ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოცემა „რესის“ თანახმად, ამ ინფორმაციას ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანი დინა გასიევა ავრცელებს.
როგორც იგი იტყობინება, ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ანატოლი ბიბილოვს დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვს და დისტანციურად აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას.
გამოცემა „რესის“ თანახმად, კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდა ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანს, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარ სანიტარიულ ექიმსა და ე.წ. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. კორონავირუსითაა ინფიცირებული დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევიც.
ერთი დღის განმავლობაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად, 57 დადასტურებული შემთხვევით გაიზარდა. არის გარდაცვალების პირველი შემთხვევაც. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ექიმის ცნობით, გარდაცვლილია 88 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 194 ადამიანი დაინფიცირდა.