კონტროლის მექანიზმი - სუსტი, ერთხმად დამტკიცებული საკითხები, არასრულად შევსებული დეკლარაციები, გაცდენილი სხდომები, შეუსაბამო ხარჯები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ხარვეზებისა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თელავის საკრებულოს თითქმის სამწლიანი მუშაობის შესწავლისას აღმოაჩინა.
ორგანიზაციის მკვლევართა თქმით, მერიის მიმართ კონტროლის მექანიზმის სისუსტის გამო, საკრებულოს ეს ფუნქცია მხოლოდ ფორმალურია.
„გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი კახეთში გიორგი ბიძინაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერიის თითქმის ყველა ინიციატივას საკრებულოს უმრავლესობა ყოველთვის ერთსულოვნად ეთანხმება და მათ არ გამოუყენებიათ არც ერთი ბერკეტი იმისთვის, რომ რეალური თვითმმართველობა შემდგარიყო.
გიორგი ბიძინაშვილი მაგალისთვის ასახელებს მერიის მიერ 28-ჯერ ბიუჯეტში ცვლილებების მოთხოვნას:
„ოცდარვავე შემთხვევაში საკრებულომ მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილა. არ არსებობს შემთხვევა, როცა საკრებულოში არ გასულიყოს მერიის ინიციატივა. ასევე არასდროს გამოუყენებია საკრებულოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომ თავად ყოფილიყო ინიციატორი ბიუჯეტში ცვლილელები მოეხდინა“.
კონტროლის მექანიზმის სისუსტის გარდა, თელავის საკრებულოს მიმართ შეკითხვები არსებობს გაწეულ ხარჯებთან დაკავშრებითაც. „გამჭვირვალობა -საქართველომ“ ვერ მოიპოვა არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა 2019 წელს ხელფასები და სატელეფონო ხარჯები, ასევე რატომ გაიხარჯა ერთი ავტომობილის შეკეთებაზე 5 000 ლარზე მეტი.
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სარგებლობაში მყოფი ავტომობილის ღირებულებად მითითებულია 12 500 ლარი. ჩვენ ვერ მივიღეთ შეკითხვაზე პასუხი, რამდენად გონივრულად დაიხარჯა ამ ავტომობილის შეკეთებაზე 5 ათას ლარზე მეტი. ასეთი ფაქტები კიდევ ბევრია. ჩვენს რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებენ, ინსტიტუციურ მექანიზმებს წაადგება ეს ყველაფერი“.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ დღეს არ ისურვა განმარტება გაეკეთებინა „გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშსა და დოკუმენტში მოყვანილ პრობლემურ საკითხებზე. მან არგუმენტის გარეშე უარი თქვა კომენტარზე. პარტია „ევროპული საქართველოდან“ თელავის საკრებულოს წევრი ლელა მენთეშაშვილი კი ამბობს, რომ ეს უწყება მერიისთვის რეალურად ნოტარიუსია და თვითმმართველობასთან არაფერი აკავშირებს.
„საკრებულოში ოპოზიცია, სამწუხაროდ, უმცირესობითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მერიას „ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობა მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციით ჰყავს მოწვეული“, - ამბობს ლელა მენთეშაშვილი.
არაკომპეტენტურობა, პარტიული ინტერესები და ოპოზიციის სისუსტე - ამ და კიდევ სხვა მიზეზებით ხსნის თელავში მცხოვრები ნიკოლოზ შარვაშიძე თვითმმართველობის სისუსტეს. ის პრობლემას საზოგადოებაშიც ხედავს.
„საკრებულოში ხვდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც პოლიტიკა არ არის მნიშვნელოვანი. მათ არჩევენ იმის მიხედვით, ვინ რამდენ ხმას მიუტანს პარტიას. შესაბამისად, მათი მოტივაცია არ არის, რომ მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ასეთი დეპუტატები არიან პარტიული დანამატი და შედეგები არის ისეთი, როგორიც არის. ამ კუთხით არც მოქალაქეები ვაქტიურობთ და ნაკლებად ვართ ჩართული მუნიციპალიტეტის თუ თემის განვითარებაში“.
თელავის საკრებულოს მუშაობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე დადებითი ტენდენციაც შენიშნა. მაგალითად, კვორუმის არარსებობის გამო არც ერთი კომისიის სხდომა არ ჩაშლილა და, ასევე, საკრებულოს ვებგვერდი რეგიონის მასშტაბით ყველაზე აქტიურია, მუდმივად ახლდება და ანონსდება ღონისძიებები, თუმცა ანგარიშში პრობლემური საკითხები ჭარბობს. ამ დრომდე არ ჩატარებულა დასახლების საერთო კრება. არადა, სპეციალისტები ამბობენ, რომ დასახლების საერთო კრების ჩატარება მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელია ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად.
როგორც გამოჩნდა, არც არჩეული დეპუტატების ნაწილი გრძნობს ანგარიშვალდებულებას. საკრებულოს წევრებმა სხდომები, ჯამში, 167-ჯერ გააცდინეს.
„გამჭვირვალობა - საქართველო“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემასთან დაკავშირებით საკრებულოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ, პირველ რიგში, კანონი შეასრულონ და შემდეგ ანგარიშვალდებული იყვნენ ამომრჩევლის წინაშე.