„უკვე მცირედი წვიმაც კი ნიშნავს შიშს და მოლოდინს იმისას, რომ აუცილებლად დავზარალდები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის სოფელ პატარა გორში მცხოვრებმა ნათელა კილაძემ, რომლის სახლიც, აგვისტოში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა უკვე მესამედ დატბორა.
ნათელა სოფელ პატარა გორში მუდმივად არ ცხოვრობს, თუმცა ყოველ წელს ზაფხულს იქ ატარებს.
„ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ბოტები მაცვია და პირველი სართულიდან წყალს ვღვრი“,- გვითხრა სტიქიით დაზარალებულმა.
ნათელა იმ სავარაუდო მიზეზებზე ლაპარაკობს, რის გამოც ყოველი წვიმის დროს მისი სახლი იტბორება:
„წელს, ზაფხულში, ჩვენს ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგეს, რის გამოც გზა აამაღლეს. ანუ გზა უფრო მაღლაა, ვიდრე ჩემი სახლი. ამიტომ წვიმის წყალი თითქმის სრულად ჩემს ეზოში გროვდება. თან, გზა ისე დააგეს, რომ სანიაღვრე არხები არ გაუკეთებიათ, სად წავა ძლიერი წვიმის დროს მოსული ნალექი? ამიტომ არის, რომ წვიმის გვეშინია. პირველ სართულზე ჩვენ სამზარეულო გვაქვს და სულ დატბორილია“, - გვიყვება ნათელა კილაძე.
პატარა გორში ის არ არის ერთადერთი, ვინც ამ თვეში სტიქიამ უკვე რამდენჯერმე დააზარალა. სოფელში ათეულობით ოჯახია, ვისაც სახლი დაეტბორა, ბოსტნეული გაუნადგურდა. ზოგ ოჯახში ახლად გარემონტებული ოთახებიც დაზიანდა და იატაკი აიყარა. დაზიანდა ახლად დაგებული ასფალტის საფარის ნაწილიც.
ადგილობრივმა მოსახლეობამ, როგორც თავადვე ამბობენ, სიტყვიერი მოლაპარაკების გზით პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს, ამიტომ მერიის სახელზე წერილი დაწერეს და ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც მერიის კანცელარიაში ორშაბათს, 24 აგვისტოს მიიტანენ.
ხალხს იმედი აქვს, რომ მერია ამჯერად მაინც დაინტერესდება მათი პრობლემით და ახლად დაგებული გზის პირას სანიაღვრე არხს მოაწყობს. ისინი სხვა სახის დახმარებას არ ითხოვენ.
21-22 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქი ლაგოდეხი და მისი სოფლები: კაბალი, ბაისუბანი, ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. საცხოვრებლების დატბორვის მიზეზად სანიაღვრე არხების არარსებობა ან გაუწმენდაობა სახელდება. სოფელ კაბალში კი მოსახლეობა მდინარე კაბალის კალაპოტის გაწმენდას ითხოვს, რადგან ამ სოფელს, ძირითადად, ეს მდინარე ან მისი შენაკადები აზარალებს.
სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, საგარეჯოში, თოხლიაურში, პატარძეულში, გიორგიწმინდაში, ხაშმში, წყაროსთავსა და ნინოწმინდაში საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დააზიანა. დატბორიალია რამდენიმე ათეული სახლიც. დასეტყვილია ვენახებიც. ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.
აგვისტოში კახეთში ხშირად წვიმს. წელსაც სტიქიამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დააზარალა. აგვისტოს დასაწყისში თელავის სოფლებში ქარმა 300-მდე სახლს სახურავი გადახადა. მოსახლეობის ნაწილის ვენახები 70-დან 100 პროცენტამდე გაანადგურდა. თელავის მერია დაეხმარა მათ ვის სახლსაც სახურავი ჰქონდა გადახდილი, სხვა შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებაზე მოსახლეობამ უარი მიიღო.
თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ მოუწოდებენ, რომ მოსავალი დააზღვიონ და ზარალს აანაღაურებენ სადაზღვევო კომპანიები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა 24 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ დროისთვის კახეთში დროგამოშვებით წვიმს. ადიდებულია ყველა ის მდინარე, რომელიც სათავეს მთაში იღებს.