29 ოქტომბერს ამოიწურა ის ორთვიანი ვადა, რომელშიც დე ფაქტო პარლამენტს ე.წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა. დე ფაქტო პრეზიდენტმა დე ფაქტო პარლამენტს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად გენადი ბეკოევი წარუდგინა. კანონის მიხედვით, დე ფაქტო პარლამენტს ორი თვის ვადაში მისი კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა, თუმცა პარლამენტის უმრავლესობას ეს საკითხი არც კი განუხილავს. სამართლებრივი კოლიზიის მიუხედავად, ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ე.წ. მინისტრთა კაბინეტი მუშაობას აგრძელებს, ბიბილოვი კი პარლამენტის იმ წევრებს, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, რევანშისტებს უწოდებს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შურისმაძიებლური მოქმედებებით სახელმწიფო წინ ვერ წავა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის დეპუტატებს, დაბრუნდნენ და გააგრძელონ მუშაობა. ჩვენ წინ ბევრი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი და ყველაზე მთავარი ამოცანა - ეს პანდემიასთან ბრძოლაა. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და გადაწყვეტილება ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხება, რომელიც უკვე მზადდება და ორიენტირებული იქნება კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსების გამოყოფაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საზოგადოების და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე და დაიწყონ მუშაობა“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობასთან ონლაინკონფერენციის დროს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის უმრავლესობა, 2 თვეზე მეტია, ბოიკოტის რეჟიმშია. „დეპუტატებმა“ გაფიცვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ციხეში ცემით მოკლეს ადგილობრივი მცხოვრები ინალ ჯაბიევი. ამ ფაქტმა ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია, რასაც დე ფაქტო მთავრობის გადადგომაც მოჰყვა, თუმცა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა ამან არ დააკმაყოფილა, ისინი ანატოლი ბიბილოვს დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასესიო დარბაზში დაბრუნებას არ აპირებენ. ბიბილოვი ჯაგაევს თანამდებობიდან არ ათავისუფლებს, „დეპუტატები“ კი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ. „დეპუტატების“ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს. პარტია „ნიხასის“ წარმომადგენელი დავით სანაკოევი, პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ ბიბილოვი კრიზისიდან გამოსასვლელად არანაირ ნაბიჯს არ დგამს.
„ჩვენ არ გვინახავს არც პრეზიდენტის, არც მთავრობიდან ვინმეს ინფორმაცია ან განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს, როგორ ხედავენ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების რეალიზაციას. ფაქტობრივად, ახლა ასეთი უფლებამოსილება არ არსებობს და ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ბეკოევი, მოაწერს, უკანონო იქნება. მაგალითად, თუ რომელიმე მხარე ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იქნება, მას სასამართლოში გაასაჩივრებს და აუცილებლად მოიგებს, იმიტომ რომ მას (ბეკოევს) არა აქვს უფლებამოსილება, მთავრობის სახელით ხელი რამეს მოაწეროს. მორჩა, ისინი დამთავრდნენ. ახლა ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ პრეზიდენტს რჩება - შესაძლებლობა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით. პრეზიდენტს შეუძლია, რესპუბლიკა სამართლებრივი კოლაფსიდან გამოიყვანოს. მან პარლამენტში უნდა გამოგზავნოს გენერალური პროკურორის გადაყენების გადაწყვეტილება და, ამავე დროს, უნდა გამოგზავნოს ახალი მთავრობის წარდგინება, იმისთვის რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, რომელსაც კანონიერი ძალა ექნება“, - ამბობს დავით სანაკოევი.
გარდა ამისა, მისი აზრით, ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ხელისუფლებასაც უხერხულობას უქმნის, როცა, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი მოსკოვს კოვიდ-19-თან საბრძოლველად ფინანსურ დახმარებას სთხოვს. სანაკოევი კითხულობს, რა სტატუსით აგზავნის ამ მოთხოვნას ტოტჩიევი მოსკოვში? მისი თქმით, ბეკოევის გარდა, მისი ე.წ. კაბინეტის წევრებიც არალეგიტიმურები არიან.
„დღეს ჩვენ არალეგიტიმური მთავრობა გვყავს, ფაქტობრივად, ის არ არსებობს. მთავრობა შედგება მინისტრებისგან, კომიტეტების ხელმძღვანელებისგან და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენ არც ჯანდაცვის მინისტრი გვყავს, როგორც ასეთი. მე არ ვიცი, ტოტჩიევი რა სტატუსით მიმართავს და კიდევ ისიც საინტერესოა, პარლამენტში რა სტატუსით გამოგზავნიან ე.წ. მთავრობიდან ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტს, თუ მთავრობა არ გვყავს“.
დაპირისპირება დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებსა და ანატოლი ბიბილოვს შორის 1 სექტემბრიდან დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევის მკვლელობის შემდეგ „დეპუტატების“ უმრავლესობამ ბოიკოტი დაიწყო და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადადგომა და ხმაურიანი დანაშაულის ობიექტური გამოძიება მოითხოვა. მათი მოთხოვნები შესრულებული არ არის, ისინი კი ე.წ. მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, დე ფაქტო პრეზიდენტსა და ე.წ. მთავრობას კი ისედაც არალეგიტიმურად და უკანონოდ მიიჩნევს. ახლა ამას ისიც დაემატა, რომ შიდა ოპოზიცია ბიბილოვის ე.წ. მთავრობას ასევე არალეგიტიმურად და უკანონოდ აცხადებს.