რა (არ) ვიცით ლენჯერის კლასტერზე?
10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კოვიდ-19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა. ამავე კლასტერთანაა დაკავშირებული 5 შემთხვევა, რომელიც თბილისში გამოვლინდა.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი, პაატა იმნაძე, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ლენჯერის კლასტერის გარშემო კვლევა ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა კონტაქტები ძალიან ბევრია თბილისსა და სხვა ადგილებში.
იმნაძე განმარტავს, რომ სვანეთში ადამიანებს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ნათესავებთან. ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, რამდენი კონტაქტია გამოვლენილი ამ დროისთვის.
პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა ჯერ არ იციან, ვინაა დაავადების პირველწყარო და ვინ შეიტანა ვირუსი სვანეთში.
„შესასწავლია, ვის უფრო სწრაფად გამოუვლინდა ანტისხეულები, ანუ რომელი იყო პირველი”, - ამბობს იმნაძე.
“ნაცნობებით ვარკვევთ რაღაცებს”
ნანუკა ჯორჯაძე დაბა მესტიაში კვირას ღამით ჩავიდა და იქ დარჩენას 5 დღით აპირებდა. მეორე დღეს კი პოლიციამ გზა დაკეტა და გასვლის უფლებას არავის აძლევდა:
„გვითხრეს, ჯერ არ ვიცით რა ხდება და ამიტომ ვერავის გავუშვებთო. არ აინტერესებდათ, 5 წუთის შემოსული იყავი თუ უბრალოდ მაღაზიაში შეიარე”, - ამბობს ჯორჯაძე და განაგრძობს: „ვიღაც უბრალოდ სხვა სოფლიდან იყო გადმოსული და მესტიაში ჩაიკეტა”.
ნანუკა ჯორჯაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დაბაში კარანტინის შემოღებაზე არავის არაფერი უთქვამს და ინფორმაციის მიღება სახელმწიფო სტურქტურებიდანაც გაუჭირდა:
„ვრეკავდით 144-ზე, ცხელ ხაზზე, ვეკითხებოდით ინფორმაციას, მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა. ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა გვეუბნებოდა, გავარკვევთ და გეტყვითო”, - ამბობს ნანუკა და განაგრძობს: „მანამდე მეგობარს დაურეკა დედამ, რომელიც იცნობს ვიღაცას, ვინც მუშაობს სადღაც - როგორც ხდება ხოლმე და გვითხრა, არის შანსი, რომ ჩაკეტონო. მერე ბრიფინგიდან გავიგეთ”.
ნანუკა ჯორჯაძე ახლაც გაურკვევლობაშია და ნაცნობების დახმარებით ცდილობს ინფორმაციის მიღებას.
„ხალხი ძალიან დაბნეულია. არავინ არაფერი იცის. არავინ არაფერს არ ეუბნება. ტელევიზიით იგებს ყველა ინფორმაციას”, - ამბობს ის და განაგრძობს: „ქაოსი იყო, მაღაზიაში რომ გავედით. ყველა ძალიან დაბნეული იყო და ბევრ რაღაცას ყიდულობდა, მარაგს ავსებდნენ”.
დღეს, მესტიასა და კიდევ სამ სოფელში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს. უკვე აღებულია 500 ნიმუში, საიდანაც 350 ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ხელისუფლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოუწოდებს მათ, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე დარეკონ 112-ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს.
ჩაკეტილ რეგიონში მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს აქვთ მუშაობის უფლება. ხელისუფლება აცხადებს, რომ თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარება, დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
“თითქოს არ არსებობდა კორონავირუსი”
მარიამ პავლიაშვილი სვანეთის სოფელ უშგულში კვირას ღამით ჩავიდა. ამბობს, რომ სვანეთში ჩასვლისას შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს იქ არ არსებობდა კორონავირუსი, რადგან რეგულაციებს - როგორიცაა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ტემპერატურის გაზომვა თუ სოციალური დისტანცია - ხალხი არ იცავდა.
„არც მაღაზიაში პირბადე, არც სასტუმროს მფლობელები იყვნენ ინფორმირებული. ციხისძირში, კემპინგ ზონაში რომ მივედი, იქაც კი გამიზომეს სიცხე და აქ არაფერი მსგავსი”, - ეუბნება მარიამი რადიო თავისუფლებას. იგი უშგულში დარჩენას 2-3 დღით აპირებდა, ახლა კი კარანტინში მოუწევს ორი კვირის გატარება.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, მოსახლეობა მოდუნდა და აუცილებელია, ადამიანებმა დაიცვან წესები ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
„ზოგი ფანია ბელარუსული მოდელის და ზოგიც - შვედურის. რა მოხდა მერე - გავწიროთ 1000-1500 ადამიანის სიცოცხლე და არაფერი შევცვალოთ ცხოვრებაში. ამ პროპაგანდამ ქნა ეს, რომ ადამიანები აღარ იცავენ რეგულაციებს”, - ამბობს პაატა იმნაძე და განაგრძობს: „ადამიანებს რამენაირად უნდა გავაგებინოთ, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა ბევრ სხვა ქვეყანას”.
ოფიციალური ინფორმაციით, 518 ტურისტი საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროშია, 171 კი - აჭარის საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
„ხალხი ძალიან ღელავს, რადგან ახლა ელოდებოდნენ დამსვენებლების ნაკადს. უცებ აღმოვჩნდით ასეთი ფაქტის წინაშე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ პავლიაშვილი.
პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია ტესტირების შედეგებზე.
„ჩვენამდე ჯერჯერობით არავინ არ მოსულა - არც ეპიდემიოლოგი, არც ტურმიზის ადმინისტრიაციის წარმომადგენელი. როგორც მოგვიწოდეს, სასტუმროში ვსხედვართ და ველოდებით მოვლენების განვითარებას”, - ამბობს მარიამ პავლიაშვილი.