აზერბაიჯანს 42 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ დაებრუნებინა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე თავისი ტერიტორიები, რომლებსაც ეთნიკური სომხები, ბაქოს დამამცირებელი დამარცხების შედეგად, 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდნენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი სამხედრო წარმატება სამმა ფაქტორმა განაპირობა: ტექნოლოგიამ, ტაქტიკამ და თურქეთმა.
ალექსი მელიქიშვილი, IHS Markit Country Risk-ის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ აზერბაიჯანისადმი თურქეთის მხარდაჭერით ეს ომი „ხარისხობრივად განსხვავებული აღმოჩნდა, სხვა კონფლიქტებთან შედარებით“.
თურქეთის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ყოფნა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯის სამხედრო აეროდრომზე „აშკარად მიუთითებს“ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლაზე.
მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები
მართალია, აზერბაიჯანი სამხედრო დანაკარგებს არ ამჟღავნებს, მაგრამ, სამაგიეროდ, არ მალავს საავიაციო იერიშებისა და საბრძოლო დაზვერვის მიზნით ბრძოლის დროს თურქეთისა და ისრაელისგან შეძენილი უმაღლესი ტექნოლოგიების შეიარაღების ბოლო მოდელის დრონების გამოყენებას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 სექტემბრიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ამსახველ ვიდეოკადრებზე ჩანდა, თუ როგორ ანადგურებდნენ უპილოტო აზერბაიჯანული თვითმფრინავები სომხეთის ტანკებს, არტილერიას, სახმელეთო ფორტიფიკაციას და მათ შორის სომხეთის ხელთ არსებულ რუსულ S-300 ტიპის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემას.
ქალაქ ჰადრუთის მკვიდრი მარგარიტა კარამიანი, 1992-93 წლების სამხედრო კონფლიქტის ვეტერანი, შოკში ჩავარდა, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით პირველი აზერბაიჯანული იერიშის დროს მთიანი ყარაბაღის თავზე „შავი ღრუბელივით“ დაინახა 30 აზერბაიჯანული დრონი.
კარამიანი აღიარებს, რომ ეს იყო 1990-იანი წლების ომისგან „განსხვავებული ომი“ და სომეხი ჯარისკაცები, რომელთა შორისაა მისი ქმარიც და შვილიც, იძულებული გახდნენ, სწრაფად ესწავლათ შესაფერისი მიწისქვეშა თავშესაფრის მოძებნა უპილოტო საავიაციო იერიშების დროს.
სომეხი სამხედროები, უბრალოდ, „განცვიფრებული იყვნენ ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის მხარეზე არსებული ტექნოლოგიური უპირატესობით“, მაშინ როცა აზერბაიჯანის საავიაციო იერიშებისგან თავის დასაცავად სომეხ ჯარისკაცებს არ ჰქონდათ შესაბამისი „თვალთვალის, რადიოაქტიური ბრძოლისა თუ დრონების საწინააღმდეგო საშუალებები“, - ამბობს კან კასაპოღლუ, სტამბოლში მდებარე ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევების (EDAM) ცენტრის თავდაცვის პროგრამების მკვლევარი.
ამის შედეგად სომხეთის სამხედრო ნაწილებმა „უწესრიგო და უდისციპლინო უკანდახევა დაიწყეს“ ფრონტისპირა ყველა პოზიციიდან, რომელთაც ისინი იკავებდნენ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ „გამყოფ ხაზზე“ 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
„პირველი გაკვეთილი, რომელიც აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებულმა კონფლიქტმა აჩვენა, ეს არის ტრადიციული სახმელეთო ჯარების - მექანიზებული, მოტორიზებული და ჯავშან-სატანკო ნაწილების - დაუცველობა გაუმჯობესებული უპილოტო შეიარაღებისა და კონცეფციის წინაშე“, - აღნიშნავს კასაპოღლუ და, ღია სადაზვერვო წყაროებში გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, დასძენს, რომ მთიან ყარაბაღში „სომხეთის საოკუპაციო ძალები ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 175 მნიშვნელოვან ბრძოლში დამარცხდნენ“.
თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების მხრივ აზერბაიჯანის აშკარა უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას ბაქოში მდებარე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ანალიტიკოსი, ფაუდ შაჰბაზოვი.
საბრძოლო მოქმედებების დროს სომხეთს, როგორც რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) ორგანიზაციის წევრს, შეეძლო გამოეყენებინა „უმთავრესად რუსეთისგან შეძენილი რუსული წარმოების შეიარაღება და ტექნიკა“, რაც საერთო შეიარაღების 90-95 %-ს შეადგენს. „აზერბაიჯანმა კი შეძლო თავისი არსენალის დივერსიფიცირება თურქეთიდან და ისრაელიდან იმპორტირებული საბრძოლო შეიარაღებით“, - ამბობს შაჰბაზოვი.
გავრცელებული ცნობით, ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით აზერბაიჯანმა ბოლო ათწლეულში გარკვეული შეიარაღება და ტექნიკა შეიძინა ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისგან.
ამ ცნობას ადასტურებს შაჰბაზოვი, რომლის თანახმად, ბაქომ ესპანეთისგან შეიძინა სარადარო-გადამტაცი სისტემები, ჩეხეთის რესპუბლიკისგან 2018 წელს - „დანას“ კლასის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და, სულ ბოლოს, ამას დაემატა თურქეთიდან მიღებული „ბაირახტარის“ სახელით ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონები, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა ეთნიკურ სომეხთა დანაყოფების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
„ბაირახტარი“ აღჭურვილია ლაზერული დამიზნების ე.წ. ჭკვიანი მიკრო საბრძოლო მასალის (MAM) სახელით ცნობილი ოთხი რაკეტით. თავად ამ ტიპის დრონები ეფექტიანად გამოიყენებოდა ლიბიასა და სირიაში რუსული წარმოების შეიარაღების წინაააღმდეგ.
„სირიაში ამ უპილოტო საფრენმა აპარატებმა იოლად გაანადგურეს რუსეთის S-300 და S-400 ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტებით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამან რუსეთის გარკვეული აღშფოთება გამოიწვია, რადგან გაირკვა, რომ თურქეთი უშვებს ისეთ დრონებს, რომლებსაც იოლად შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომლებსაც მოსკოვი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდაცვით სისტემებად მიიჩნევდა“, - აცხადებს შაჰბაზოვი.
მსხვერპლად გაღებული რუსული AN-2-ები
მაგრამ, ანალიტიკოსების თქმით, აზერბაიჯანის საბრძოლო უპირატესობა არ არის განპირობებული მხოლოდ თურქეთისა და ნატოს სხვა ქვეყნებისგან მიღებული მაღალტექნოლოგიური შეიარაღებით.
მნიშვნელოვანია ის, რომ ბაქომ თურქეთისგან მიიღო „საბრძოლო ოპერაციის რობოტიზებული მართვის“ სრული ოპერატიული დოქტრინა და კონცეფცია.
„საინტერესოა, რომ დრონებით ჩატარებული აზერბაიჯანის ეს საომარი კამპანია ძალიან ჰგავს სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ თურქეთის მიერ 2020 წლის დასაწყისში ჩატარებულ ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“, - წერს კან კასაპოღლუ.
ეს კარგად გამოჩნდა აზერბაიჯანის მრავალფუნქციურ უპილოტო საჰაერო სისტემებთან მჭიდრო კოორდინაციით მიწისზედა ბაზირების არტილერიისა და სარაკეტო დანადგარების მოქმედების დროს.
კიდევ ერთი ძირითადი მსგავსება, ექსპერტების თქმით, მოწინააღმდეგის მობილურ საჰაერო თავდაცვით სისტემებზე „სისტემურ ნადირობაში“ გამოიხატება.
კერძოდ, იმისათვის, რომ დაედგინა მოწინააღმდეგის საჰაერო-თავდაცვის სისტემის კოორდინატები, შაჰბაზოვის თქმით, აზერბაიჯანმა „მსხვერპლად გაიღო“, სავარაუდოდ, უკრაინისგან შეძენილი AN-2 ტიპის თვითმფრინავები.
1940-იან წლებში შექმნილი ეს თვითმფრინავები თანამედროვე ბრძოლაში „გამოუსადეგარია“ და მათ ძირითადად იყენებენ მფრინავ „წყლის ავზებად“, ტყის ხანძრების ჩასაქრობად.
შაჰბაზოვის თქმით, ბაქომ თავის შეიარაღებაში არსებული АN-2-ები აღჭურვა იმგვარად, რომ მათ დრონებივით დაბალ სიმაღლეზე ეფრინათ, სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების თვალის ასახვევად.
სომეხმა სამხედროებმა ასეთი კამუფლირებული თვითმფრინავები საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაანადგურეს და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, ჩამოგდებული დრონების ვიდეოკადრები.
„სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ ყოველთვის, როდესაც სომხები საჰერო რაკეტებით ყრიდნენ АN-2-ს, ამ დროს ნამდვილი აზერბაიჯანული უპილოტოები დიდი სიმაღლიდან ზუსტად ადგენდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემის კოორდინატებს და იოლად ანადგურებდნენ მათ“, - ამბობს შაჰბაზოვი.
ნატოს „კომანდოსის“ ტაქტიკა
მაღალტექნოლგიური იარაღისა და საბრძოლო ოპერაციის რობოტიზებული მართვის კონცეფციის გარდა, აზერბაიჯანმა თურქეთისგან შეიძინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
სოციალურ მედიაში, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ გავრცელებული ბრძოლის ამსახველი კადრები იმაზე მიანიშნებს, რომ ბაქომ გააანალიზა 2001 წლის ბოლოს თალიბანის დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის სამთო ბრძოლების ტაქტიკა.
იმ ოპერაციებში ნატომ უარი თქვა მე-20 საუკუნეში მიღებულ ომის წარმოების სტრატეგიასა და მეთოდებზე - ერთ ადგილზე ათასობით ჯარისკაცის კონცენტრაციაზე, რაც აბრკოლებს განსახორციელებლად რთულ და პარტიზანული თავდასხმებისგან დაუცველი წინა ხაზის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.
19 წლის წინ ავღანეთის შიგნით და პაკისტანთან მისი დამაკავშირებელი 3 300 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გასწვრივ იგზავნებოდნენ აშშ-ის სადესანტო რაზმები თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე „ძებნისა და განადგურების“ ამოცანების შესასრულებლად.
აშშ-ის ასეთი „კომანდოსის“ რაზმი (სადესანტო ჯგუფი) თავისი შემადგენლობით შერეული გახლდათ. მასში შედიოდნენ სპეცდანიშნულების ძალების, მსუბუქი სამთო ბატალიონის, საზღვაო ქვეითთა, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ძალების (Navy SEAL) მებრძოლები და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები - ჯამში, რამდენიმე ათეული კაცი.
მთებში მოქმედი თალიბთა რაზმების აღმოსაჩენად და მათი კოორდინატების დასადგენად ავღანეთის ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი ასეთი შერეული სადესანტო ჯგუფი აღჭურვილია ლაზერული თვალთვალისა და დამიზნების სპეციალური (SOFLAM) მოწყობილობით.
„კომანდოსის“ ჯგუფი SOFLAM-ით ადგენდა სამიზნეს და სიგნალს აწვდიდა საბრძოლო ოპერაციის ზონაში მოქმედ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც ლაზერულად მართვადი ბომბებით მიჰქონდათ იერიში მითითებულ სამიზნეზე. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საომარი ოპერაციის დროს აზერბაიჯანულმა სადესანტო-სადივერსიო ჯგუფებმა ისარგებლეს სომხეთის თავდაცვით ხაზში სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით უპილოტო ავიაციის დარტყმების შედეგად გაჩენილი ნაპრალით და, ტყეების გავლით, შეუმჩნევლად დაიკავეს ქალაქებისა და სოფლების მახლობლად მდებარე გაბატონებული სიმაღლეები.
ადგილობრივი ეთნიკური სომხები ჰყვებოდნენ, რომ ქალაქ ჰადრუთში სასტიკი ორთაბრძოლის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე დაინახეს „არა სომხები, არამედ უცნაური ადამიანები“, რომლებიც დაცარიელებულ სახლებში შედიოდნენ ქალაქში პოზიციების დასაკავებლად.
აზერბაიჯანული „კომანდოსის“ რაზმი, რომელსაც ბაქოც და ერევანიც „დივერსიულ ჯგუფს“ უწოდებდა, თავისი განლაგებიდან ზუსტ კოორდინატებს აწვდიდა და ცეცხლის მართვაში ეხმარებოდა მახლობლად განლაგებულ როგორც საარტილერიო და სარაკეტო დივიზიონებს, ისე ავიაციას.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ისა და ნატოს ძალების მიერ ავღანეთში აპრობირებული „კომანდოსის“ ტაქტიკის გამოყენება მთიან ყარაბაღში აზერბაჯანელ სამხედროებს, სავარაუდოდ, სწორედ თურქეთმა შეასწავლა, ნატოს წევრმა ქვეყანამ, რომელიც თავის დროზე მნიშვნელოვან როლს თამშობდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ (ISAF) ოპერაციაში.
„მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სპეციალური ძალების მებრძოლებმა მომზადება თურქეთისა და პაკისტანის სამხედრო აკადემიებში გაიარეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ამჟამინდელ საომარ მოქმედებებში სწორედ ეს ტაქტიკა იქნა გამოყენებული. სომხეთის არმიასთან 1990-იანი წლებისა და 2016 წლის ოთხდღიან ომებში მიღებული გაკვეთილებიდან აზერბაიჯანმა კარგი დასკვნები გამოიტანა“, - უთხრა შაჰბაზოვმა რადიო თავისუფლებას.
მთიან ყარაბაღში მდებარე სეპარატისტული ანკლავის სიდიდით მეორე ქალაქი, შუშა, გათავისუფლდა, ანალიტიკოსის თქმით, არა ფართო მასშტაბის ბრძოლებით და არტილერიისა და დრონების გამოყენებით, არამედ სწორედ სადესანტო-დივერსიული ტაქტიკით.
„შუშაზე კონტროლი აღდგა ახლო ბრძოლით, როდესაც ეს, სხვადასხვა დანაყოფის მებრძოლებისაგან შემდგარი, დივერსიული ჯგუფები შევიდნენ ქალაქში და სომხეთის სამხედრო ძალა აიძულეს, დაეტოვებინა ქალაქის ცენტრი, შემდეგ კი ის ქალაქიდანაც უკუაგდეს“, - ამბობს ბაქოში მდებარე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ანალიტიკოსი, ფაუდ შაჰბაზოვი.