Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის "მე ვბრუნდები", "ოცნება" და თბილისის მანდატები


27 აგვისტოს, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინიდან ბოდიში მოუხადა და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაც სპეციალური ვიდეორგოლით ამცნო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება - ისნის საარჩევნო ოლქში კონკურენტი დაუყენოს ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ კანდიდატს. ამ ეტაპისთვის ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატის პარტიებს თბილისის 8 ოლქში 10 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავთ დასახელებული და აქედან, შეთანხმებულია მხოლოდ ექვსი.

რა ხდება ოპოზიციაში? რა გამოხმაურება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და შენარჩუნდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმატი? ვინ ვის უწყობს ხელს და გასაგები იქნება თუ არა ნაწილობრივი შეთანხმება ამომრჩევლებისთვის? რას ფიქრობენ ოპოზიციურ ერთობაში მიმდინარე პროცესებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და ეს არის ძალიან სამწუხარო... ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული... ამას თქვენ ნახავთ“, – ეს სიტყვები ეკუთვნის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელსაც ისნის საარჩევნო ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს სვლა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, თუმცა ოპოზიციურ ერთობაში („ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შექმნილი საკოორდინაციო ფორმატი) ბოლო წუთამდე იმედოვნებდნენ, რომ არ დაირღვეოდა თბილისის 8 ოლქთან დაკავშირებული საერთო შეთანხმება.

  • ისნის საარჩევნო ოლქისთვის ოპოზიციური ერთობის შეთანხმებულ მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ 19 ივნისს დასახელდა - როცა მის პარტიას ჯერ კიდევ „ახალი საქართველო“ ერქვა და ირიცხებოდა გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“;
  • 27 ივლისს კი, ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გაერთიანება დატოვა, პარტიას სახელად „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაარქვა და თაკო ჩარკვიანთან (პარტია „კანონი და სამართალი“) ერთად პოლიტიკური ბლოკიც შეკრა;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძეს პირველად ივნისის დასაწყისში გაუბრაზდა, როცა თაკო ჩარკვიანმა ის პრემიერობის სასურველ კანდიდატად გამოაცხადა და როგორც მაშინვე ჩანდა - არც თავად ვაშაძე იყო წინააღმდეგი.

„ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მხოლოდ ერთადერთი მიზნით - ბიძინა ივანიშვილის კანდიდატის დამარცხება ისანში; ვინაიდან მას შემდეგ, როდესაც გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიცია („ძალა ერთობაშია“) დატოვა, სამწუხაროდ, სხვა რეალობა შეიქმნა ისნის სამაჟორიტარო ოლქში“, - ასე ახსნა „ნაციონალური მოძრაობის“ სვლა პარტიის ახალმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

რა ხდება ამ ეტაპისთვის ოპოზიციურ ერთობაში?

27 აგვისტოს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგი შეკრების დროს, ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ღიად გამოხატა ძველი შეთანხმებისა და, შესაბამისად - გიორგი ვაშაძის მხარდაჭერაც.

„ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო ფორმატმა დაასახელა საერთო კანდიდატად ბატონი გიორგი ვაშაძე და ამ გადაწყვეტილების შეცვლა, მისი რევიზირება არ მოხდება... ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურას“, - თქვა 27 აგვისტოს, ოპოზიციური ერთობის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

თუმცა პოზიციები ასე ცალსახა არ არის:

არა ვაშაძეს, არამედ დეკანოიძეს დაუჭერენ მხარს ოპოზიციური ერთობის ფორმატის მონაწილე ის პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემაც დაუდასტურა და დღის ბოლოს, „ძალა ერთობაშიას“ ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. გაერთიანებაში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ შეთანხმება დაარღვია არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ გიორგი ვაშაძემ - „შეთანხმება დაარღვია და სტრატეგიული ტყუილით ამომრჩეველში დაბნეულობის შეტანას ცდილობს“.

ასევე, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სვლა არა შეთანხმების დარღვევას, არამედ მანამდე გამოვლენილი გაუგებრობების საპასუხო ქმედებას წარმოადგენს.

ბერძენიშვილის გამოთვლით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან, ჯამში, თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში იქნება კოორდინაცია/კონსოლიდაცია, 24-ში კი - კონკურენცია“.

ამჟამინდელი სურათი ასეთია:

ოპოზიციური ერთობის პარტიებს, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სიტუაციაში, თბილისის 8 ოლქისთვის სულ 10 კანდიდატი ჰყავთ დასახელებული. აქედან მეტ-ნაკლები აზრთა სხვადასხვაობა უკავშირდება ორ ოლქსა და ოთხ კანდიდატს:

  • თაკო ჩარკვიანი (ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“) - რომელიც არასდროს ყოფილა ოპოზიციური ერთობის ფარგლებში შეთანხმებული კანდიდატი საბურთალოს ოლქისთვის;
  • ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველო“) - რომელსაც საბურთალოს ოლქში მხარს არ უჭერს, მაგრამ არც კონკურენტს უყენებს „ნაციონალური მოძრაობა“; მას მხარს უჭერენ ოპოზიციური ერთობის სხვა პარტიები;
  • ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა“) - რომელსაც ისნის ოლქში მხარს დაუჭერენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები („ძალა ერთობაშია“); მას მხარს არ უჭერენ ოპოზიციური ერთობის სხვა პარტიები;
  • გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“) - რომელსაც შეთანხმებულ კანდიდატად აღარ თვლიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები. მას მხარს უჭერენ ოპოზიციური ერთობის სხვა პარტიები.

„ასეთი გაურკვევლობა, ასეთი ვითარება რთულად აღსაქმელია და ამომრჩეველს დააბნევს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა საერთო კანდიდატებზე მტკიცე შეთანხმება:

„ნათქვამია - "ტარანი თვლითააო"... თითოეულ მაჟორიტარულ მანდატს ოქროს ფასი ექნება ამ არჩევნებზე... ამომრჩევლის დაბნევამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს ხმების დაფანტვა და ხელისუფლების კანდიდატების პირველსავე ტურში გამარჯვება“.

თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ ამისგან ტრაგედიის შექმნა არასერიოზულია, რადგან „არჩევნების ბედი პროპორციულ ნაწილში წყდება და არა მაჟორიტარულში... ეს 30 მაჟორიტარული მანდატი ერთგვარ ბონუსს წარმოადგენს...“

ჯერ ხმამაღლა არ თქმულა, დაუჭერს თუ არა ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ სხვა მაჟორიტარ კანდიდატს - ნიკა მელიასა (გლდანის ოლქი) და ლევან ხაბეიშვილს (სამგორის ოლქი).

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი, თეონა აქუბარდია გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ - „პარტია კვლავაც ერთგულია (ოპოზიციური ერთობის ფორმატში) ხელმოწერილი დეკლარაციისა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთის ხმების დაცვას ავალებს“.

24 აგვისტოს, „თბილისი მერიოტში“ ხელმოწერილი დეკლარაციის მიმართ კვლავაც მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ ოპოზიციური ერთობის სხვა პარტიებიც.

„ყველა ერთის წინააღმდეგ“

27 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაში „ნაციონალური მოძრაობაც“ მონაწილეობდა. ყველა პარტია აცხადებდა, რომ ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს საერთო მიზანზე - დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

„ყველა ერთის წინააღმდეგ“ - ამ პრინციპით ოპოზიციური პარტიების ძალების გაერთიანებას წარსულში დაბრუნებად თვლიან „ქართულ ოცნებაში“.

26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში ასეთი „ხელოვნური“ ერთიანობა საჭირო აღარ არის.

„ჩვენ ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია არის კონკურენციაში ერთმანეთთან - პროგრამებით, ლიდერებით და თავისი პასუხისმგებლობით...

მე მესმის, რომ ძველი ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ხელოვნური გაერთიანების შექმნას, მათ შესაძლოა რამდენიმე პარტიაც უჭერს ამაში მხარს, მაგრამ საერთო ჯამში, დღეს არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალურად არ გამოიყენონ ის თავისუფალი სივრცე, რომელიც ამ რეფორმების შედეგად აქვთ მიცემული...

როდესაც ბარიერი არის ერთი პროცენტი, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ხელოვნური გაერთიანებისთვის ადგილი ამ პოლიტიკურ სისტემაში არ არსებობს“, - თქვა თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების ერთობის საკოორდინაციო ფორმატში არასოდეს გაკეთებულა განცხადება, რომ ერთ ბლოკად აპირებენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

ლაპარაკი იყო მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეთანხმებასა და პარტიების მიერ ერთმანეთის ხმების დაცვაზე.

მასშტაბური ბლოკის შექმნაზე მსჯელობა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისი გაერთიანების („ძალა ერთობაშია“) სხვა წევრ პარტიებს შორის.

თუმცა ოპოზიციური ერთობის პარტიები აცხადებენ, რომ მათ აკავშირებთ საერთო მიზანი - მომავალ პარლამენტში ოპოზიციური კოალიციის შექმნა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება.

ამ კოალიციის ღერძად საკუთარი თავი წარმოუდგენია „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მომავალ პარლამენტში კოალიციას მათი პარტია შეკრავს.

„მე ვბრუნდები“ - ვინ როგორ ელოდება სააკაშვილს

27 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეორგოლის საშუალებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

  • ის საჯარო ბოდიშს იხდის „შეცდომებისთვის“ და „ძალიან მძიმე შეცდომებისთვის“ - „ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის“.
  • კვლავაც აღმშენებლობას ჰპირდება - „თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა!“
  • ვიდეოგზავნილს ის ამთავრებს სიტყვებით - „მე ვბრუნდები!“

როდის, რა სახით ანდა კონკრეტულად რა მისიით ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილს აღარ დაუკონკრეტებია. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 27 აგვისტოს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობას აპირებს და გეგმებს მალე თავად მისგანაც შევიტყობთ.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან არაერთხელ გაისმა, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილავს. სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობს.

ალბათ უკრაინაშიც აღარ დაედგომება; ეს არის მორიგი ტყუილი მისი მხრიდან; თუკი ჩამოვა, პირდაპირ საპატიმროში მოხვდება, - ამ შინაარსის განცხადებები კეთდებოდა 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიგებში.

„ჩვენ მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა... მას, რა თქმა უნდა, ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და, რა თქმა უნდა, მას ელოდება ქართული საპატიმრო, რადგან ის ძებნილია და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ ძალაში შესული განაჩენები. რომლებიც შეიძლება მან შემდეგ გადაასინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

  • მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა 27 აგვისტოს, საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ გააზიარა სოციალურ ქსელებში ცნობილი გამოთქმით - Miha hamodi (მიშა ჩამოდი);
  • შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ გაზიარებული პოსტის ფოტო თავის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა „ევროპულმა საქართველომ“ და დაურთო ტექსტიც - „თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა“;
  • ამის შემდეგ კი, „ევროპული საქართველოს“ მიერ გაზიარებული პოსტის ფოტო „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააზიარა და წააწერა - shesha ar ari (შეშა არ არი).

„ის გახდა ქართული პოლიტიკის ტერმინატორი. ხშირად იმეორებს ხოლმე (არნოლდ) შვარცნეგერის გმირის სიტყვებს - მე დავბრუნდები“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი და იხსენებს, რომ წარსულში მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლასთან დაკავშირებული არაერთი განცხადება გაუკეთებია, რაც მერე ვეღარ შესრულებულა. ასეთი განცხადებების მთავარი მიზანი, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების „გამხნევება და გაძლიერებაა“.

სააკაშვილს პოლიტდევნილად მიიჩნევენ „ევროპულ საქართველოში“ და როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს - საქართველოში სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნილების დრო. თუმცა პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის სამომავლო როლსა და მის გაპრემიერებასთან დაკავშირებით ბოკერიას ასეთი შეფასება აქვს:

„ამას წყვეტს ამომრჩეველი და ამისი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას... ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას. ეს ასე ვერ მოხდება და არ მოხდება...

ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა, რომ მას ვინც სურს პრემიერად, ის დაასახელოს... ჩვენ ამ კანდიდატს (მიხეილ სააკაშვილს) მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება“.

27 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს „წარსულის მმართველი“ უწოდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. თუმცა მან თქვა, რომ რადგან დღეს მთავარ მიზანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს, ამ პროცესში მონაწილეობა ყველას შეუძლია - „თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ჩვენ ხელს არ შევუშლით“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG