"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი პარტია ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების ერთგული რჩება და მხარს კვლავ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუჭერენ. ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხატია დეკანოიძის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას, სადაც გიორგი ვაშაძეც იყრის კენჭს.
"მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?!. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო... ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო", - აცხადებს უგულავა.
დღეს 26 აგვისტოს, საღამოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ პარტია ისანში საკუთარ კანდიდატს დააყენებდა. დეკანოიძის კანდიდატად დასახელებამდე ერთი თვით ადრე, 19 ივლისს "ოპოზიციურმა ერთობამ", რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია" და სხვა პარტიებიც იყვნენ გაერთიანებული, ისანში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელეს. რამდენიმე კვირის წინ ვაშაძის პარტიამ "ძალა ერთობაშია" დატოვა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა. სწორედ ამ დროიდან ალაპარაკდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე.