Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი: „საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია“


სვენ მიკსერი
სვენ მიკსერი

დღეს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის ანგარიშს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

კენჭისყრამდე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი, რომელმაც ანგარიშის ძირითად ტენდენციაზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

„საქართველო ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, არა მხოლოდ როგორც ასოცირებული ქვეყანა, არამედ როგორც ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისაა. ასევე ეს არის ქვეყანა, რომელიც იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელსაც აგრესიული მეზობელი არღვევს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მხარდაჭერა სცდება პარტიულ ხაზს და ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ აქტორს ან პარტიას, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას. ეს ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკაში საკმაოდ რყევები შეინიშნება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა. თუმცა, ასევე არ ვიკავებთ თავს საქართველოს ხელისუფლების შექებისგან, როდესაც მის მიერ გადადგმული ნაბიჯები აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეთა პირობებს. მაგალითად, წარმატებული ბრძოლა კორონაივრუსის პანდემიის დროს. ასევე, მიღწევები რეფორმების გზაზე, რაც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა ანგარიშში შესატანად კენჭისყრისთვის 165 შესწორება მოამზადეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებს ეხება. მოხსენების საბოლოო ტექსტი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მომზადებული ანგარიში (რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტსაც მოიცავს) ჯერ კიდევ მარტში იქნა წარდგენილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა და მისი განხილვა მაისში ჩატარდა. სექტემბერში სვენ მიკსერის მოხსენებას და საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტს ევროპის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

XS
SM
MD
LG