Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა მღებრიშვილის 86-დღიანი პატიმრობა. ცხოვრება ცხინვალის ციხეში და ზაზა გახელაძის დანაბარები


ხვიჩა მღებრიშვილი
ხვიჩა მღებრიშვილი

დაკავება

3 ივლისის შუადღე გადასული იყო. ხვიჩა მღებრიშვილი სახლის საქმეებს აკეთებდა, როცა მის მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ოსური სოფელ არცევიდან ახლობლები ურეკავდნენ. საქონელი ქართული სოფლის მხარეს წამოვიდა და იქნებ ცოტა ახლოს მორეკო, თორემ ჩვენ რომ გადმოვიდეთ, რუსები დაგვიჭერენო. ხვიჩამ მაშინვე დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქონლის ძებნა. ამ ძებნაში ოს ახლობლებთან სულ კონტაქტზე იყო. ქართულ სოფელ აძვთან პირუტყვი მართლაც იპოვა და ოკუპაციის ხაზისკენ გარეკა. ამ დროს ბუჩქებიდან შეიარაღებული პირები გადმოხტნენ და დააკავეს. საზღვარი დაარღვიეო, უთხრეს და ცხინვალისკენ წაიყვანეს.

„რუსი მესაზღვრეები არ იყვნენ, ოსები იყვნენ. აშკარად ტელეფონზე მისმენდნენ. მე იმათი ოსური მეგაფონის (სატელეფონო კომპანია ცხინვალში) ნომერიც მაქვს და იმიტომ ვამბობ ამას. ზეპირად იცოდნენ ჩემი ნალაპარაკების მიხედვით, რა ადგილას უნდა მივსულიყავი და საქონელი სად უნდა მიმერეკა. დამიჭირეს თუ არა, თავზე რაღაცა ჩამომაცვეს და ჯერ ბაზაზე მიმიყვანეს. იქ სისხლი ამიღეს და იქიდან ცხინვალში ოსების პაგრანიჩნიკების (მესაზღვრეების) იზოლატორში გადამიყვანეს. პადვალია, სადაც 5 საკანია. მარტო ვიჯექი და კედლებზე ქართული წარწერები იყო. როგორც ჩანს, თავიდან ყველა დაჭერილი ქართველი ამ პადვალში მოჰყავთ“.

ყველაზე მძიმე 12 დღე

სარდაფში არსებულ საკანში ხვიჩამ 12 დღე გაატარა. ამ დროს მასთან თითქმის ყოველდღიურად უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიდიოდნენ, თავზე ტომარას აცმევდნენ და უშიშროების განყოფილებაში მიჰყავდათ. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე 12 დღე იყო - ცემის, დამცირების, ცილისწამებისა და უიმედობის დღეები.

ხვიჩა მღებრიშვილი
ხვიჩა მღებრიშვილი

„ხან გერაინი (ჰეროინი-ნარკოტიკული ნივთიერება) მომიტანეს. ანაბეჭდებს მიღებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნარკოტიკების გადაზიდვას დაგაბრალებთო. მერე მეკითხებოდნენ, ტატუნაშვილს იცნობდიო? მე ვპასუხობდი, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ გაგებული მქონდა, ამას არ ვმალავდი. ვიდეოკამერა შემოჰქონდათ და ჯერ იმაზე ჩამწერეს, ვითომ გერაინი მიმქონდა. უკვე ყველაფერზე ვთანხმდებოდი. უზომოდ მცემდნენ, ისე უზომოდ მცემდნენ, რომ ვატყობდი, გონებას ვკარგავდი. ოთახში ცხელოდა და პირბადეს არ მახსნევინებდნენ. ჰაერი არ მყოფნიდა. მცემდნენ და თან რაღაცებს მეკითხებოდნენ. პასუხებს ვეღარ ვცემდი. წინა დღეებში ვერც საჭმელს ვჭამდი, მათ მოტანილზე გული არ მიმდიოდა. წყალსაც არ მაძლევდნენ და ძალიან ვიყავი დასუსტებული. ცემის დროს კი იმდენად ცუდად ვიყავი, რომ იმასღა ვეუბნებოდი, დაწერეთ რაც გინდათ და ხელს მოვაწერ- მეთქი. აზრი არაფერს ჰქონდა. დასუსტებული, პირბადეში ჰაერი რომ აღარ მყოფნიდა, გონებას ვკარგავდი, ამიტომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სულ უკუღმა მიტრიალებდა ფიქრები. ოჯახი არა მყავს, ვფიქრობდი, ეს სიბერე ამ ციხეში არ გამატარებინონ-მეთქი. პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი, ამერია ყველაფერი“.

ღამურების ეპიზოდი - რა ღამურა, რის ლაბორატორია?

რამდენიმე დღის შემდეგ ხვიჩასთან გამომძიებელი და უშიშროების თანამშრომლები ახალი სცენარით მივიდნენ.

„ღამურების ამბავი უკვე დაწერილი ჰქონდათ, ხელი მომაწერინეს, მერე წამაკითხეს და თან მეუბნებოდნენ, ყველაზე კარგი შენთვის ეს არის, ოღონდ სასამართლოზე სხვა რამე აღარ თქვა, თორემ ცუდად წავა შენი საქმეო და დაიწყეს ვიდეოგადაღება. ბევრჯერ ჩამწერეს და მერე, რომელიც კარგი ვარიანტი გამოვიდა, ის გამოიყენეს“.

ამ 12 დღის განმავლობაში ხვიჩას მთავარი საფიქრალი ის დანაშაული იყო, რომლის არარსებობის გამო ასამართლებდნენ. ფიქრობდა რა აეღო თავის თავზე - ღამურები თუ ჰეროინი.

„თავიდან მეგონა, რომ დიდ სროკს (სასჯელს) მომცემდნენ. სულ ვფიქრობდი, გერაინზე (ჰეროინი-ნარკოტიკული საშუალება) რომ გამიშვან, დიდი სროკია და ვფიქრობდი, რომ ამ ღამურების დაბრალება სჯობდა. თან ამ ღამურებზე მუხლი (სისხლის სამართლის კოდექსში) არ იყო. ბოლო სასამართლოზე რომ მკითხეს, შენს დანაშაულს აღიარებო? მე ვუთხარი, იმას ვაღიარებ, რომ საზღვარი გადავკვეთე მეთქი და ღამურებზე, აბა, რა ვიცი-მეთქი და ნუ გეშინია, მაგას მუხლი არა აქვს და მაგაზე არ გასამართლებთ და რაც გინდა, ისა თქვიო.

მანამდე პაგრანიჩნიკების (მესაზღვრეების) პადვალში მორიგეები მეკითხებოდნენ, მართლა ეგრეთი ძვირი ღირს ღამურები და ამერიკელებს ლაბორატორიაში სჭირდებათო? მეცინებოდა, რა ღამურა, რის ლაბორატორია-მეთქი. იმათ მაინც ეჯერათ. შემდეგ დღეებში ოსები ციხეში მეუბნებოდნენ, ინტერნეტში გნახეთო და ამერიკელებს მართლა აყიდებდიო? ვიცინოდი, ვაშლი ხომ არ არის ღამურა, როგორ უნდა გამეყიდა - მეთქი“.

12-დღიანი დამცირებისა და ცემის შემდეგ ე.წ. მესაზღვრეების საკნიდან ხვიჩა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ეს იზოლატორიც ნახევრად სარდაფში იყო. ნესტი და უჰაერობა მუდმივად აწუხებდა, ხელები უსველდებოდა. იზოლატორში გადაყვანიდან ორ დღეში სასამართლო პროცესი გაიმართა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. იკითხა, ჯარიმით რატომ არ მიშვებთო. მოსამართლემ და გამომძიებელმა კი ხელი ერთმანეთისკენ გაიშვირეს. სასამართლოს შემდეგ ციხეში გადაიყვანეს, სადაც მორიგი სასამართლო სხდომის გამართვას ელოდა.

ცხინვალის ციხე, იქაური ცხოვრება და პატიმრების დამოკიდებულება

„ციხეში ვიდრე მე მიმიყვანდნენ, მანამდე ომონი შედიოდა და პატიმრებს სცემდნენ, სისხლის გუბეებს აყენებდნენ. აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, მასკიანები შედიოდნენ, პატიმრებს გამოიყვანდნენ და დუბინკებით სცემდნენ. ამას იქაური პატიმრები მიყვებოდნენ. მერე ციხის უფროსი შეცვალეს და მდგომარეობა გამოსწორდა. გარდა ამისა, ერთ დღეს დღე-ნახევარში მითვლიდნენ, თუმცა პირველი 12 დღე ამ სათვალავში არ შედიოდა. ესე იგი იქ გატარებული 2 დღე 3 დღედ ითვლება. მას შემდეგ, რაც ის ბიჭი ცემაში შემოაკვდათ (ინალ ჯაბიევი), დიდი ამბები დაიწყო გარეთაც და ციხეშიც. ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რაც გარეთ ხდებოდა. ამ ბიჭის მკვლელობის შემდეგ უფრო ლმობიერები გახდნენ და დიდხანს გვიშვებდნენ პრაგულკაზე (სასეირნოდ). ბიბილოვის ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ერთი პატიმარი ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია და ის იმუქრებოდა, რომ გავალ აქედან, ბიბილოვს არ გავახარებ და მას ამოვალპობ ციხეშიო.

იქ ადვოკატი ფორმალობაა. სახაზინო ადვოკატი მყავდა ვითომ, გამომძიებელთან ერთად მოდიოდა ხოლმე, ხან თუ არ ეცალა, სხვას გზავნიდა. არც ვიცოდი, რეალურად ვინ იყო. საბუთებზე ხელის მოწერის პროცესის დროს მოდიოდა ხოლმე“.

ხვიჩა ამბობს, რომ მისთვის ამ ყველაზე რთულ დღეებში ხანდახან იღბალი მის მხარეს იყო.

„ამოდენა ციხეში ისეთ კამერაში მოვხვდი, სადაც ტელევიზორი ქართულ არხებს აჩვენებდა. ყველა ქართულ არხს ვუყურებდი და ვიცოდი, ჩემი და ზაზას (გახელაძის) ამბავზე რა ც ხდებოდა. მიხაროდა, ეს შეხვედრები და მოლაპარაკებები რომ იმართებოდა და იმედს არ ვკარგავდი“.

ზაზა გახელაძესთან ერთად ერთ კამერაში

„ზაზას კამერაში ერთი ოსი ბიჭი იჯდა. მერე ის გაათავისუფლეს. მე უკვე მორიგეებს ვიცნობდი, ბადრაგში ერთი ძველი ნაცნობიც გამოჩნდა. ჰოდა, ამ მორიგეებს ვთხოვე, რომ კაცი კასტილებითაა და ბევრი გასაჭირი აქვს და გადავალ მის კამერაში, რომ ცოტა დავეხმარო-მეთქი. თან, ზაზამ რუსული არ იცის და უძნელდებოდა. მე ვიცი რუსული და გადამიყვანეს. ექიმს მეძახდა, პერეკისით ვამუშავებდით ჭრილობას. ბოლოს ყოველდღე თვითონ იხვევდა ჭრილობას. ექიმი ხან უხვევდა, ხან არა, ხან ეზარებოდა. ბოლო ორ კვირაში ძალიან კარგად უხორცდებოდა ჭრილობა. კიდევ კარგი, ძვალში არ მოხვდა. აკაემის ავტომატიდან ესროდნენ და ძვალს დაუშლიდა, რომ მოხვედროდა, ისეთი მსხვილი ტყვიაა. რბილში იმხელა ჭრილობა ჰქონდა, რომ, როგორც თვითონ მითხრა, თავიდან ღვინის ჭიქა ჩაეტეოდაო. კარგად შეუხორცდა და ეგ კარგია. იმ ოცი დღის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ძალიან ნერვიულობდა, ბავშვები ენატრებოდა. კოდექსის წიგნი დევს კამერებში, ზაზამ რუსული არ იცის და მე მთხოვა, მიდი, აბა, ჩემი მუხლის სროკი წამიკითხეო. სულ ორი სტრიქონი იყო. წავიკითხე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ვფიქრობ, რა ვუთხრა, 12-დან 20 წლამდე წერია. ვეუბნებოდი, ვერა ვკითხულობ-მეთქი. როგორ ვერა კითხულობო. არადა, დაინახა, რომ წავიკითხე. დამაძალა, მითხარიო და ვუთხარი. რომ ვუთხარი, განერვიულდა. ვაიმედებდი, თან სხვებისგან ყველა დეტალი და პროცედურა ვიცოდი. ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში გაგასამართლებენ, ვითომ კანონის მიხედვით, და მერე გაგიშვებენ-მეთქი. სროკის მოცემის არ შეგეშინდეს-მეთქი, იმიტომ რომ ყველასთან ასე ხდება და მერე ან ამნისტიით, ან რაღაცა მოლაპარაკებით გამოგიშვებენ-მეთქი“.

დაშორება

ხვიჩა და ზაზა მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ხვიჩა მღებრიშვილს სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ დროისთვის მას სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა. როგორც მსჯავრდებული, იგი ციხის მეორე სართულზე, სხვა კამერაში გადაიყვანეს, სადაც ბოლო ათი დღე გაატარა.

„გამოსვლამდე ერთი საათით ადრე პრაგულკაზე (სეირნობისას) ზაზას გავძახე, რომ გავდიოდი და ოჯახთან დამაბარა, ჩემებს უთხარი, რომ ფეხი დაუცხრაო. ჩემი გათავისუფლების დრო რომ ახლოვდებოდა, მოიწყინა. ვგრძნობდი ამას და ვაიმედებდი. ვეხუმრებოდი, ვახალისებდი. მერე ვხუმრობდით, სროკი რომ დაგიმატონ და აქედან ერთად გაგვიშვანო?! - მეუბნებოდა ზაზა. იქ არიან ქართველები. ბესტაევია ერთი (გენადი ბესტაევი, ზარდიაანთკარის მცხოვრები), კიდევ ერთი ლაშაა მარნეულიდან. რვაჯერ არის დაჭერილი. იქ, ცხინვალში, ბაბო ჰყავს და მასთან უნდა რომ დარჩეს, მაგრამ უკან, საქართველოში, უშვებდნენ ხოლმე და ახლა სროკზეა. არა მარტო ეს ქართველები, ოსებიც ციხეში ნორმალურად გვექცევიან, ციხეში ეროვნების მიხედვით არ გვარჩევდნენ. იქ არის ციხის მაყურებელი და არავის ჩაგრავენ“.

რა მოხდა სხვილოს ციხესთან

ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ხვიჩა მღებრიშვილმა ზაზას მონაყოლიდან იცის, თუ რა მოხდა სხვილოს ციხესთან და როგორ მიმდინარეობს ზაზას საქმის გამოძიება.

„ამას წინათ წითელ ჯვართან ერთად იყო გამომძიებელი მოსული და იმან უთხრა ზაზას, როსტოვიდან ექსპერტიზის პასუხს ველოდებითო. ხეზე მოხვედრილი საფანტის ტრაექტორია უნდა დაადგინოს ამ ექსპერტიზამო. მე რაც ვიცი, ზაზა დაკავების დროს რომ გამოიქცა, ის სამხედრო ავტომატის ოჩერედს (ჯერით გასროლა) ესროდა და ტყვიის გარდა ქვის ასკოლკებიც (ნასხლეტები) ხვდებოდა ფეხში. როგორც ზაზამ მომიყვა, რაღაცა ხევში ჩავვარდიო, დაბლიდან გავისროლეო და ამის გასროლილი საფანტი ხეს მოხვდა. ჰოდა, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იმ ჯარისკაცს პირდაპირ ესროლა, თუ ამან ჰაერში გაისროლა. ზაზას იმედი აქვს, რომ იქნებ ახალ წლამდე მისი საქმე სულ დასრულდეს და გაათავისუფლონ“.

ადამიანური ისტორიები

„ციხეში ტანსაცმელი მომიტანეს. წაიღეო, მითხრეს. ჩემნაირი ვიღაცა შემოვა და იმან გამოიყენოს- მეთქი. ზაზასაც აქვს ტანსაცმელი. მეც დავუტოვე ჩემი თბილი მოსაცმელი. კიდევ ერთი ისტორიაა. ზაზა როცა საავადმყოფოში იყო, ვიღაცა ცხინვალელი ორჯონიკიძიდან (ვლადიკავკაზი) მოდიოდა და ავარიაში მოჰყვა. საავადმყოფოში ზაზას გვერდით პალატაში იწვა. იმის მშობლებს საჭმელი რომ მოჰქონდათ, ზაზასაც აწვდიდნენ. ის ოსი ბიჭი საავადმყოფოდან რომ გაეწერა, ცოტა ხანში მიბრუნდა საავადმყოფოში და ზაზას კასტილები მიუტანა. სულ ახალი კასტილები უყიდა. ზაზა კასტილების გარეშე ფიზიკურად ვერ გაივლიდა. საავადმყოფოში მას არ მისცეს კასტილები და ის ოსი ბიჭი ასე მოიქცა და არა მარტო კასტილები, ტანსაცმელიც მიაწოდა“.

ხვიჩას გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის შესახებ

მეჯვრისხევში ხვიჩას, როგორც კარგ რკინის ხელოსანს, ისე იცნობენ. მისი 86-დღიანი პატიმრობის გამო ბევრი საქმე დაგროვდა.

„პრარაბებმა უკვე დამირეკეს, უამრავი საქმეაო და მთავაზობენ სამუშაოს. კარანტინის მერე სადმე დავიწყებ მუშაობას. მუდმივი სამუშაო არა მაქვს, ძირითადად შეკვეთებია ხოლმე. დაოჯახება მინდა, რაღაცა უნდა ვქნა, თორემ ხომ ხედავ, რამის დიდი სასჯელი მომისაჯეს და სულ ისე დავრჩებოდი. ვიპოვი ვინმეს, ვინც გამომყვება. კიდევ კარგი, შეყვარებული არ მყავდა და არ მელოდებოდა, თორემ ბევრს ინერვიულებდა“.

მეტსახელი, რომელიც ამ პატიმრობას გაახსენებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხვიჩა მღებრიშვილის „აღიარებითი ვიდეოჩვენების“ შემდეგ, სადაც ის ღამურების შეგროვების თემებზე საუბრობდა, სოციალურ ქსელებში ცხინვალელმა მომხმარებლებმა მას ბეტმენი შეარქვეს. ამის შესახებ ხვიჩამ ცხინვალის ციხეშივე შეიტყო.

„რაც ჩემი ვიდეო გაავრცელეს, გავიგე, რომ ოსებიც და აქეთ, ჩვენკენაც, ბეტმენას მეძახიან. არ მწყინს, მეცინება, ეგეთ რაღაცებზე არ ვბრაზდები“.

ხვიჩა მღებრიშვილი ახლა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროშია, სადაც კიდევ ერთ კვირას სავალდებულო საკარანტინო ზონაში დარჩება. ჩვენი სატელეფონო ინტერვიუ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საკარანტინო ზონიდან გამოსვლის შემდეგ ის ჯერ ნათესავებთან მეჯვრისხევში ჩავა, შემდეგ კი ქვემო ჭალაში წასვლას და ზაზა გახელაძის ოჯახში მისვლასაც გეგმავს. ზაზას ოჯახის წევრებისთვის მას კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი.

XS
SM
MD
LG