მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს არის გეოლოგიურ-სამძებრო ბანაკი პედაგოგებისთვის, რაც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა პედაგოგების მოსყიდვა დაიწყო. უკავშირდება თუ არა თელავის მერიის პროექტი მოახლოებულ არჩევნებს, ამას არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაადგენენ.
თელავის მერია 35 ადამიანზე აჭარაში, გონიოში, ელექტრონული ტენდერით სასტუმროს სრულ მომსახურებას ყიდულობს. სასტუმროს მეპატრონესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება უკვე დაწყებულია.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, მერიას 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე აჭარის რეგიონში თელავის საჯარო და კერძო სკოლის ისტორიის პედაგოგები მიჰყავს. მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს არის საგანმანათლებლო ხასიათის გეოლოგიურ-სამძებრო ბანაკი პედაგოგებისთვის.
მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 ათას ლარამდე იყო, თუმცა ტენდერში მონაწილე სასტუმროს მფლობელმა 35 ნომერი 27 505 ლარად გააქირავა. სწორედ ამ რაოდენობის თანხას გადაიხდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერია პედაგოგების აჭარაში წასაყვანად.
სატენდერო დოკუმენტაციაში გაწერილია პედაგოგების მოგზაურობის ყველა დეტალი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასტუმროს ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება, წარმოდგენილია იმ საკვების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საუზმისთვის, სადილისთვის, სამხრისა და ვახშმისთვის.
მე მინდა ამ პედაგოგებს ვუთხრა, რომ არჩევნების გაყალბება ყველაზე მძიმე დანაშაულია და არქეოლოგიური გათხრების დროს იმდენს ნუ იზამენ, რომ მძიმე დანაშაული გამოთხარონ...ნიკა ვარდოშვილი
35 ადამიანი (პედაგოგები და ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფი, მერიის თანამშრომლები) თელავიდან ჯერ თბილისში ჩავა, შემდეგ მათი ტრანსპორტირება მოხდება სწრაფმავალი მატარებლით ბათუმამდე. ბათუმიდან მათ მიკროავტობუსი მიიყვანს გონიოში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. სასტუმროს მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციები. კიდევ ერთი სავალდებულო მოთხოვნის თანახმად, სასტუმრო უნდა მდებარეობდეს გონიოს ციხიდან არაუმეტეს 300 მეტრში.
თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გასული 3 წლის განმავლობაში თელავიდან აჭარაში მიჰყავდათ მოსწავლეები, რომლებიც გეოლოგიით, ამ მიმართულებით სამძებრო სამუშაოებითა და ისტორიით იყვნენ დაინტერესებული, წელს კი გადაწყვიტეს, იმავე ინტერესების მქონე პედაგოგები წიაყვანონ.
ნარეკლიშვილის თანახმად, პედაგოგები შეარჩია საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, ერთ-ერთი მთავარი პირობის გათვალისწინებით: პედაგოგი უნდა ყოფილიყო ისტორიის სპეციალისტი. თელავის მერი გვეუბნება, რომ პედაგოგები დაათვალიერებენ მუზეუმებს, გონიოს ციხეს, მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგიურ გათხრებსა და მასტერკლასებში.
„მასწავლებლები იქ ყოველდღიურად არქეოლოგიურ სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. მოხდება ცოდნის გაძლიერება და ურთიერთგაცვლა იქაურ სპეციალისტებთან. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო ბანაკი... ბავშვების შემთხვევაშიც ასე ხდება ყოველ წელს. პედაგოგები ჩემი მერობის პერიოდში პირველად მიდიან აჭარაში“.
თელავის მერიის ორგანიზებულ ბანაკში პედაგოგების მონაწილეობა - განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში - კითხვის ნიშნებს უჩენს ოპოზიციას. ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი, დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი პედაგოგებს, სინამდვილეში, საარჩევნო მანიპულაციებისთვის ამზადებს:
„მე დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი დაკავშირებული იქნება ოქტომბრის არჩევნებთან, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ხელისუფლებას პედაგოგების მონაწილეობით წარსულშიც ხშირად გაუკეთებია მსგავსი საქმეები. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი საარჩევნოდ დატრენინგება მიდიოდეს, რათა მათ გარკვეული მანიპულაციების განხორციელება შეძლონ. მე მინდა ამ პედაგოგებს ვუთხრა, რომ არჩევნების გაყალბება ყველაზე მძიმე დანაშაულია და არქეოლოგიური გათხრების დროს იმდენს ნუ იზამენ, რომ მძიმე დანაშაული გამოთხარონ“.
ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც შემდეგ ბავშვებს გადასცემენ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რასაც ამ 10 დღეში დააგროვებენ...ლევან მრელაშვილი
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აჭარაში პედაგოგების დაგეგმილ ვიზიტსა და მოახლოებულ არჩევნებს შორის რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის, თქმით: „ამ შემთხვევაში პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში არ არის“.
„მე თვითონ თელავის საკრებულოს წევრიც ვარ და როდესაც საკრებულოში დავამტკიცეთ ამ პროექტის ბიუჯეტი, იქ არ ყოფილა ლაპარაკი, ვინ და როგორ უნდა წასულიყო. მე არ ვიცი, იქნებ ოპოზიციურად განწყობილი მასწავლებლებიც არიან იმ ჯგუფში?! ჩვენ ხომ მაგ პრინციპით არ შეგვირჩევია ისინი... შერჩეული იქნა სპეციალობების მიხედვით. აქ ლაპარაკია მასწავლებელზე, რომელიც ასწავლის ისტორიას, გეოგრაფიას, ფილოლოგიას, შეიძლება უცხო ენების სპეციალისტი იყოს ან რომელიმე სხვა საგნის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი. “.
თელაველი პედაგოგებისთვის აჭარაში დაგეგმილი ვიზიტის საკითხის შესწავლა დაიწყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისი საზოგადოებამ. ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათი მონიტორები ამ საქმეს დეტალურად შეისწავლიან და დარღვევების არსებობის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია მათ მიერ მომზადებულ კვლევაში აისახება. „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდს უკვე აკვირდება. მათ შუალედური ანგარიში 7 ივლისს გამოაქვეყნეს, სადაც საუბარია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტზე, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე, სახელმწიფო რესურსის გამოყენებასა და ორგანიზაციის დამკვირვებელზე განხორციელებულ ზეწოლაზე.