„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. დაახლოებით 100 მეტრში სანამ შევიდოდი, დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. რავი, იქ კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. საიდანღაც რაღაცა მოაგონდათ, რაღაცა ლაბორატორიაო... რა ლაბორატორია, რის ლაბორატორია?!.. ინგლისური არ ვიცი, - რა ამერიკელები, რის ამერიკელები!.. საჭირო იყო და ეგრე გააკეთეო და გავაკეთე, სხვა ვარიანტი არ მქონდა“, - ასე იხსენებს ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებულ სოფელ არცევთან თავის დაკავებას და დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ აღიარებით ვიდეოჩვენებას, სადაც მღებრიშვილი ამბობდა, რომ ოსურ სოფელში ღამურების ჭუპრების მოსაპოვებლად ჩავიდა და ამერიკელები ამ ყველაფერში 5 000-დან 10 000 დოლარამდე თანხას სთავაზობდნენ. ღამურების ჭუპრები კი თითქოს ლაბორატორიული კვლევებისთვის სჭირდებოდათ. 86- დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული მღებრიშვილი ამბობს, რომ იძულებული იყო ეს ეთქვა.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ერგნეთში ქართველ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ამის შესახებ მედიას აცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, ვიზუალურად ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნება.
ირაკლი ანთაძის განმარტებით, ხვიჩა მღებრიშვილი დღეს დეტალურად არ გამოუკითხავთ, რადგან კორონავირუსის პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეში უნდა გადაეყვანათ. ანთაძის თქმით, კარანტინის ვადის ამოწურვის შემდეგ მღებრიშვილს დაწვრილებით გამოკითხავენ და ცნობილი გახდება მისი უკანონო პატიმრობის დეტალები და, ასევე, რა ინფორმაციას ფლობს სხვა უკანონო პატიმრების - მათ შორის ზაზა გახელაძის - შესახებ.
„ვნახე ქართველები. კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,- განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებთან შეხვედრის დროს. ეს შეხვედრა სულ 3-4 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ იგი სპეციალური მანქანით თბილისში, საკარანტინო სივრცეში, გადაიყვანეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 25 სექტემბერს გაათავისუფლა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა. ხვიჩა მღებრიშვილს ერგნეთში დახვდნენ სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლები.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა, კერძოდ, ის, რომ ღამურების ჭუპრებს აგროვებდა. მოგვიანებით ეს ბრალდება მოუხსნეს.
აგვისტოს ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 სექტემბერს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე მღებრიშვილის გათავისუფლებას აპირებდა.
ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოსთან მისვლისას ხვიჩა მღებრიშვილს იგივე მაისური ეცვა, რომელიც სამი თვის წინ, დაკავებისას, ამიტომ მისმა ძმისშვილმა თბილისში, საკარანტინო ზონაში მყოფ ბიძას, პირველ რიგში, ტანსაცმელი და ცოტაოდენი საჭმელი წაუღო. სოფელ მეჯვრისხევში გუშინვე შეიტყვეს, რომ ხვიჩას გამოშვება დღეს იგეგმებოდა. ნათესავები მას კიდევ რვა დღეს ვერ ნახავენ.
ხვიჩას ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი, მედიის ყურადღებას ყოველთვის გრძნობდა, ძმის გათავისუფლების შემდეგ კი პირველი სამადლობელით ჟურნალისტებს მიმართა:
„ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონდა ხვიჩასთან, მას ვერ ვუკავშირდებოდით და არც არაფერს გვეუბნებოდა არავინ, მაგრამ გუშინ უკვე გავიგეთ, რომ უშვებდნენ. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში, განსაკუთრებით -ჟურნალისტებს“.
ხვიჩას მეორე ძმა კი, ნუგზარ მღებრიშვილი, ღამურების ეპიზოდზე იღიმება და ამბობს:
„მაშინვე არავის გვეჯერა, ხვიჩას ვიდეოაღიარება ტყუილი იყო. არავის ეჯერა, არც ჩვენ და არც ჩვენს მთავრობას და, ბოლოს, თვითონაც აღარ ეჯერათ. კაცი აქ ვერ დაიჭერს ღამურებს და ცხინვალში წავიდოდა მათ დასაჭერად? სრული აბსურდი იყო“.
ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდის ბრალდებით ორწლიან სასჯელს იხდის.
საქართველოს მეორე მოქალაქის, ზაზა გახელაძის საკითხი კი ამ დრომდე გაურკვეველია. 24 სექტემბერს ზაზა გახელაძის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა ამოიწურა, მისმა ოჯახმა კი არ იცის, როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამ საკითხების დაზუსტებას ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებისგან ითხოვდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მათ არც 24 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ მიუღიათ.
ზაზა გახელაძე, უკვე 77 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის დარღვევას და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას უყენებენ. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.