Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს 


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ზაზა გახელაძეს ახალგორიდან ტელეფონით ოჯახში დაარეკინეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რუსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას უპირებდნენ, დაჭრის შესახებ არაფერი უთქვამს. ეს ამბავი ოჯახმა მოგვიანებით გაიგო. 

ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე დილით ადრე სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა კაგებეს პრესსამსახურის ცნობა გაავრცელეს.

„11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა კახა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით კახა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ ის დაკავებულ იქნა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ბიჭი მოვიდა და გაგვაგებინა, რომ რუსები იყვნენ გადმოსულები და წაიყვანესო. სხვა არაფერი ვიცი. ამბობენ, დაჭრილიაო, რუსები ავრცელებენ ინფორმაციას. ჩემი ცოლი იქით გადავარდა, მე აქეთ გადმოვვარდი, ცუდად გავხდით...
მიხეილ გახელაძე

კაგებეს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დაჭრილს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, აცხადებს, რომ მისი შვილი დილით ადრე წავიდა სოკოს საკრეფად და მას სანადირო იარაღი თან არ ჰქონია.

„ბიჭი მოვიდა და გაგვაგებინა, რომ რუსები იყვნენ გადმოსულები და წაიყვანესო. სხვა არაფერი ვიცი. ამბობენ, დაჭრილიაო, რუსები ავრცელებენ ინფორმაციას. ჩემი ცოლი იქით გადავარდა, მე აქეთ გადმოვვარდი, ცუდად გავხდით“, - ამბობს მიხეილ გახელაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი უკვე დაადასტურა.

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუს-ში.

სოფლის მცხოვრებლები სხვილოს ციხეზე ხშირად მიდიან ხოლმე. ციხიდან მოშორებით საოკუპაციო ხაზი გადის, თუმცა ქვემოჭალელები იქით გადასვლას ყოველთვის ერიდებიან. იქ არც ღობეებია და არც მავთულხლართები, ამიტომ საოკუპაციო ძალები თავად შედიან ხოლმე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

„რუსები ჩამოდიან ხოლმე დაბლა, ეს არაერთხელ შეგვიმჩნევია. ჩვენ იქით არ გადავდივართ. სხვილოს ციხიდან ზევით ისევ ჩვენი ტერიტორიაა. საქონლის გადარეკვასაც კი ვერიდებით, რომ არ დაგვაკაონ, მაგრამ თვითონ რუსები აქეთ ჩნდებიან ხოლმე“, - ამბობენ ქვემოჭალელები ჟურნალისტებთან საუბარში.

ქვემოჭალელი ოთარ გორჯილაძე ამბობს, რომ რუსებს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეები ადრეც წაუყვანიათ, მაგრამ იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ.

„ადრეც გაიტაცეს კაცი დაბლიდან, რუსები იყვნენ მთიდან ჩამოსულები. ჩვენს ტერიტორიაზე მოდიან ხოლმე და ასე იტაცებენ ხალხს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, კავშირზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, იმისათვის რომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს...
ლაშა დარსალია

რაც შეეხება საქართველოს დაჭრილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, იარაღით დაჭრეს, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით კონტაქტი იყო ცხელ ხაზზე და დგინდება, თუ როგორია ამ დროისთვის მისი მდგომარეობა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, კავშირზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, იმისათვის რომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს. ეს არის ცალსახად უხეში დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების შედეგად, კიდევ უფრო დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო ადგილზე, რაზეც ცალსახად პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს. ახლა, ამწუთას, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დაუყოვნებლივ დაბრუნდეს ჩვენი მოქალაქე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს ნადირობა და ბუნებაში სეირნობა უყვარს. მას სანადიროდ ყოფნისას სამხედრო, კამუფლირებული ფორმა ეცვა ხოლმე. ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა, ის საოკუპაციო ძალებმა ადრეც შეამჩნიეს სხვილოს ციხესთან და 11 ივლისს ჩაუსაფრდნენ, დაკავებისას კი ცეცხლი გაუხსნეს.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, დაჭრილს პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში გაუწიეს და შემდეგ გადაიყვანეს ცხინვალში. ბოლო წლებში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საოკუპაციო ძალებს საქართველოს მოქალაქის გატაცებისას მისთვის ესროლათ. ყოფილა ჰაერში გასროლის შემთხვევები, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მოქალაქეების დევნა, მაგრამ პირდაპირ სროლა, დაჭრა და ასე დაკავება ჯერ არ ყოფილა. გახელაძეების ოჯახი დახმარებას ახლა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს და გატაცებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG