Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამორთმეული ბავშვები სასამართლომ დედას დაუბრუნა, თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა


16 სექტემბერს სასამართლომ მშობლის შეზღუდული უფლება აღუდგინა დედას, რომელსაც თითქმის სამი წელია, რაც თავისი 2 შვილი ჯერ ნაწილობრივ ჩამოაშორეს, წელიწად-ნახევრის წინ კი, ორივე ჩამოართვეს და თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს.

ბავშვები უკვე დედასთან არიან, იმ სახლში, საიდანაც ისინი წაიყვანეს.

„გვიხარია, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, სახლი გაივსო. უკვე მეცადინეობენ“, - გვითხრა დედამ, რომელსაც პანდემიის გამო, თავისი 11 და 17 წლის ბიჭი და გოგო მარტის შემდეგ არ უნახავს.

თბილისში ჩამოყვანილ და-ძმას, სასამართლოში, დედასთან ერთად, მათი უმცროსი ძმაც შეხვდა.

„დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელიც ბავშვების უფლებებს იცავდა, - ბავშვები დედას ჩამოართვეს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, მოსაწესრიგებელი საპირფარეშოს გამო. სხვა მათ სახლში არაფერი შეცვლილა. ეს ისევ ის დედაა. იმავე დედური უნარებით“.

რადიო თავისუფლება ამ ამბავზე დაწვრილებით წერდა ჯერ კიდევ აგვისტოში.

გაგახსენებთ, რა ეწერა 2017 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზად:

  • ოჯახს არ გააჩნია სათანადო პირობები.
  • ბავშვები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.
  • არ იკვებებიან ნუტრიციულად დაბალანსებული საკვებით, რაც აუცილებელია მათი განვითარებისათვის.
  • არადამაკმაყოფილებელია არასრულწლოვანთა პირადი და საცხოვრებელი ჰიგიენური მდგომარეობა.
  • ბავშვები სისტემატურად აცდენენ სკოლას....

დასკვნა კი ასეთი იყო:

„ბავშვები არიან უგულვებელყოფის მსხვერპლნი და საჭიროებენ განთავსებას სახელმწიფო მზრუნველობაში“. და რომ უნდა მოხდესმოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევება“.

ბავშვების ადვოკატი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ახლა ბრძოლის შემდეგი ეტაპი იწყება.

მისი თქმით, რადგან და-ძმა უკვე დედასთან, უსაფრთხოდ არიან, ის დაიწყებს იმ მიზეზების მოკვლევას, რის გამოც ჩამოაშორეს დედას შვილები და ეცდება დაამტკიცოს, რომ გადაწყვეტილება თავის დროზე იყო უკანონო და არასწორი.

და რომ ამაში, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა - სოციალური მუშაკიდან დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული.

„რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ ორგანოს მოვთხოვთ, აანაზღაუროს დაშორებით გამოწვეული მორალური ზიანი, რაც ბავშვებს მიაყენეს. ეს ბრძოლა ხვალიდანვე დაიწყება. ჩვენ ამ საქმეში ერთი თვის წინ ჩავერთეთ. რა მოხდებოდა, რომ მათ სრულიად შემთხვევით ჩვენთვის ხმა არ მოეწვდინათ? ეს პროცესი წლების განმავლობაში გაიწელებოდა და ამ ბავშვების ხმას ვერავინ გაიგებდა. სამწუხაროდ, ყველა ბავშვს არა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მედიასთან წვდომის საშუალება. ამიტომ მინდა, რომ ამ საქმით, ყველა ბავშვს მივაწვდინო ხმა, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები. და თუ სჯერათ, რომ მშობელს არასწორად დააშორეს, მათ შეუძლიათ და უნდა იბრძოლონ“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადვოკატი ბრძოლას აგრძელებს, არის ის, რომ აიძულოს ადმინისტრაციული ორგანო, მეტი ყურადღებით მოეკიდოს მსგავს შემთხვევებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მას რაღაც არ მოეწონა, ბავშვი დედას არ დააშოროს.

„რაც შეეხება დედის უნარებს, ის ისეთივე კარგი მშობელია, როგორიც ორი წლის წინ იყო. და, რაც მთავარია, დღეს ის უფრო ძლიერია“, - გვითხრა ანა არგანაშვილმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ სასამართლომ ბავშვებს ყურადღებით მოუსმინა, რაც ასე იშვიათი შემთხვევაა საქართველოში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG