიკურ-ლოჯისტიკური ფუნქცია შეასრულა და ოკუპირებული ტერიტორიიდან რევაზ ბერიძის გადმოყვანა ყველა მხარის, მათ შორის ბერიძის თანხმობით განხორციელდა.
„ჩვენ მოგვმართეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ დავხმარებოდით ამ პიროვნების ადმინისტრაციული ხაზის მიღმა გადმოყვანაში და საქართველოში დაბრუნებაში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც თანახმა იყვნენ ამასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, გვქონდა თვითონ პიროვნებასთან კონტაქტი და მისგანაც იყო თანხმობა ამ გადმოყვანასთან დაკავშირებით. რეალურად ჩვენ ჩავერთეთ ლოჯისტიკურ-ტექნიკურ ნაწილში, რაც უშუალოდ ტრანსპორტირებას გულისხმობდა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, ამ ორგანიზაციის განსაკუთრებული ინტერესის საგანი პროპაგანდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია
და ყალბი ამბებია. „ლეგიონმა“ ზაფხულში ერგნეთში აქცია-პერფორმანსიც მოაწყო. შეაგროვეს ბუზები, მწერები და კოღოები და სიმბოლურად დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს გაუგზავნეს. ეს იყო პერფორმანსი იმ პროპაგანდისტული ამბის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება თითქოს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა კოღოებით ინფიცირებას ცდილობდა. „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ხელმძღვანელის, გიორგი მოლოდინის, განცხადებით, დე ფაქტო კაგებე საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს და მისი ეს მოქმედება თვითშემოქმედებად არ უნდა შეფასდეს. მისი აზრით, დირექტივებს ისინი რუსეთის სამხედრო ბაზებიდან იღებენ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებშია განთავსებული, ყალბი ამბების გავრცელება კი მოქალქეებში ნიჰილიზმის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
„მათ მიერ წარმოებული პროპაგანდა, ჩემი დაკვირვებით, მიმართულია ადგილობრივ მოსახლეობაში ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივებისა და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ. ისინი მიზნად ისახავენ დანერგონ მოსახლეობაში განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი მოქალაქე. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ცხინვალის სეპარატისტული დროებითი მმართველი რეჟიმი ამ საქმეს დამოუკიდებლად აწარმოებდეს და არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხშირად ისინი პროპაგანდისტული საინფორმაციო პოლიტიკის კონტურებს ცხინვალში არსებული სამხედრო ბაზებიდან იღებენ“, - ამბობს გიორგი მოლოდინი.
ბოლო ორ კვირაში დე ფაქტო კაგებემ რამდენიმე ამბავი გაავრცელა იმის შესახებ, რომ საქართველოში რთული ეკონომიკურ-სოციალური, ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეები უკეთესი ცხოვრების საძებნელად ცხინვალის რეგიონში გარბიან, თუმცა, თუ წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, „აყვავებული“ ცხინვალიდან მოქალაქეები თბილისის კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსაყვანად ამ ორგანიზაციას ხშირად უკავშირდებიან.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უწყვეტად განაგრძობდა ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის საშიშ) მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა გადმოყვანას ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2020 წელს, ნოემბრის მონაცემებით, წჯსკ-ს მიერ განხორციელდა 91 სამედიცინო ევაკუაცია“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცხინვალში კი კარგად იციან, რომ ამ სამედიცინო ევაკუაციით ადგილობრივი მაღალჩინოსნები და მათი ნათესავებიც სარგებლობენ. ამიტომ კაგებეს მიერ გავრცელებულ ამბებს ხშირად იუმორით აფასებენ.