2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღეზე ნაკლები დარჩა. კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა მთავარი სლოგანი ისევ "დარჩი სახლშია", ოპოზიცია მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის გათვლებით, თუ არჩევნებში მოქალაქეთა 55 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიცია გაიმარჯვებს.
აქვს თუ არა არჩევნებზე აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა და რა უბიძგებს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლაზე ან პირიქით, სახლში დარჩენისკენ - ამ საკითხზე რადიო თავისუფლება პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
რა ახდენს გავლენას არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობაზე?
ჩემი დაკვირვებით არჩევნებზე ამომრჩეველთა სიმცირე რამდენიმე რამეზე მიუთითებს:
- ამომრჩეველი ხელჩაქნეულია და არავის იმედი აქვს, არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და ამიტომ არ იღებს მონაწილეობას;
- ან ამომრჩეველი არ ენდობა არჩევნებს, ფიქრობს, რომ მის მისვლას არ აქვს აზრი და ხელისუფლება თავის სასიკეთოდ გამოიყენებს;
- ან არ უნდათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა, მაგრამ ეშინიათ და ჰგონიათ, რომ თუ მივლენ არჩევნებზე, ცნობილი გახდება ვის მისცემენ ისინი ხმას მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არაა.
შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ დადის არჩევნებზე?
მე რა მიზეზებიც ჩამოვთვალე, ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მთქმელი ამომრჩეველი არ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი. ამიტომ წინასაარჩევნო კვლევებში ნახსენები "გადაუწყვეტელი ამომრჩევლები" შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ვინმე არ მივა არჩევნებზე, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი.
გამოდის, რომ არჩევნებზე ნაკლები აქტივობა ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს... თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლება რამდენად აქტიურად მოუწოდებს ხოლმე ამომრჩეველს მივიდეს არჩევნებზე?
ადრე ხელისუფლებაც მოუწოდებდა ამომრჩეველს, სანამ არსებობდა არჩევნების ჩატარების კვოტა. თუ ამომრჩევლის ნახევარი არ მივიდოდა, არჩევნები ჩატარებულად არ ითვლებოდა და ხელახლა უნდა გამართულიყო. იყო დრო, როცა ძალიან დაბალი იყო აქტივობა. მე მახსენდება 2000 წელის საპრეზიდენტო არჩევნები.
დღეს ასეთი კვოტა აღარ არსებობს და ნაკლებად ისმის მსგავსი მოწოდება. ჩუმად არ არის ხელისუფლება, მაგრამ დაჟინებითი თხოვნა, რომ "მოდით არჩევნებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - ბოლო წლებია მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან ისმის. დაახლოებით, ბოლო 15 წელი ასეთი მდგომარეობაა.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დრო 60 პროცენტზე მეტი მივიდა არჩევნებზე, 2016 (საპარლამენტო) და 2018 (საპრეზიდენტო) წელს 50 პროცენტზე ნაკლები. როდის მიდის ხოლმე არჩევნებზე ბევრი ამომრჩეველი?
როცა არის ხოლმე წინარევოლუციური განწყობა. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად რევოლუციაა, მაგრამ ასეთი განწყობაა ხალხში. ასეთი პერიოდი იყო 1990 წელს, როცა პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო. ასეთივე იყო 2004-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს და 2012 წელსაც. ასეთ დროს ხდება ხოლმე ამომრჩევლის მობილიზება. ან რამე საფრთხე უნდა დაინახოს ამომრჩეველმა ან წინარევოლუციური განწყობა უნდა იყოს.
ნიშნავს თუ არა დაბალი აქტივობა ოპოზიციის ორმაგ მარცხს - ვერ დაარწმუნეს მოქალაქეები, რომ ქვეყანა საფრთხეში შეიძლება იყოს და მეორე - ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში?
ერთია მიზეზი და მეორე უკვე შედეგი. ბევრი მიზეზია ხოლმე, რის გამოც ამომრჩეველი ხდება პასიური. ეს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავაბრალოთ ოპოზიციასაც. ეს შეიძლება ნაკლებად დავაბრალოთ მმართველ პარტიას, რადგან ის თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ყოველთვის ახერხებს და ამიტომ სულაც არ არის მოტივირებული სხვა ამომრჩეველი მივიდეს და ხელს არც უწყობს.
გახსენდებათ შემთხვევა, როცა ამომრჩევლის 60 პროცენტი მივიდა და ხელისუფლებამ გაიმარჯვა?
ჩვენთან ხელისუფლების ცვლა რევოლუციურ ფონზე ხდებოდა ხოლმე. თუმცა შემიძლია გავიხსენო 1992 წლის არჩევნები, მაგრამ მაშინ იყო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება და ხალხს ეგონა, რომ არჩევნები ამას გამოასწორებდა.
ხელისუფლების მეორე ვადის დროს, როგორც წესი, არჩევნებში მონაწილეთა აქტივობა ეცემა ხოლმე. არამარტო ამომრჩევლის აქტივობა, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვიც. მეორე ვადის დროს ხალხში რევოლუციის სუნი იგრძნობა და ამ დროს ამომრჩეველთა აქტივობაც იზრდება ხოლმე.
კორონავირუსის გათვალისწინებითა და არსებული რეალობით წელს მოსალოდნელია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა?
გამიჭირდება გითხრათ, რომ წელს ამომრჩეველი იაქტიურებს. პანდემიაც ზოგისთვის იქნება დამაბრკოლებელი გარემო - ადამიანების ნაწილი უფრთხის გარეთ გასვლას, თუმცა უმეტესი ნაწილი მსუბუქად ეკიდება ეპიდემიას და ეს არ იქნება გადამწყვეტი.
უფრო სხვა საკითხია. 2003-შიც და 2012-შიც უფრო მკვეთრად იყო გამოხატული წინარევოლუციური განწყობა, ახლა ეს ნაკლებად ჩანს.