ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ ის ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება. "ძალა ერთობაშიას" ისრები გიორგი ვაშაძისკენ გადააქვს და ამტკიცებს, რომ პირობა სწორედ ვაშაძემ დაარღვია, რადგან არ იყარა კენჭი "ძალა ერთობაშიას" სახელით ისნის მაჟორიტარულ ოლქში; საბურთალოს ოლქში წარადგინა კანდიდატი, რომელზეც კონსესუსი არ ყოფილა.
"ჩვენ კი შეთანხმების ერთგულები ვრჩებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ვაკის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამიტომ, ჩვენ ამ მოცემულობაში, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - შეთანხმებისა და ამომრჩევლის სტრატეგიული ტყუილისგან დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის გზა ავირჩიეთ და ამომრჩეველს არჩევანი შევთავაზეთ, დანარჩენს კი ხალხი გადაწყვეტს", - აცხადებს ძალა ერთობაშია.
განცხადების თანახმად, გიორგი ვაშაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ გაერთიანებიდან გასვლა შეთანხმებული იყო.
გაერთიანება "ძალა ერთობაშია" - რომელშიც წამყვანი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" - ასევე, აცხადებს, რომ მთლიანად მათ დათმობის ხარჯზე შედგა ოპოზიციას შორის შეთანხმება:
"თუ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგების პროპორციებს ავიღებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი 8 - დან მინიმუმ 5 ოლქში უნდა დაეყენებინა, მაგრამ მხოლოდ 2-ში დააყენა, ანუ დიდწილად, ჩვენმა გაერთიანებამ ამ შეთანხმების გადამწყვეტი წინაპირობა შექმნა".
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატი დაუპირისპირა საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს. ვაშაძე ახადებს, რომ ენმ-მ შეთანხმება დაარღვია.
მანამდე, 27 ივლისს, ვაშაძემ, თაკო ჩარკვიანთან ერთად დატოვა ოპოზიციური ერთობა "ძალა ერთობაშია" და ახალი პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნა.
ვაშაძის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ასევე, პარტიის სხვა წევრებმა.