ხელისუფლება ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მის ხელშია, ვინც ქვეყანას მართავს. 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის რისკები, რაც პანდემიის დროს ვითარების დეესკალაციის შემთხვევაში საპროტესტო აქციებმა შეიძლება მოიტანოს.
რადიო თავისუფლებამ შტატებში მცხოვრებ ექიმებს, ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს და თბილისში მყოფ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს სთხოვა კომენტარი მოსალოდნელ რისკებსა და შესაძლო გამოსავალზე.
9 ნოემბერს ერთი მხრივ ამოქმედდება კომენდანტის საათი, საღამოს 10 საათიდან დილის 5-მდე გადაადგილება დიდ ქალაქებში იზღუდება, მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორ იყენებს სახელმწიფო მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლს ნოემბრის ღამეს - რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე?
ზურაბ გურული: პანდემიის წარმატებით მართვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მთავრობასთან. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ ის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც წარმატებით გაუმკლავდნენ კოვიდს. შეუძლებელია მხოლოდ დასჯისა და აკრძალვების გზით ხანგრძლივი დროით შეინარჩუნო მკაცრი ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები. გარკვეული ხნის შემდეგ დათრგუნულ მოსახლეობაში აუცილებლად იფეთქებს პროტესტი, მით უმეტეს მაშინ, თუ შეზღუდვები არსებითად შეეხება მათ შემოსავალსა და თავისუფლებას.
საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყებიდანვე „გამოიჩინა“ თავი საკუთარი მოსახლეობის უპატივცემულობით. მეორე მხრივ, უხვად დაიდო ორმაგი სტანდარტების მაგალითები. აკრძალვები არ შეხებია მთავრობას და მასთან დაახლოებულ ელიტას. სერიოზული უპასუხისმგებლობა იყო ქართული ჯანდაცვის მწირი რესურსების იმედით არჩევნების ჩატარება გვიან შემოდგომაზე; მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში იმატა კოვიდის შემთხვევებმა და სხვა რესპირატორული დაავადებების სეზონიც გაიხსნა.
ქვეყანა არ მომზადებულა სათანადოდ კოვიდის მთელი ძალით დარტყმისათვის; დროულად ვერ შემოიტანა გრიპის ვაქცინები; სტრატეგია არ იყო დამყარებული ეპიდემიოლოგიურ და სტატისტიკურ ანალიზზე; ჩაატარა აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია მასებთან შეხვედრებით და პრევენციის წესების უგულებელყოფით. პრაქტიკულად შეიქმნა ყველა პირობა პანდემიის აფეთქებისა და ეკონომიკური კოლაფსისათვის.
კულმინაცია აღმოჩნდა თავად საარჩევნო პროცესი, რომელიც ერთნაირად შეურაცხმყოფელი გამოდგა მთელი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის. მთავრობამ გააგრძელა საკუთარი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა და უკომპრომისობით ხელი შეუწყო პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას. მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე პასუხისმგებლობა ოპოზიციისთვის დაეკისრებინა. პოლიტიკური პროცესები ლოგიკურად აღმოჩნდა ჩიხში. ნოემბრის ცივ ამინდში, კოვიდპანდემიისა და გრიპის მძვინვარების სეზონზე, ადამიანთა მრავალათასიან მასაზე გაყინული წყლის მიშვება მათი სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია და ამის უგულებელყოფა უბრალოდ უზნეობაა.
ნანა გეგეჭკორი: როცა ადამიანების ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლას ცდილობ, თუნდაც ეს მათი გადარჩენისთვის იყოს აუცილებელი, უნდა აუხსნა, რას ელოდები ამ შეზღუდვებისგან. საქართველომ უკვე გამოიარა ორთვიანი ლოკდაუნი და შედეგად მხოლოდ პანდემიიის ტალღის დროებითი გადავადება მიიღო. სამწუხაროდ, ის დრო ვერ იქნა გამოყენებული ჯანდაცვის სისტემის კოვიდინფექციასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად.
ბუნებრივია, მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვები რას მოიტანს ახალი „ლოკდაუნი“? უპასუხოდ დარჩენილი კითხვები კი პროტესტს იწვევს და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს მათ. ხელისუფლებამ ვერ გასწია საკმარისი სამუშაო, რათა მოქალაქეები დაერწმუნებინა პრევენციის წესების დაცვის აუცილებლობაში. ამავე დროს, შეიქმნა სრულიად გაუმართლებელი, ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ჰქონდა პირველი ტალღა და ის წარმატებით მართა. ყოველდღე გვესმოდა ტელეეკრანებიდან, როგორ გავუსწარით ევროპასა და ამერიკას პანდემიის წარმატებით მართვაში.
არცერთი რეგულაცია არ იყო დამყარებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზზე, რადგან ასეთი ანალიზი სავარაუდოდ არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. სინამდვილეში კი საქართველოს ახლა აქვს პანდემიის პირველი ტალღა და მას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ამ პირობებში, ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ ინფიცირების ტემპის შენელებას და ჰოსპიტალური სექტორის დახმარებას, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს დაავადებულთა დროული მკურნალობა და პერსონალის რეკრუტირება, ვხედავთ დანაშაულებრივ ქმედებას, ცივი წყლის ჭავლით ადამიანების დევნას.
მოქალაქეები, ვინც ნოემბრის სუსხიან ღამეს ცივი წყლის ჭავლით გაფანტეს, ფაქტიურად სასიკვდილოდ გაიმეტეს. საქართველოში უამრავი ადამიანია ინფიცირებული და არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ იქ მყოფთა რაღაც ნაწილი უსიმპტომოდ იყო ავად ან ინკუბაციურ პერიოდში იმყოფებოდა. ცხადია, გადაცივება მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.
ბიძინა კულუმბეგოვი: მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და გულშემატკივარი ამ ქვეყნის, ვითხოვ დასხდნენ, დაილაპარაკონ, კომპრომისი მონახონ და ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არის ძალიან რისკის შემცველი, ყველა ნაბიჯი, ყველა მხრიდან. დავალება მაქვს ორივე მხარის მიმართ - როგორც მოქალაქეს.
აქციები რისკს ზრდის, უსამართლობის განცდა ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, უნდა გავიზარდოთ. თუ ვერ ვიზრდებით და ისევ წრეზე ვტრიალებთ, ეს ძალიან სამწუხაროა და ჩემში, როგორც ადამიანში, დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
წყლის მისხმა პანდემიის დროს კოვიდს არ გაავრცელებს, მაგრამ იქ მყოფების დაახლოებით 20%-ს მაინც დაემართება ფილტების ანთება და ისედაც საავადმყოფოებში ადგილი არ გვაქვს და ახალი ავადმყოფობების დამატება იქნება თუნდაც იმ კოვიდპაციენტებისთვის სერიოზული დარტყმა.
კომენდანტის საათი ალბათ 15-20%-იან ეფექტს მოგვცემს, მაგრამ ეს ეფექტები სწრაფად არ გამოჩნდება, 10 დღის და მეტის შემდეგ დავინახავთ ამის შედეგებს.
უფრო და უფრო ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კლინიკებში ადგილები აღარ არის, ექიმებს ფაქტობრივად შეუსვენებლად უწევთ მუშაობა, სასწრაფო გამოძახებებს ვერ აუდის და სატელეფონო კონსულტაციაც კი შეუძლებელი ხდება ხშირად - თქვენც გაქვთ კომუნიკაცია კოლეგებთანაც და პაციენტებთანაც და იცით, როგორ მძიმდება ყოველდღიურად ვითარება. ხელისუფლება ჯერ ისევ ამტკიცებს, რომ ვითარებას აკონტროლებს. რა შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ ვითარებაში და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პირობებში - დროებითი და მკაცრი ლოკდაუნი? საველე ჰოსპიტლები? ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი?
ზურაბ გურული: მთავარი გარდამტეხი ამ ვითარებაში არის ნდობის აღდგენა მთავრობასა და მოსახლეობას შორის. ის რაც დღეს ხდება, პირდაპირი შედეგია ილუზიების კასკადისა, რომელიც დღევანდელმა მმართველმა ძალამ შექმნა პანდემიის დაწყებიდან. მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ჯანდაცვის სექტორს ჰქონდა კოვიდის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა; სინამდვილეში კი ვირუსის პირველი სერიოზული შემოტევა მხოლოდ შემოდგომაზე დაიწყო და პირველი დარტყმისთანავე ნოკაუტში ჩააგდო სრულიად მოუმზადებელი სისტემა. მხოლოდ ლოგიკური თანმიმდევრულობით და საზოგადოებასთან ნდობის აღდგენით იქნება შესაძლებელი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ეფექტური გამკაცრება; ლოგისტიკის ზუსტი დაგეგმვა. განცალკევებულ დეტალებზე განყენებული საუბარი უაზრობაა, რადგან ჩვენ ისიც არ ვიცით, რა რესურსები გვაქვს რეალურად.
ნანა გეგეჭკორი: საქართველომ დაკარგა 6 თვე ჰოსპიტალური სექტორის და პირველადი ჯანდაცვის სისტემების ადეკვატურად მოსამზადებლად. ინფიცირებულთა ნაკადი, სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში გაიზრდება, მოიმატებს მძიმედ დაავადებულთა პროპროციული წილიც. ამგვარი პაციენტების მოვლა განსაკუთრებულ ადამიანურ, მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებს მოითხოვს. სასწრაფოდ უნდა შეძლონ ამ რესურსის მოძიება თორემ სიტუაცია უმართავი გახდება.
ასეთ პირობებში დამატებითი რისკების შექმნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად გაუმართლებელია. ქუჩაში მიმდინარე პროცესები ეპიდემიურ სიტუაციას ნამდვილად არ წაადგება. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები.
დღევანდელი ეპიზოდის შედეგებს ორ სამ კვირაში იგრძნობს ჯანდაცვის სისტემა. ამ ვითარებაში გარდამტეხი, პრობლემის აღიარება და გადაჭრის გზებზე პროფესიონალებთან ერთად მუშაობა იქნება.
„ლოკდაუნი“, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამოსავალი, თუ ამ დროს გონივრულად არ გამოიყენებ. რას მივაღწიეთ თითქმის ორთვიანი ჩაკეტვებით? უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული. რესურსები არამიზნობრივად გაიხარჯა კოვიდსასტუმროებსა თუ მცირე ან სულაც უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია-კარანტინში.
ამ დღეებში გავეცანი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშს. ანგარიშიდან ნათლად ჩანს რომ მითითებულ პერიოდში ჰოსპიტლიდან გაწერილი პაციენტების 56.1% მსუბუქი ფორმით იყო დაავადებული. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ჰოსპიტალში გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა მსუბუქთა ჯგუფში შეადგენდა 18.7 დღეს. ეს პაციენტების ის კატეგორიაა, ვისაც არცერთი „გაიდლაინით“ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. მეტიც, ჰოსპიტალიზაცია ხშირად არ სჭირდებათ საშუალო სიმძიმის პაციენტებსაც.
ამავე ანგარიშში იპოვით განსაზღვრებას საშუალო სიმძიმის დაავადების შესახებ: მწვავე რესპირაციული ინფექცია პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობის გარეშე. ესეც არის კატეგორია, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს და მათი მართვა თავისუფლად შეეძლო პირველადი ჯანდაცვის რგოლს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საშუალო სიმძიმის 34.7%-მა ჰოსპიტალში საშუალოდ 21.4 დღე გაატარა. არ ვიცი, რატომ განსხვავდებოდა ქართული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ასე დრამატულად ევროპული და ამერიკული „გაიდლაინებისაგან“. ერთი რამ კი ცხადია, რესურსები, რომელიც ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციას მოხმარდა, თავისუფლად შეეძლოთ გამოეყენებინათ ჰოსპიტალური სექტორის უკეთ მოსამზადებლად. დღეს ამავე სიმძიმის პაციენტებს ვეუბნებით, რომ მათი დაავადების მართვა ბინაზეც არის შესაძლებელი. სწორედ ეს არათანმიმდევრულობა იწვევს უნდობლობას და გაურკვევლობას. ჩვენი ჰოსპიტლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. მრავალპროფილური ჰოსპიტალი სამი კორპუსისგან შედგება. კოვიდპანდემიის პიკზე ჰიბრიდული კორპუსი მთლიანად დაეთმო ინფიცირებულთა მოვლას. ონკოლოგიური ცენტრი გამოიყო სხვა დაავადებებისთვის და რეაბილიტაციის ცენტრი გამოიყენეს შედარებით მსუბუქად დაავადებული პაციენტებისთვის. ანუ მათთვის, ვისაც უკვე აღარ სჭირდებოდა მართვითი სუნთქვა, მაგრამ სახლში ჯერაც ვერ გაეწერებოდა, რადგან ჟანგბადზე იყო დამოკიდებული, ან რამე სხვა მძიმე გართულებების მკურნალობის კურსს გადიოდა.
პირველი ორი კვირის განმავლობაში უსწრაფესად მოხდა მთელი სამედიცინო პერსონალის გადამზადება ახალი რეალობისთვის. ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა მობილური ჯგუფები დადიოდნენ განყოფილებებში და გვასწავლიდნენ მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების მოვლის თავისებურებებს მათ, ვისაც ეს პროფილურად მანამდე არ გვევალებოდა. ამგვარი გადაწყობისთვის ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე გვქონდა, საქართველოს კი - მინიმუმ 6 თვე.
ასევე უდიდესი შრომაა გასაწევი ადამიანების დასარწმუნებლად, რომ კოვიდი არ არის გრიპი და ჩვენ ძალიან სერიოზულები უნდა ვიყოთ მასთან მიმართებაში. პანდემიის მართვის ბერკეტები თანაბრადაა საზოგადოების და ხელისუფლების ხელში. მოქალაქეებმა პრევენციის წესები ზედმიწევნით უნდა დაიცვან და ეს ყველას ერთად მისცემს ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას. თუ ყველანი ვივლით სწორად მორგებული ნიღაბით, დავიცავთ დისტანციას და ჰიგიენის წესებს, ამასთანავე, ხელისუფლება გაატარებს უსწრაფეს, ეფექტურ და გონივრულ ცვლილებებს, ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ეკონომიკა. სხვაგვარად მსხვერპლიც და ეკონომიკური კოლაფსიც გარდაუვალი იქნება. მარტივი წესების დაცვით შევძლებთ ერთმანეთის და მომავლის დაცვას.
ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენი ჯანდაცვის რესურსები უკვე ზღვარზეა, როცა გვაქვს დაახლოებით 3 000 შემთხვევა ყოველდღიურად, თუ 1000 ან 1500 შემთხვევით მეტი იქნება, ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა გამოაცხადოს მკაცრი ლოკდაუნი, როგორც არის საფრანგეთში, როგორც იყო ნიუ-იორკში. სხვა გამოსავალი არ არის. ადამიანებს სახლში ხომ ვერ მოკლავ. ვიღაც შეიძლება თამამად და გარკვეულწილად შეუგნებლადაც უდგება, მერე რა, შემხვდება და გადავიტან, მაგრამ ეს სწორი არ არის. ჯერ ზღვარზე ვართ და იმედია, შევინარჩუნებთ ამ ზღარს, თუ სწორად ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ უსაფრთხოების წესებს - ჩვენზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, რომ რიცხვი არ მივიდეს 5 000-მდე, თორე იქ უკვე ლოკდაუნი იქნება გარდაუვალი.
არჩევნების, მით უმეტეს ისეთი არჩევნების მერე, როცა არსებობს კითხვები მის სამართლიანობასთან დაკავშირებით, შეზღუდვები განიხილება სამოქალაქო პროტესტის ჩახშობის გზად, მეორე მხრივ, ხალხმრავალი აქციები არის საფრთხე ვირუსის გავრცელებისთვის - სად არის ოქროს შუალედი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობისა და დემოკრატიული ღირებულებების, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად?
ზურაბ გურული: დიახ, როდესაც ასეთი კითხვის ნიშნები არსებობს, შეზღუდვები აბსოლუტურად სამართლიანად იქნება განხილული სამოქალაქო პროტესტის ჩახშობის გზად. ამერიკაშიც ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ამერიკას უკვე გადალახული აქვს პანდემიის პიკიც და მისი ჯანდაცვის სისტემაც სრულ მზადყოფნაშია.
მმართველ ძალას სიტუაციის შემოსაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა დარჩა; ვინაიდან მას ეკისრება სრული და უპირობო პასუხისმგებლობა როგორც ეპიდემიოლოგიური კოლაფსის, ასევე პოლიტიკური კრიზისის შექმნაზე, თავად უნდა განმუხტოს შექმნილი ჩიხური სიტუაცია გონივრული დათმობით.
ეს არის ერთადერთი საშუალება საკუთარი ხალხის ნდობის დასაბრუნებლად და მათგან თანამშრომლობის დაპირების მისაღებად.
რაც შეეხება ოპოზიციასა და შეურაცხყოფილ ამომრჩევლებს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, რადგან ქვეყანა პოლიტიკური ცუგცვანგის მდგომარეობაშია და ისედაც გამოუვალი ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება.
მათ ან უნდა დაიყოლიონ მთავრობა გონივრულ ქმედებაზე, ან შეეგუონ ქვეყნის პრაქტიკულ კოლაფსს.
ნანა გეგეჭკორი: ოქროს შუალედი მდგომარეობის გარდატეხისთვის ადამიანის უმთავრესი, სიცოცხლის, შრომის, ხმის უფლებების პატივისცემაშია. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ყველას ხელისუფლებაა, იმათიც, ვინც მას არ ეთანხმება და პატივი სცეს ყველას არჩევანს. სრული პასუხისმგებლობა ქუჩაში მიმდინარე პროცესებზე ეკისრება ხელისუფლებას, ქუჩაში მყოფების წილი ამაში მორალურის ფარგლებს ვერ გასცილდება, რადგან მათ მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. პანდემიის პიკზე პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა ადამიანების თვითმკვლელობისკენ წაქეზების ტოლფასად შეიძლება ჩაითვალოს. ხელისუფლება ვალდებულია, თანაბრად იზრუნოს საკუთარ და ოპოზიციურ ამომრჩეველზე.
ბიძინა კულუმბეგოვი: გამოსავალი იქნება მოლაპარაკების რეჟიმზე გადასვლა, სხვა შემთხვევაში იქნება უმკაცრესი ლოკდაუნი, სამწუხაროდ, აქეთ წავა ჩვენი ქვეყანა. ლოკდაუნი ნიშნავს იმასაც, რომ არაკოვიდ, სხვა პაციენტებს სამედიცინო სერვისების მიღება ეზღუდებათ და შეიძლება სხვა დაავადებებით დაიხოცოს ხალხი.