საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ოჯახს თითქმის იმავე შინაარსის წერილი გამოუგზავნა, როგორიც წინა ჯერზე. პირველი წერილი ოჯახს წითელმა ჯვარმა 9 სექტემბერს გადასცა. იმ წერილში დაჭრილი გახელაძე ოჯახს ატყობინებდა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ზაზა გახელაძის პირველი წერილით ირკვეოდა, რომ მისი ჭრილობა მსუბუქი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე ოჯახს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებდნენ. დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ვერ დადის. გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ზაზასთან ამდენ ხანს წითელი ჯვრის არშეშვებაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და არ უნდოდათ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენახათ.
„როგორ ხარ, ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი, მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა. მალე მომირჩება, ალბათ, და გავივლი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება“. - ეს წერილი ზაზა გახელაძემ 8 სექტემბერს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწერა. მეორე წერილი კი ოჯახმა 19 სექტემბერს მიიღო. მეორე წერილიც პირველის მსგავსია. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წითელ ჯვართან ბევრი კითხვა ჰქონდა, ამიტომ მათ, წერილის გარდა, ზაზას შესახებ სხვა ინფორმაციაც მიაწოდეს.
„პირველი წერილის შემდეგ უამრავი კითხვა მქონდა: როგორ მდგომარეობაში იყო, როგორ ჰქონდა ფეხი, ჭრილობა რა მდგომარეობაში იყო. ამაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდათ. ჩვენ სამედიცინო მიმართულების მედიკოსი არ გვყავს, რომ ეს შეაფასონო. მე შეფასებას არ ვთხოვდი. მინდოდა გამეგო რამხელა ჭრილობა აქვს, თაბაშირი დაადეს თუ არა, კასტილებით დადის თუ ვერა - ეს ყველაფერი მაინტერესებდა და პასუხი არ ჰქონდათ. ამიტომ უკვე მეორედ მოხდა შეხვედრა ზაზასთან და კიდევ ერთი წერილი გადმომცეს. მეორეც იგივე შინაარსის წერილია. დამატებით რაც მითხრეს, ისაა, რომ ახლა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, უფრო ხალისიანად და ოპტიმისტურად არისო და ბავშვებს იხსენებს და იცინისო“.
24 სექტემბერს ზაზა გახელაძის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა იწურება, მისმა ოჯახმა კი არ იცის, ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესი. ირმა ბუთხუზი არც იმას გამორიცხავს, რომ სასამართლო უკვე ჩატარდა და ზაზას სასჯელიც უკვე მიუსაჯეს. მას ამ საკითხების დაზუსტება ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებისგან სურს, რომლებიც 24 სექტემბერს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეიკრიბებიან.
„სრულ ვაკუუმში ვართ, არ გვაქვს ინფორმაცია, ვერ ვიგებთ, ჩაუტარებენ სასამართლოს? ან იქნებ ჩაუტარეს კიდეც ეს სასამართლო ორ თვეში. იმიტომ რომ იმ მეორეს (ხვიჩა მღებრიშვილს) მანამდე ჩაუტარდა, ვიდრე ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გაუვიდოდა. ჩვენთანაც უკვე ამოწურულია ორთვიანი, ერთი დღეღა დარჩა და რა ხდება, არ ვიცით“.
წინა შეხვედრის მსგავსად, ამ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ოკუპაციის ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის შეჩერების საკითხები იქნება. ერგნეთში წინა შეხვედრა 30 ივლისს გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ განიხილეს ბოლოდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. დაკავებულთა თემაზე ანთაძე ამბობს:
„ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. პასუხები, რაც მივიღეთ, უკვე ნათქვამი ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ როგორც ზაზა გახელაძესა და ხვიჩა მღებრიშვილთან, ასევე გენადი ბესტაევთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა გავაცანით, რომ ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში“.
რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ანთაძის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ზაზა გახელაძე თავს კარგად გრძნობს. უტარდება გეგმიური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ერგნეთის წინა შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ მეჯვრისხევში ჩავიდნენ და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ, შემდეგ კი ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის სანახავად გაემგზავრნენ. დაკავებულების ნათესავებს ირაკლი ანთაძემ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
30 ივლისს გამართული შეხვედრის წინ დაკავებულთა ოჯახებს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ გაათავისუფლებდნენ. ამასობაში მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ეს ვადა ოქტომბრის დასაწყისში სრულად იწურება. ზაზა გახელაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ოჯახი ახლა სასამართლოს მოლოდინშია. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.
ზაზა გახელაძე, უკვე 75 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. გახელაძისა და მღებრიშვილის გარდა ცხინვალის ციხეში სასჯელს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იხდის.
სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.