28 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მობილობის შემცირების მიზნით, საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ფიტნეს-კლუბები და სპორტული დარბაზები, კიდევ უფრო გახანგრძლივდა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის ვადა.
შეზღუდვები მოქმედებს ევროპის ქვეყნებშიც. საფრანგეთმა ე.წ. ლოკდაუნი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. ნაწილობრივი ლოკდაუნი მოქმედებს გერმანიაში, იტალიამ ქვეყანა წითელ, სტაფილოსფერ და ყვითელ ზონებად დაყო.
როგორი აკრძალვები მოქმედებს ევროპის ქვეყნებში?
საფრანგეთი
- საფრანგეთში ე.წ. ლოკდაუნი, სულ მცირე, პირველ დეკემბრამდე გასტანს.
- მოსახლეობას სახლის დატოვება შეუძლია მხოლოდ საჭირო პროდუქტის საყიდლად, სამსახურში წასასვლელად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ან სავარჯიშოდ, ისიც მხოლოდ ერთი საათით და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- ყველას, ვინც სახლიდან გადის, თან უნდა ჰქონდეს წერილობით საბუთი, თუ სად და რა მიზნით გადაადგილდება.
- დახურულია ყველა ბარი და რესტორანი. ასევე, არა პირველადი მოხმარების საგნებით მოვაჭრე მაღაზიები.
- ღიაა სკოლები.
- აკრძალულია სოციალური შეკრებები.
გერმანია
- 30 ნოემბრის ჩათვლით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
- დახურულია კინოთეატრები, თეატრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები. რესტორნები და ბარები მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე.
- ღიაა სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და სილამაზის სალონები.
- აკრძალულია სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრის დასწრება.
- დაშვებულია ეკლესიებში ღვთისმსახურებაზე დასწრება.
საბერძნეთი
- საბერძნეთში ლოკდაუნი 30 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. მოქალაქეებს უფლება აქვთ დატოვონ სახლები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის სტრუქტურაში გააგზავნიან SMS-ს გადაადგილების საჭიროების შესახებ.
- ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია გადაადგილება საღამო 21 საათიდან დილის 5 საათამდე.
- აკრძალულია რეგიონებს შორის მიმოსვლა.
- დახურულია მაღაზიებია და სკოლები.
- საბერძნეთში ჩასულმა პირებმა, საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ.
იტალია
იტალია დაყოფილია სამ, წითელ, სტაფილოსფერ და ყვითელ ზონებად.
- წითელ ზონაში, სადაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, დახურულია ბარები, რესტორნები და მაღაზიების უმეტესი ნაწილი.
- დახურულია სილამაზის სალონები.
- ღიაა ფაბრიკები, აფთიაქები, სუპერმარკეტები.
- სტაფილოსფერ ზონაში დახურულია რესტორნები და ბარები, მაგრამ ღიაა საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები.
- ყვითელ ზონაში, რესტორნები და ბარები 18 საათამდე მუშაობენ, მაგრამ მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები დახურულია, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში.
- ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია გადაადგილება 22 საათიდან დილის 5 საათამდე. აკრძალულია ყველანაირი სარიტუალო ღონისძიება. ნიღბების ტარება სავალდებულოა ყველგან, გარდა საკუთარი სახლებისა.
ესპანეთი
- ესპანეთში კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის პირველ მაისამდე იმოქმედებს.
- აკრძალულია გადაადგილება 23 საათიდან დილის 6 საათამდე.
- აკრძალულია 6 ადამიანზე მეტის შეკრება. ქვეყნის უმეტეს ნაწილში სავალდებულოა ნიღბების ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
- 23 ნოემბრიდან, ყველამ, ვინც ესპანეთში ჩადის, უნდა წარადგინოს კორონავისურის ტესტის ნეგატიური პასუხი, რომელიც უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჩატარებული.
ბელგია
- დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაკეტილია ყველა არა პირველადი მოხმარების პროდუქტით მოვაჭრე მაღაზია. მათ შორის დახურულია საპარიკმახერეოებიც. სხვა მაღაზიები იხურება 22 საათისთვის.
- დახურულია ყველა ბარი, კაფე და რესტორანი. გატანის სერვისი დასაშვებია 22 საათამდე.
- აკრძალულია 4 ადამიანზე მეტის შეკრება.
- ნიღბების ტარება სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში.
- ბრიუსელში მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე.
- წელს, ბელგიაში არ გაიხსნება საშობაო ბაზრობები, ზამთრის სოფლები.
ირლანდია
- აკრძალულია სოციალური და საოჯახო შეკრებები სახლებსა და ეზოებში. თუმცა, ადამიანებს ურთიერთობა შეუძლიათ, მაგალითად ვარჯიშის დროს, ღია სივრცეში, სახლიდან 5 კილომეტრის რადიუსში.
- მაღაზიების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, საპარიკმახეროები დახურულია.
- დახურულია ბარები და რესტორნები.
- ქორწილებსა და დაკრძალვებზე დაშვებულია 25-35 ადამიანის შეკრება.
- ღიაა სკოლები და ეკლესიები.
28 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავრუსით ინფიცირების 62 071 062 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით გარდაიცვალა 1 450 906 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 42,862,745.