ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერის მისაღებად საქართველომ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს - მითითებულია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ 13 ივლისს დამტკიცებული რეზოლუციის პროექტში. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საქართველოს მიერ შესრულების შემფასებელ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულებისა თუ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან ბრძოლის აუცილებლობა.
კონკრეტულად რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტარების მიერ დამტკიცებულ ტექსტში? რა აქვს მას საერთო აშშ-ის კონგრესის წიაღში დამტკიცებულ კანონპროექტთან? როგორ აფასებენ ევროპარლამენტარების მიერ დასმულ აქცენტებს საქართველოში?
თავდაპირველად ვთქვათ, რომ - რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები საქართველოს კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით; გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას და კვლავაც მზად არიან საქართველოს შემდგომი მასშტაბური დახმარებისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ასევე, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს „ყოვლისმომცველი რეფორმების“ განხორციელების გზაზე, რამაც ეს ქვეყანა ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია რეგიონში.
თუმცა ევროპარლამენტარები მთელ რიგ ნაკლოვანებებსაც აღნიშნავენ, საქართველოს მთელ რიგ ვალდებულებებს შეახსენებენ და მთელ რიგ ქმედებებს მოელიან, მით უმეტეს მოახლოებული არჩევნების ფონზე.
„მეტი მეტის სანაცვლოდ“ - რა მოეთხოვება საქართველოს
ევროპარლამენტარები საქართველოს შეახსენებენ ევროკავშირის მთავარ პრინციპს - „მეტი მეტის სანაცვლოდ“ და აღნიშნავენ, რომ მხარდაჭერის მისაღებად საჭიროა კონკრეტული პირობების შესრულება - ეს არის განგრძობადი წარმატებული რეფორმები შემდეგი მიმართულებებით:
-
დემოკრატია და კანონის უზენაესობა;
-
შეკავებისა და დაბალანსების მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტებში;
-
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა;
-
საარჩევნო რეფორმა.
ეს შეხსენება და პირობების ჩამონათვალი რეზოლუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არ იყო და ის ტექსტს ორი ევროპარლამენტარის - ანდრიუს კუბილიუსისა და რაფაელ გლუკსმანის მიერ ცალ-ცალკე წარდგენილი ცვლილებების შეჯერების შემდეგ დაემატა.
ანდრიუს კუბილიუსი ევროპის სახალხო პარტიის (EPP)-ის წარმომადგენელია და მისი მრავალჯერადი მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აღნიშნავდა, რომ - EPP და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენენ.
რაფაელ გლუკსმანი წარმოადგენს „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ - "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოჯახს.
ევროპარლამენტის წიაღში დამტკიცებულ პროექტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ამსგავსებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი, გიორგი კანდელაკი.
როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ორ დოკუმენტს „აერთიანებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ საქართველოსთვის პირობების წამოყენება“, რაც სრულიად უპრეცედენტო ფაქტია როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი კანონმდებლებისგან.
ევროპელი პარლამენტარების მიერ დამტკიცებულ ტექსტში გიორგი კანდელაკი კიდევ ერთ სიახლეს ხედავს და ეს არის ტერმინის „სახელმწიფოს მიტაცება“ ხსენებაა - „ვხედავთ ტერმინოლოგიის მნიშვნელოვან გამწვავებას მანამდე მიღებულ სხვა რეზოლუციებთან შედარებით“.
სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის აუცილებლობა ხაზგასმულია საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯების კიდევ ერთ ჩამონათვალში, რომელსაც რეზოლუციის კანონპროექტში შესულ მრავალ შესწორებას შორის ვხვდებით.
„(ევროპარლამენტი) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განამტკიცოს კანონის უზენაესობა, განაგრძოს სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლა, ადმინისტრირების რეფორმა, დეცენტრალიზაცია, კარგი მმართველობის რეფორმა და ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულება და შრომის უფლებები, რათა გააძლიეროს საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაცია“.
გიორგი რურუას საკითხი
გიორგი რურუას გვარი და სახელი ტექსტში ნახსენები არ არის და მასში არც ევროპარლამენტარების მიერ მანამდე არაერთხელ მოხსენიებული ტერმინი - „პოლიტპატიმარი“ გვხვდება. ეს მოცემულობა ხელისუფლებას კმაყოფილების საფუძველს აძლევს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად ბრიუსელში მყოფმა დავით ზალკალიანმა განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ - არ გამართლდა ოპოზიციის მოლოდინი, გიორგი რურუა ნახსენები არ არის და ეს ევროპარლამენტარებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგიაო.
„ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მათ თვალნათლივ დაინახეს, თუ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, როგორი თანმიმდევრული იყო აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტის წევრები ამას კარგად ხედავენ და შესაბამისად ეს აისახება მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამ საკითხზე განცხადებები გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც. მან თქვა, რომ - „ევროპარლამენტარების ვორდინგში ვერ აისახებოდა ვერც სიტყვა „პოლიტპატიმარი“ და ვერც კონკრეტული სახელი და გვარი იმიტომ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობისა და მისი კლასტერის ინტერპრეტაცია“ და ოპონენტებს ხალხი უბრალოდ შეცდომაში შეჰყავთ.
თუმცა უშუალოდ გვარისა და სახელის არ ხსენება არაფერს ნიშნავს ოპონენტებისთვის. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მაგალითად - რეზოლუციის პროექტში ასახულ ჩანაწერზე, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს - „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ წარმოებისგან „მედიამფლობელებისა თუ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, ხოლო რურუა „მთავარი არხის დამფუძნებელია“.
ოპოზიციის სხვა არგუმენტები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ აქცენტებსაც უკავშირდება.
„დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ხელისუფლებას, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება სრულად, ანუ ფაქტობრივად მოუწოდებს გაათავისუფლოს გიორგი რურუა, რადგან ეს დღეს რჩება 8 მარტის შეთანხმების ერთადერთ შეუსრულებელ პირობად“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
8 მარტის შეთანხმებასა და პოლიტიკურ მოტივაციაზე
ტექსტში სწორედ 8 მარტის შეთანხმების ჭრილშია ნახსენები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის) შეწყალების ფაქტი და ნათქვამია ისიც, რომ - 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს.
კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის 13 ევროპარლამენტარის მიერ წარდგენილი ცვლილებების შეჯერებით მიღებულ პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ:
- (ევროპარლამენტი) აფასებს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მიერ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერას, 2020 წლის 8 მარტს, რამაც დაადგინა საარჩევნო სისტემის არსებითი თავისებურებები 2020 წლის ოქტომბრის (საპარლამენტო) არჩევნებისთვის;
- (ევროპარლამენტი) მიესალმება პარტიებს შორის შემდგარი დიალოგის შედეგებს, როგორც საერთო გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადყოფნის აშკარა ნიშანს და ხაზს უსვამს პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობასა და პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას საპარლამენტო არჩევნების წინ - როგორც პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველს;
- (ევროპარლამენტი) მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის 15 მაისის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალების შესახებ, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დაძაბულობის განმუხტვისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულების გზაზე;
- (ევროპარლამენტი) მოუწოდებს ყველა მხარეს - პატივი სცენ (8 მარტის) შეთანხმების როგორც შინაარსს, ასევე სულისკვეთებას და სრულად შეასრულონ ყველა მისი ასპექტი; კერძოდ - საარჩევნო რეფორმის ყველა ასპექტი ასახულ იქნას კონსტიტუციასა და კანონში და განხორციელდეს სრულად, რაც შეიძლება სწრაფად.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შესულ კიდევ ერთი შესწორებაში გამოხატულია შეშფოთება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლოდროინდელი სასამართლო საქმეების გამო. ტექსტში ნათქვამია, რომ: ამან ძირი გამოუთხარა ნდობას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც „შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე“.
- ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას -„თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული ნებისმიერი საქმის წარმოებისგან“;
- ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში - „გააკონტროლოს ყველა ასეთი სასამართლო პროცესი“.
არჩევნები, მედია და მოწოდებები
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მომავალ არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიულობის დასადასტურებლად და ამიტომ - ევროპარლამენტარებს პატიოსანი კონკურენციით გამორჩეული საარჩევნო კამპანიის ხილვა სურთ.
მიუხედვად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ახლახან დამტკიცდა, აქვეა მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ კვლავაც საჭიროა - ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად ოპერატიულად გადაიხედოს კანონმდებლობა ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით. ამ კუთხით სახელდება, მაგალითად: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება და ზეწოლა თუ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება - ოპოზიციის წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
ცალკეა გამოყოფილი მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები და აქ, მაგალითად, შემდეგი აქცენტებია თავმოყრილი:
- თავისუფალი მედიის მნიშვნელობა არჩევნების ჭრილში;
- ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მედიასაშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;
- მედიის მიერ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების პლურალისტული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული გაშუქება;
- მედიამფლობელობის გამჭვირვალობის გაზრდა.
სწორედ აქ გვხვდება მოწოდება ხელისუფლების მისამართით, რომ თავი შეიკავოს „მედიასაშუალებების დამოუკიდებლობაში ჩარევისგან“ და „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ წარმოებისგან „მედიამფლობელებისა თუ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ“.
ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებას მიიღოს ზომები უცხოელი თუ ადგილობრივი სუბიექტების დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია ქვეყნისა თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ სოციალური ქსელების პლატფორმებს - არ დაუშვან ამ რესურსის შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესების საზიანოდ.
საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული პროეტის ევროპარლამენტის სესიაზე გატანა სექტემბერში იგეგმება.