ახალგორის პირველი საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვერა კოტოლოვა წუხელ გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, მასწავლებელი მაღალი სიცხით ჯერ ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ახალგორიდან კი ცხინვალში გაგზავნეს, სადაც ეჭვი ინსულტზე მიიტანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სახლში გაწერეს. კოტოლოვა სახლში წუხელ გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა ახალგორში მიმართა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, თუმცა მათ საშუალება არ მისცეს, რომ პაციენტს ოკუპირებული დაბა დაეტოვებინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ემკურნალა. კოტოლოვას ნათესავების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ჩაკეტილი დაბის გამო ისინი დაკრძალვაზე ჩასვლასაც ვერ მოახერხებენ.
ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მას კოტოლოვას შვილიშვილი რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა და ბებიის გადმოყვანაში დახმარება სთხოვა.
„მე ვუთხარი, რომ თუ საოკუპაციო რეჟიმი კოტოლოვას გადმოყვანის უფლებას მისცემდა, ოძისთან სასწრაფო დახმარების მანქანას დავახვედრებდი და კლინიკაში გადავიყვანდით, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაუწევდნენ, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა და ეს შედეგი დადგა. სამწუხაროდ, კოტოლოვა პირველი არ არის. ამ უკანონო ქმედებებით და შეზღუდვებით, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას აქვს დაწესებული, სხვა პრობლემების გარდა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
რადიო თავისუფლება კოტოლოვას ნათესავებს დაუკავშირდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თქმით, ოჯახს ახლა მძიმე წუთები აქვს და ამ ამბის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა არ სურთ. ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, ვერა კოტოლოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.
მეორე ნათესავი კი ასეთ რამეს გვწერს: „ჩვენი ნათესავები ახლა იქ (ახალგორში) არიან. არ მინდა თუნდაც ჩემი ერთი სიტყვით მათ პრობლემები შევუქმნა“.
გარდა იმისა, რომ კოტოლოვას ოჯახის წევრებს ახლა მძიმე წუთები აქვთ და საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა ისიც კი არ იციან, გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე გაცილებას შეძლებენ თუ არა, ამავე დროს იმაზეც ფიქრობენ, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილ ნათესავებს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნათ. ამიტომ რადიო თავისუფლება მათ ვინაობას არ ასახელებს.
რადიო თავისუფლებას ახალგორელი წყარო კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ ატყობინებს. ხათუნა ქურთაული დაბაში რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა და მისი ოჯახის წევრები დაკრძალვაზე ვერ ჩავიდნენ. გარდაცვლილის და, ნონა ქურთაული, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მან და უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალგორში 14 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო და არც მათ ოჯახებს მისცეს პაციენტების თბილისის კლინიკებში გადაყვანის უფლება. თუმცა, ჩვენი ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს.
დე ფაქტო ხელისუფლებას გზის გახსნას სთხოვენ როგორც ეთნიკური ქართველები, ისე ოსები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ექიმთან მისვლა უნდა, რადგან ადგილზე, უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო, ნორმალური ანალიზების გაკეთებაც კი შეუძლებელია.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ჩაკეტა. ამ დროის განმავლობაში ბიბილოვის ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ 10 დღით გაუხსნა გზა ადგილობრივ პენსიონერებს იმისთვის, რომ წეროვანში მყოფი ნათესავები მოენახულებინათ, ექიმთან მისულიყვნენ, პენსია მიეღოთ და ისევ დაბაში დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ 6 თვეზე მეტია, ახალგორი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს.
არაერთმა საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი დაბა ახალგორში სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს, მაგრამ ბიბილოვი ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არ ითვალისწინებს და ჩორჩანა-წნელისის პრობლემის მოგვარებამდე დაბას ისევ ჩაკეტილს ტოვებს.