სამგორის ოლქის #97 უბნის ბიულეტენების ხელახალი დათვლის შედეგად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა კიდევ 149 ხმა იქნა აღმოჩენილი, ხოლო ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა და იქ მაჩვენებლების მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა გაჩნდა. ეს ფაქტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. საოლქო კომისიებში განხილვას კვლავაც ელოდება რამდენიმე ასეული საჩივარი, რომლებიც შემაჯამებელი ოქმების დისბალანსს უკავშირდება. სწორედ საუბნო კომისიების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული - რამდენი საქმე წავა სასამართლოში.
სამგორის ოლქის #97 უბნის ბიულეტენების ხელახალი დათვლა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საჩივარზე დაყრდნობით მოხდა. ოლქში ამ უბნის მონაცემები 3 ნოემბერს, გვიან ღამით გადაითვალა და წინასწარ გაცხადებულi შედეგისგან განსხვავებული სურათი დაიხატა:
- არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში - „ლელოს“ კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის სათვალავზე 0-ის ნაცვლად, 47 ხმა აღმოჩნდა;
- არჩევნების პროპორციულ ნაწილში - ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებს" 4-ის ნაცვლად, 26 ხმა ჰქონია მიღებული; „სტრატეგია აღმაშენებელს - 9-ის ნაცვლად, 39 ხმა; „გირჩს“ – 2-ის ნაცვლად 32 ხმა; ხოლო „ლელოს“ – 6-ის ნაცვლად 26 ხმა.
საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ასასხული ხმების რაოდენობასთან შედარებით, ამ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ 149 ხმა იქნა მოძიებული. როგორც ISFED-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ეს ხმები ბათილად ჩათვლილ ბიულეტენებთან ერთად იყo შეკრული - „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე”.
„სამართლიან არჩევნებს“ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით 100-მდე საჩივარი აქვს დაწერილი. ორგანიზაციის წარმომადგენლის - ნინო რიჟამაძის თქმით, 5 საჩივარზე უკვე მიიღეს უარი, ვაკისა და საბურთალოს ოლქების შემთხვევაში.
„ამ შემთხვევებშიც პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმომწერთა რაოდენობას. ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევებში რაღაც ნამდვილად ხდება“ - გვითხრა ISFED-ის წარმომადგენელმა, ნინო რიჟამაძემ.
ორგანიზაცია საოლქო კომისიების მიერ დაუკმაყოფილებელ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში გააგრძელებს დავას და იმედოვნებს, რომ ამ გზით მიაღწევს უბნების მონაცემთა ხელახალ გადათვლასა და გადამოწმებას.
საოლქო კომისიებიდან უარის მიღების ყოველ ფაქტზე, სასამართლოს გზით აპირებენ წასვლას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ, 25 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა უნდა გადაითვალოს - „არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 120-მდე საჩივარი აქვს დაწერილი. მათი ნაწილი შემაჯამებელი ოლქებთან დაკავშირებული საეჭვო შესწორებული ოქმების საკითხს უკავშირდება. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ყველა იმ პრობლემური უბნის მონაცემები, რომელთა შესწორებული ოქმებიც, არა კენჭისყრის დღეს უბნებზე, არამედ მოგვიანებით - ოლქებში შედგა.
„კომისიის წევრების ზეპირ მითითებას, რომ ერთი მონაცემის ნაცვლად, უნდა ეწეროს სხვა, რატომ უნდა ვენდოთ?“ - შეკითხვას სვამს საიას წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაცია საოლქო კომისიების გადაწყვეტილებას არაერთ, ურთიერთგანსხვავებულ დარღვევასთან დაკავშირებით 4 ნოემბრის განხილვებზე ელოდება.
ათეულობით საჩივართან დაკავშირებით, ასევე მოლოდინის რეჟიმშია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელსაც გადათვლის მოთხოვნით 61 უბნის შედეგი აქვს გასაჩივრებული.
„ამ უბნებზე ან ზედმეტობა იყო ბიულეტენების ან ძალიან ბევრი აკლდა... ვითხოვთ გაბათილდეს ის შედეგები და გადაითვალონ ახლიდან დაგაითვალონ ხმები... ერთ ძალიან მნიშვნელოვან უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ჩაყარა ბიულეტენები. შედეგად კი, კომისიის წევრებს, რომლებიც ამას ხედავდნენ, გამოუცხადეს საყვედური და არ გააუქმეს უბნის შედეგები. თუ პრობლემა იყო და საყვედური გამოუცხადეს, მაშინ შედეგები რატომ არ გააუქმეს?... აუცილებელია ყველა საეჭვო უბნის გადათვლა, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს არჩევნების შედეგებიც - განაცხადა პრგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, რადიო თავისუფლების პროგრამა "დილის საუბრებში"..
ერთი ასეთი შემთხვევა, რომელის საფუძველზეც დიდი ალბათობით გადაიხედება მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთში მიღებული შედეგი, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებას უკავშირდება.
- ციხეში შეგროვილი ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად აღმოჩენილ ცდომილებას სპეციალური სიით მიღებული შედეგების მაჟორიტარული ნაწილის გაუქმება მოჰყვა;
- ამის შედეგად კი, დიდი ალბათობით გადაიხედება „ქართული ოცნების“ კანდიდატის, შალვა კერესელიძის (რომელსაც 50%-იანი ზღვარი 0.21%-ით ჰქონდა გადალახული) გამარჯვება და მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა.
ცესკომ განაცხადა, რომ შედეგების გადასინჯვა ამ შემთხვევაში საოლქო კომისიის ინიციატივით მოხდა. „არასწორად იყო (მაჟორიტარული ნაწილის) ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს. გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.
პარალელურად, საჩივრების განხილვას ელოდებიან პოლიტიკური ძალები. ბლოკის „ძალა ერთობაშია“ ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შეტანილია1216 საჩივარი და გამოკვეთილია ძალიან სერიოზული დარღვევები. ბლოკი იმ უბნების სრულ ბათილობას ითხოვს, სადაც „ბიულეტენი აღმოჩნდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რიცხვი“, ხოლო სხვა სახის პრობლემების შემთხვევაში, გამოსავლად ხელახალი გადათვლა მიაჩნია.
პარალელურად, ბლოკი ლაპარაკობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე. „ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები არის გაყალბებული. საუბარია ათეულობით ხელმოწერაზე და ეს მხოლოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით“ - განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა იურისტმა, ბექა ბასილაიამ. სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, ბლოკმა პროკურატურას მიმართა.