თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინეს. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - რექტორს, გია შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს. დარღვევის დადგენამდე, მან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატის გამო გააკრიტიკა.
თვითპლაგიატი და კომპილაცია
იაგო კაჭკაჭიშვილმა 2001 წლის იანვარში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამავე წელს დაიბეჭდა მისი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელშიც შესულია დისერტაციის უდიდესი ნაწილი. თითქმის 20 წელია, წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა მაგისტრანტებისთვის.
2020 წლის 20 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა მოქალაქე დათო ნადირაძემ და ითხოვა, განხილულიყო:
- ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და მისივე წიგნის შემთხვევაში?
- არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია?
„დიახ, მე დავინტერესდი ამ საკითხით და შევიტანე წერილი თქვენთან ფეისბუკზე კომუნიკაციის შემდეგ, როცა ვნახე, რომ თქვენი დისერტაცია და წიგნი copy-paste იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ აბრალებდით სხვა ადამიანს პლაგიატს (რაც სერიოზული ბრალდებაა) და ამის დასამტკიცებლად სასამართლოში წასასვლელად არაფერი გაგიკეთებიათ”, - წერს იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტის კომენტარებში დათო ნადირაძე, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს.
განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტში შეიქმნა კომისია აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის მიზნით. წევრები იყვნენ ლილი ხეჩუაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი, ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა. კომისიის დასკვნაში, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, წერია:
- იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი „სოციალური მოქმედების თეორიები” და წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები”, ფაქტობრივად, იდენტურია შინაარსობრივი თვალსაზრისით. არც წიგნში და არც დისერტაციაში არაა მითითებული, რომ ერთი მეორეზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც თვითპლაგიატის თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიდა;
- ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს… შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.
კომისიის მტკიცებით, შემოწმება მოხდა ანტიპლაგიატის სისტემებში - Turnitin (77%) და URKUND (85%).
„ცილისწამებაა, რაც ამ დასკვნაში წერია”
სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და მის განსაზღვრებაზე სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ კამათობენ:
„ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად”, - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუკზე.
იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ შეუძლებელი იყო დისერტაცია დაეწერა ისე, რომ სხვა ავტორების მოსაზრებები არ განეხილა და შეეჯერებინა:
„კომისია ჩემგან ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით”, - წერს კაჭკაჭიშვილი.
ლექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინახავს ეთიკის კომისიის ზოგიერთ წევრთა მიმოწერას, სადაც ისინი აღიარებენ, რომ დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ, აბსურდულია:
„არ ვიცი რა მოხდა, ზეწოლის რაიმე მექანიზმი გამოიყენეს თუ არა მათ წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მათ არ ეყოთ ძალა, ამას შეწინააღმდეგებოდნენ. ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. მათ შეეძლოთ ან განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, ან არ მოეწერათ ხელი დასკვნაზე”.
იაგო კაჭკაჭიშვილი აპირებს, ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართოს.
ეთიკის კომისიის წევრები, რომლებთანაც რადიო თავისუფლებამ დაკავშირება შეძლო, კაჭკაჭიშვილის ამბის გარშემო კომენტარს არ აკეთებენ.
- „ეს ისეთი ბინძური საქმეა, გთხოვთ, არაფერი მკითხოთ”, - თქვა ზვიად აბაშიძემ.
- „ტყუილად მირეკავთ, არანაირი კომენტარი”, - ლილი ხეჩუაშვილი.
- „არ ვაკეთებ არაფერზე კომენტარს”, - ეკატერინე ფირცხალავა.
სალომე დუნდუამ კი თქვა, რომ კომისია განმარტებას აუცილებლად გააკეთებს, თუმცა რა ფორმით და როგორ, ჯერ არ იცის.
„შურისძიების სერია”
იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ნაწილია მის წინააღმდეგ უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის შურისძიების სერიისა.
პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.
ამის შემდეგ იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, შეესწავლათ, მართლაც იყო თუ არა რექტორის ნაშრომი პლაგიატი. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. რექტორმა და უნივერსიტეტმა კი უარყვეს. იაგო კაჭკაჭიშვილი ხმამაღლა გამოხატავდა პროტესტს და სვამდა კითხვებს, რის გამოც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობებს შეეჩეხა.
კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კონტრაქტი უკრძალავს წაიკითხოს ლექციები სხვა უმაღლეს სასწავლებელში - თუ ეს არაა შეთანხმებული უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან; ან თუ არსებობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი.
პროფესორი ამბობს, რომ მისი დაჯარიმება უნდოდათ, რადგან ლექციებს კითხულობდა ბათუმის უნივერსიტეტში. არადა, კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ბსუ-სა და თსუ-ს შორის მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. საბოლოოდ, ბათუმის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა აუკრძალეს.
იაგო კაჭკაჭიშვილი, ასევე, ლექციებს კითხულობს სამი უნივერსიტეტის - თსუ-ს, ქართულ-ამერიკულისა და კავკასიის - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, ესეც კონტრაქტის დარღვევად მიიჩნიეს, მაგრამ ვინაიდან პროგრამის ერთ-ერთი ავტორი არის თსუ და ის ლექციებს კითხულობდა როგორც თსუ-ს ლექტორი, ეს ფაქტი ვერ იქნებოდა დარღვევა.
„შემდეგ ინტერვიუებში ვრცელდებოდა, თითქოს იაგო კაჭკაჭიშვილი არის კანონდამრღვევი, მას ემუქრება დიდი ფინანსური ჯარიმა და გაასწრო მოვლენებს და შეუტია რექტორს”, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
კიდევ ერთი სარჩელი, რომლითაც იაგო კაჭკაჭიშვილი აპირებს, სასამართლოს მიმართოს, ეხება საავტორო უფლებების დარღვევას. „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გია შარვაშიძემ თავის დისერტაციაში გამოიყენა 15 ცხრილი იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევიდან, თუმცა ბიბლიოგრაფიაში არ მიუთითებია არც კვლევის სახელი და არც მისი ავტორი.