Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსელები ჩააფიქრა სწრაფმა ცვლილებებმა ყირგიზეთში


პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების თითქმის ორთვიანი პერიოდის შემდეგ ბელარუსელებმა უცებ აღმოაჩინეს, რომ ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლებით ამას რამდენიმე საათში მიაღწიეს.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით განრისხებულმა ყირგიზებმა არ დაახანეს. მათ ძალის გამოყენებით გამოხატეს თავიანთი მესიჯი, რომ 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო ოპოზიციის წინააღმდეგ. განრისხებული ხალხი შეიჭრა პარლამენტსა და სამთავრობო შენობებში, დაარბია პრეზიდენტის ოფისი და საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში გაათავისუფლა საპატიმროდან პირები, რომლებსაც ის პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდა.

მალე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა კენჭისყრის შედეგები და განმეორებითი არჩევნების ჩატარების გეგმის შესახებ გამოაცხადა. ამასობაში ქვეყნის ხელმძღვანელობა დაიმალა.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დემონსტრანტები პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის იმპიჩმენტს მოითხოვენ.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დემონსტრანტები პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

ბელარუსში კი ხალხი პირველად 9 აგვისტოს გავიდა ქუჩებში, მას მერე, რაც ნათელი გახდა, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკა კვლავ გამარჯვებულად გამოცხადდებოდა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში. არადა როცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ოპოზიციას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მოსახლეობაში. ორი თვის შემდეგ, მას მერე, რაც უზარმაზარ, მაგრამ მშვიდობიან წინააღმდეგობას წააწყდა, ლუკაშენკამ პირობა დადო, რომ არ დანებდება. მან გასაიდუმლოებულად დადო პრეზიდენტის ფიცი და დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალა გამოიყენა.

„ყირგიზეთში ერთ დღეში შეძლეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა,“ განუცხადა ტელეარხ Current Time-ს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა პავალ ლატუშკამ. „ჩემი აზრით, ბევრი უყურებს ამას... ალბათ მათ უკვირთ ეს და აფიქრებთ ეს.“

ბევრმა ბელარუსელმა გამოხატა, რომ მართლაც ფიქრობს ამაზე, მაგრამ თუკი ზოგს შურს ყირგიზი ხალხის მიღწევა, სხვები ორ ქვეყანას შორის განსხვავებებზე მიუთითებენ და გამოდიან მოწოდებით, კვლავაც მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს წინააღმდეგობა.

Telegram-ის ბაზაზე მოქმედ ჩატებში, რაც კომუნიკაციის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად იქცა ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის, ბევრი ეჭვს გამოთქვამს დროში გაწელილი თამაშის ავკარგიანობაზე.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრი წერს: „რევოლუცია ბელარუსში: სს [საკოორდინაციო საბჭო], [ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა] ციხანოუსკაია, დასავლეთის მხარდაჭერა, Nexta, გაფიცვები, მარშები, ყვავილები, ნამცხვრები და „ჭკვიანი“ ინტრიგები. შედეგი? [მთავრობის ძალები] განაგრძობენ ხალხის მოკვლას, გრძელდება დაუსრულებელი კამათი და უკვე 60 დღე გავიდა.“

მძღოლი ბელარუსის ისტორიული დროშით მინსკში, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე.
მძღოლი ბელარუსის ისტორიული დროშით მინსკში, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე.

მაგრამ დისკუსიის სხვა მონაწილეებს ასეთი პოზიცია იმედს არ უკარგავს. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ყირგიზეთში პრეზიდენტები უკვე 2005 და 2010 წლებშიც ჩამოაგდეს.

„ვისაც დიდი ილუზიები გაქვთ ყირგიზეთთან დაკავშირებით: მათ 15 წლის განმავლობაში სამი რევოლუცია ჰქონდათ. გამოცდილებამ მათ ვერაფერი ასწავლა. ჩვენ უფრო ამბიციური პროცესი გვაქვს,“ დაწერა დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ სახელად VP. მისი თქმით, ბელარუსის საპროტესტო გამოსვლები მისდევს ტოლერანტობასა და დისკუსიას, რაზეც წერდა ინგლისელი ლიბერალი ფილოსოფოსი, ჯონ ლოკი. „ჩვენ ლოკის გზაზე ვართ. მეგობრებო, ჩვენზე მომავალში სახელმძღვანელოებს დაწერენ. გაუმარჯოს ბელარუსს!“

ოპოზიციურმა მედიაორგანიზაცია Nexta-მ, რომელსაც პოლონეთში უდევს ბინა, ტვიტერში დაწერა, რომ არის „პატარა, მაგრამ არსებითი სხვაობა ბელარუსსა და ყირგიზეთში შექმნილ ვითარებას შორის.“

Nexta-ს თანახმად, ყირგიზეთში პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა უშიშროების ძალებს „უბრძანა, ცეცხლი არ გახსნან და სისხლი არ დაღვარონ.“

ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის სხვა მნიშნველოვანი განსხვავებებიც არის. მათ შორის ის, რომ ყირგიზეთში ლიდერების ჩამოგდება არ არის მთლად სიახლე; ყირგიზეთში მრავალი ოპოზიციური ალტერნატივა არსებობს, ბელარუსი კი ლუკაშენკას მმართველობის ქვეშაა თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში; გასათვალისწინებელია ასევე ეთნიკური დაპირისპირებების გავლენაც.

ლატუშკა, ყოფილი დიპლომატი და კულტურის მინისტრი, რომელიც ოპოზიციას შეუერთდა, Current Time-ისთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში ამ ორი ქვეყნის თავისებურებებზე ლაპარაკობს.

მისი თქმით, სოციალურ მედიაში შეხვდებით ასეთი შინაარსის პოსტებს: „ჩვენ, ყირგიზები, სწრაფი ხალხი ვართ.“ ლატუშკა ყირგიზებს ძალადობის მომხრედ არ მიიჩნევს, მაგრამ ბელარუსის შემთხვევაში ამ ფრაზას ასე ცვლის: „ჩვენ, ბელარუსელები, მშვიდობიანი ხალხი ვართ.“

„ჩვენ ისევ და ისევ ვეუბნებით ხელისუფლებას: ჩვენ არასოდეს დავიღლებით ამ [მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციებით],“ ამბობს ლატუშკა. „საჭიროა მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელისუფლებას არ მოეპოვება ლეგიტიმაცია არც ბელარუსში, არც მის ფარგლებს გარეთ. ეს არის გზა არსაით, ჩიხი.“

XS
SM
MD
LG