ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს. თავად ხიდაშელი რუსული “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. ქართველ გამომძიებლებთან, 25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვისას ხიდაშელი ამბობს, რომ ის კარტოგრაფიული საქმიანობითაა დაკავებული ბოლო 20 წლის განმავლობაში, აქვს დიდი პირადი არქივი და საშუალება, მოიძიოს რუკები კონკრეტული სახელმწიფოს შესაბამისი უწყებიდან.
დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, მას ერთი წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამავლის მეშვეობით 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს რუკების მოძიება თხოვა. ხიდაშელი რუკებს რუსეთის სამ სხვადასხვა ორგანიზაციასა და საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივში ეძებდა.
ხიდაშელმა რუკები მარტში რუსეთის სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში მოიძია; “გეოდეზიის, კარტოგრაფიის და ინსფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან” ხელშეკრულება თავდაპირველად მის მაგივრად “იმ დროისთვის თანამშრომელმა” სერგეი ბრაგინმა გააფორმა. მოპოვებულ რუკებს ხიდაშელმა აპრილში, ისევ რუსეთში, ექსპერტიზა თავად ჩაუტარა; ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოში, მოწვეულ სპეციალისტად დაესწრო შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. შეხვდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრებს, ყოფილ და მოქმედ ექსპერტებს, მათ შორის ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვების შემდეგ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების მთავარი ბრალდებულები აღმოჩნდნენ.
საქმე საქართველო-აზრებაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს ეხება, რომელიც 1996 წელს დაიწყო. ორი ქვეყნის კომისიების დონეზე 24 წლის განმავლობაში საზღვრის მხოლოდ 66 პროცენტია შეთანხმებული. საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზეა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლის, VI საუკუნეში აშენებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაახლოებით 2%.
ზაფხულში შეხვედრისას, იხსნებს ხიდაშელი გამომძიებლებთან, მან მელაშვილს და ილიჩოვას ჰკითხა, თუ რატომ არ იყენებდნენ 1938 წლის რუკებს. ხიდაშელის თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრებისგან პირდაპირი პასუხი მის კითხვაზე არ მიუღია; ნატალია ილიჩოვას ის საკითხის საფუძვლიანად მცოდნე სპეციალისტს უწოდებს.
ხიდაშელი გამოკითხვისას ამბობს იმასაც, რომ მიუხედავად 1996 წლის ივნისის შეთანხმებისა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ საზღვრის დემარკაციისას 1938 წლის რუკას გამოიყენებდნენ, იმავე, 1996 წელსვე, კომისიამ 1978 წლის რუკებით დაიწყო მუშაობა და ეს ამბავი სიახლეს არ წარმოადგენდა;
დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, 1938 წლისა და უფრო ადრეული საქართველოს რუკების მოპოვების პროცესი ასეა აღწერილი:
- 2019 წლის ოქტომბერი - ხიდაშელს მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე სთხოვს დახმარებას 1936-1938 წელს გამოშვებული საქართველოს რუკების მოპოვების საქმეში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სჭირდება.
- საჭირო რუკები ხიდაშელმა მოსკოვში, სახელმწიფო ფედერაციული საბიუჯეტო დაწესებულების, “გეოდეზიის, კარტოგრაფიის და ინსფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში” იპოვა;
- 2020 წლის მარტში ამ რუკების მოსაპოვებლად მის მაგივრად სერგეი ივანეს ძე ბრაგინმა გააფორმა ცენტრთან ხელშეკრულება. ხიდაშელის განმარტებით, ბრაგინის ჩართვა საქმეში იმისთვის დაჭირდა, რომ თვითონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არ არის, თუმცა მისივე ცნობით, მოგვიანებით "გეოდეზიის, კარტოგრაფიის და ინსფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან" თავადაც გააფორმა ხელშეკრულება.
- “გეოდეზიის, კარტოგრაფიის და ინსფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა” ხიდაშელს 1:200 000 მასშტაბის 4 რუკა გადასცა. ყველა მათგანი შედგენილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატთა საბჭოს მიერ.
- K-38-22 შედგენილი 1933 წელს
- K 38-23 შედგენილი 1938 წელს
- K 38 28 შედგენილი 1936 წელს
- K 38-29 შედგენილი 1938 წელს
- დავით ხიდაშელმა ხელშეკრულება გააფორმა სს “სივრცული მონაცემების და სერვისების ოპერატორთან”, რომელმაც თავის მხრივ ხელშეკრულება გააფორმა სს “ურალგეოინფორმთან”. 2020 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების მიზანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1938 და 1978 წლებში, ისტორიულად არსებული სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის შედარება და ციფრული თემატური რუკების შექმნა. ეს მასალა ხიდაშელმა ივლისში მიიღო.
- საკვლევი მასალა და კვლევის შდეგები ხიდაშელმა საქართველოს 2020 წლის აპრილსა და ივლისში ორ ეტაპად და როგორც თვითონ აღნიშნავს, უსასყიდლოდ გადასცა.
- ხიდაშელმა 1 : 500 000 მასშტაბის, 1938 წელს შედგენილი ქართულენოვანი ადმინისტრაციული რუკა მოიპოვა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივშიც. მისი თქმით, ამ რუკაზე. მისი მასშტაბის მიუხედავად. ნათლად ჩანს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვარი გადიოდა მთის ძირში და არა მთის მწვერვალზე. ამასთანავე, ჩიჩხიტურის კოშკი და ბერების კელიები საქართველოს ტერიტორიაში იყო მოქცეული.
- 2020 წლის 30 ივლისს დავით ხიდაშელი და ბეჟან მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვდებიან კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალიას. ხიდაშელი ამ შეხვედრას მიწვეული სპეციალისტის სტატუსით ესწრება და დღეს უკვე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ეკითხება, რატომ არ გაითვალისწინეს 1938 წლის რუკა და რატომ იყენებდნენ მის ნაცვლად 1978 წლის და შემდგომ პერიოდში შედგენილ რუკებს. ხიდაშელის თქმით, კითხვაზე მას პირდაპირი პასუხი არ მიუღია.
- 2020 წლის 1 აგვისტოს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში კვლავ შედგა შეხვედრა დავით ხიდაშელისა და ბეჟან მაისურაძის მონაწილეობით. ამ შეხვედრას ესწრებოდა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა, რომელსაც ხიდაშელი იგივე კითხვას უსვამს რუკებთან დაკავშირებით, რაც ივერი მელაშვილს დაუსვა 30 ივლისს. ნატალია ილიჩოვა მას პასუხობს, რომ რაიონული მიწათმომწყობი კომისიების მონაცემებით შედგენილი რუკები შეცდომებით არის დაბეჭდილი და კომისია ამის გამო არ იყენებს მათ.
დავით ხიდაშელი ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებულ მასალას გრაფიკული ანალიზი რუსეთშივე ჩაუტარდა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ზოლის ფართობებს შორის 1938 და 1978 წლების რუკების მონაცემებით, სხვაობა 16 164 ჰექტარია, ხოლო 1938 წლის და 2006 წლის დელიმიტაციის კომისიის დოკუმენტაციით განსაზღვრულ შეუთანხმებელ მონაკვეთს შორის 8 601 ჰექტარია. იმის დაზუსტებას, თუ ამ ფართობიდან რა მონაკვეთია საქართველოს და რა მონაკვეთი აზერბაიჯანის მხარეს, ხიდაშელი გამოძიებას ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში შეპირდა.
ხიდაშელი გამოძიებას, 25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვისას, ეუბნება, რომ “საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები შეთანხმებულია, მაგრამ არ არის შედგენილი, ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმება, რაც საქართველოს მხარეს შესაძლებლობას აძლევს, არგუმენტირებულად და დასაბუთებულად საკითხი დააყენოს თუნდაც საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთების გადახედვასა და ცვლილებებზე.”
მან ასევე იცის და ჩვენებაშიც ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს შეთანხმებული ჩიჩხიტურის კოშკი და ბერების კელიები, რომელზეც საქმის მეორე მნიშვნელოვანი მოწმე, ბერი კირიონი ამბობს, რომ ეს ტერიტორია “წინა ხელისუფლების არასწორმა და არაპროფესიონალურმა განცხადებებმა დააკარგინა ქართულ მხარეს”.
დავით ხიდაშელი მედიასთან გაკეთებული კომენტარების მიხედვით საქართველოში უახლოეს დღეებში ბრუნდება. 25 აგვისტოს მიცემული ჩვენების მიხედვით ის გეგმავს ასზე მეტი რუკის ორიგინალის და დამხმარე დოკუმენტაციის გადაცემას სახელმწიფოსთვის.
რა ვიცით დავით ხიდაშელის შესახებ
დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ.
ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხიდაშელი პირველად 2020 წლის 13 აპრილს მოექცა, როდესაც 1.2 მილიონი ლარი შეწირა სტოპ-კოვიდის ფონდს.
ამჟამად ხიდაშელი ბერძნული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია, რომლის აქციების 51%-ს ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი “სისტემა” ფლობს.
ინტრაკომის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, 1988-1993 წლებში ხიდაშელი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ბულგარეთის კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის, Pravetz Corporation-ის წარმომადგენლობითი ოფისების აღმასრულებელი დირექტორი იყო, 1993 წლიდან 1998 წლამდე შვეიცარიაში საერთაშორისო გზებისა და ტრანსპორტის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის პორტს იკავებდა, 1998-99 წლებში იყო დსთ-ს ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენელი.
2004-2009 წლებში ის მოსკოვში იუნესკოს მსოფლიო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, 2007 წელს კი შეუერთდა ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაციას Sistema JSFC-ს, სადაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა, ასევე იყო ინოვაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი.
Sistema-ს დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ვლადიმირ ევტუშენკოვი – რუსული ოლიგარქიული ელიტის გავლენიანი წევრი, რომელსაც აქვს პირადი კონტაქტი პუტინთან. Sistema-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს ვლადიმირ ჩირახოვი, რომელსაც დამთავრებული აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აკადემია. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Sistema-ს მეწილეთა ყოველწლიური შეხვედრის დოკუმენტის მიხედვით, დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის მენეჯერთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელშიც ლევან ვასაძეც შედიოდა. მის პოზიციად ინვესტიციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი არის მითითებული.
2012 წლიდან “სისტემის” დორექტორთა საბჭოს წევრია ქართული წარმოშობის კიდევ ერთი ბიზნესმენი, დავით იაკობაშვილი.
2020 წელს “Სისტემის” მმართველობის სტრუქტურა შეიცვალა; მმართველთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად შუერთდა რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ანატოლი ჩუბაისი;
ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული არც ერთი პირი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.
ბრალდება ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა. განსხვავებულ ფართობს ასახელებს ბერი კირიონი გამოძიებისთვის 29 სექტემბერს მიცემულ ჩვენებაში და ამბობს, რომ კომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად იცის, რომ სახელმწიფო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას არასწორი მუშაობის შედეგად, 6700 ჰექტარ მიწას კარგავდა. დავით ხიდაშელი, კი 25 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ რუსეთში, მის დაკვეთით ჩატარებული ანალიზის შედეგად სხვაობა 1938 წლის რუკასა და 1978 წლის რუკებს შორის 16 164,6 ჰექტარია, ხოლო 1938 წლის რუკასა და 2006 წლის დელიმიტაციის კომისიის დოკუმენტაციით განსაზღვრულ შეუთანხმებელ მონაკვეთს შორის 8 601,6 ჰექტარი. გამოძიების მასალების მიხედვით, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ხიდაშელს, 25 აგვისტოს გამოკითხვისას არ დაუზუსტებია, რუკების შედარების შედეგად აღმოჩენილი სხვაობის უკვე შეთანხმებული 7563 ჰექტარიდან რა ფართობი შეთანხმდა საქართველოს და რა ფართობი აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები დავით-გარეჯთან დაკავშირებით 2020 წელს
26.03 - საქართველოს პრემიერმა დაამტკიცა კომისიის ახალი შემადგებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიას თავმჯდომარეობით. კომისიის ამ შემადგენლობაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არ შედიან.
17.08 - საქართველოს პროკურატურას წერილით მიმართავს თავდაცვის სამინისტროს და აწვდის როგორც ინფორმაციას “საზღვრის დამდგენი კომისიის ცალკეული წევრების საეჭვო საქმიანობის შესახებ”, ასევე “მნიშვნელოვან საარქივო და ტოპოგრაფიულ მასალას”.
24. 09 - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კარგი იქნება თუ ამ საკითხის გადაწყვეტას სპეციალისტებს მივანდობთ. მან თქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია სპეციალისტებს შეეძლოთ თავისუფალ გარემოში მუშაობა და სპეკულაციებმა და პოლიტიკურმა განაცხადებმა არ უნდა დააზიანონ. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისიც თქვა, რომ ამ თემას მესამე ძალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად იყენებს.
ამავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია.
2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ეს მოულოდნელობა ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს.
27.09 - მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ომში ჩართულ აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენისას არსებულ ხარვეზებზე საუბარი საქართველოსთვის უკიდურესად საზიანოა.
29.09 - პროკურატურამ საჯაროდ თქვა, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
1.10 - ნატალია ილიჩოვას სახლი და ივერი მელაშვილის ოფისი გაჩხრიკეს.
2. 10 - ნატალია ილიჩოვა პროკურატურაში დაკითხეს.
3. 10 - პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ივერი მელაშვილი. ამ დღეს მან თქვა, რომ “ახლადაღმოჩენილი რუკები” სინამდვილეში კომისიის წევრებისვის დიდი ხანია, ცნობილია, თუმცა იმის გამო, რომ ტექნიკურად გამართული არ არის, კომისია მას ვერ იყენებდა, ვინაიდან მეორე მხარესთან საკუთარი პოზიციების დასაცავად მხოლოდ მყარი მტკიცებულებებით არის საუბარი შესაძლებელი.
7. 10 - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს.
8. 10 - ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მაგანი ბრალს არ აღიარებს.