Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავი - ქალაქი, სადაც, 20 წელია, სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა


„ქალაქი ცხოვრობს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. უწყლობის გამო თელავი გახდა ავზების და ბოთლების ქალაქი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო გოგოლაშვილი, სამოქალაქო მოძრაობის თელავის ორგანიზაციის წევრი. პრობლემა კი, რომელზეც ნინო ლაპარაკობს, თელავის დიდ ნაწილს აწუხებს.

თითქმის ორი ათეული წელია, თელავი წყლით მარაგდება გრაფიკით, დღეში 2-3 საათით. ნინო მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს, მისი ონკანიდან წყალი დღეს დილის 6-დან 9 საათამდე მოდიოდა. ნინო წუხს, რომ წყალმომარაგების კომპანია ამ გრაფიკსაც არ იცავს და უბანში წყალი ხშირად სხვადასხვა დროს მოდის.

„24-საათიანი წყალმომარაგება კი არა, ნეტა, ერთი დრო ვიცოდეთ, როცა ონკანზე წყალს უნდა დაველოდოთ. მაშინ დავგეგმავთ საქმიანობას, რომელიც წყლის გარეშე წარმოუდგენელია. წყალმომარაგების კომპანია არ მუშაობს და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ რასაც აკეთებენ, ისიც არაეფექტურია. ახლა წინასაარჩევნოდ დაიწყეს ვითომ მუშაობა, მაგრამ უკვე არაფრის იმედი არ გვაქვს“.

20 წლის წინანდელ დროს იხსენებს თელავის ცენტრში მცხოვრები მალხაზ არუდაშვილი. ამბობს, რომ მაშინ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა იმ ხანებში ხალხს სულ სხვა პრობლემები აწუხებდა. მალხაზ არუდაშვილის თქმით, წყალი მთელი დღე რომ ჰქონდეთ, ავზი წინასწარ უნდა გაავსონ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა თელაველს აქვს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა არაერთი დაპირების შემდეგ, არუდაშვილს უკვე აღარ სჯერა, რომ კახეთის ცენტრად წოდებულ ქალაქს წყალი ოდესმე დღე-ღამის ნებისმიერ დროს ექნება.

„გრაფიკიც კი არ ჰქვია იმას, როგორც წყალი მოგვეწოდება. ავზები გვაქვს, სადაც ტექნიკური მოხმარებისთვის წყალს ვაგროვებთ. ესენი მაინცდამაინც გვპირდებიან, რომ წყალი გექნებათ 24 სათიო, რასაც ვერ აკეთებენ. ამიტომ აღარაფრის არ მჯერა“.

დაზიანებული მაგისტრალების გამო არსებული დანაკარგები და წყლის უყაირათო ხარჯვაა იმის მიზეზი, რომ თელავში წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მოდისო, ამბობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. კომპანიის რეგიონალური ხელმძღვანელი, ჯონი ოსიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანება, რამაც წყლის ყაირათიანი ხარჯვა უნდა მოიტანოს. ამჟამად თელავში მოსახლეობის 60 პროცენტს მრიცხველები არ აქვს. ოსიაშვილის სიტყვებით, „მეორე პროექტია წყლის მილების გამოცვლა, რის შემდეგაც წყალმომარაგება უნდა გაუმჯობესდეს“.

„ახლა მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროექტი. 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება მაშინ, როცა სხვა მილებიც გამოიცვლება“.

წლების განმავლობაში თელაველებს 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდებიან ცენტრალური ხელისუფლების, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მერიის თანამშრომლები, თუმცა ეს დაპირება ჯერ არავის შეუსრულებია. თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ქსოვრელიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, წყლის მილების გამოცვლისა და გამრიცხველიანების გარდა, წლის ბოლომდე იგეგმება სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა, რამაც 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მოიტანოს.

„როცა გამოიცვლება მილები და წყლის დანაკარგებიც იქნება ნული, წყალი გვექნება იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. სამი ჭაბურღილი გვემატება. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ახლა იცით, რატომ არ არის წყალი? მას, ვისაც არ აქვს მრიცხველი, დილით რომ გახსნის ონკანს, ასე ტოვებენ მთელი დღე. ასე იქცევა ქალაქის მოსახლეობის 60 პროცენტი“.

აღსანიშნავია, რომ თელავის მოსახლეობას, რომელიც უწყლოდ მხოლოდ ზაფხულობით რჩებოდა, ბოლო ორი წელი უკვე ზამთარშიც იმავე პირობებში უწევს ცხოვრება. ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის დაპირებების არ სჯერა ოპოზიციას. ისინი ეჭვობენ, რომ, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში თელავის წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიხარჯა, ამიტომ აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ ამ კუთხით იმუშაონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG