მარინემ სოფელ გურჯაანში შექმნა ფერმა, რომელიც ამჟამად 100-მდე ფრინველს ითვლის - ჰყავს ქათმები, ინდაურები და პეკინური იხვები. ზარდიაშვილი ფერმის გაფართოებასაც აპირებს, რადგან ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო "სახლში დარჩენილ" 61 წლის ჟურნალისტს სხვა იდეებიც გაუჩნდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, ორ თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ შინ დარჩენილიყვნენ. 61 წლის პროფესიით ჟურნალისტი მარინე ზარდიაშვილი ამ მოწოდებას დაემორჩილა და „დარჩა სახლში“, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მან ეს პერიოდი „სასიკეთოდ გამოიყენა“ და მცირე მეფრინველეობის ფერმა შექმნა.
მარინე შინ დარჩენამდე ბოლო დროს ერთ-ერთი ანსამბლის პიარსამსახურში მუშაობდა. უფრო ადრე 45 წელი გაზეთ „გურჯაანის“ ჟურნალისტი იყო. აქტიურ ჟურნალისტიკაში ოთხ-ნახევარი ათეული წელი გაატარა, ამიტომ ამბობს, რომ პანდემიის გამო სახლში უსაქმოდ ვერ დარჩებოდა, რადგან ელემენტარული ყოველთვიური შემოსავალი სჭირდებოდა. ამ მიზნით ფრინველების მომრავლება დაიწყო. ფერმა ახლა 100-მდე ფრინველს ითვლის. ჰყავს ქათმები, ინდაურები და პეკინური იხვები.
„ბოლო 4 წელია, ფოლკლორულ ანსამბლ „გურჯაანის“ პიარში ვმუშაობ. ვირუსის გამო მუშაობა შევაჩერეთ და თითქმის 5 თვე დავრჩი სახლში. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და უქმად ვერ გავჩერდებოდი. რამდენიმე ქათამი და ინდაური მყავდა, ისე როგორც ყველას ჰყავს სოფელში. გადავწყვიტე ფერმა გამეკეთებინა. თან გაზაფხული დაემთხვა, რაც ფრინველის გამრავლების პერიოდია. ახლა მყავს ქათმების რამდენიმე თაობა, ინდაურები და ჭუკები, ასევე მყავს პეკინური იხვები, რომლებიც ძალიან ადვილი შესანახია. მცირე საკვებიც კი ჰყოფნით და დიდები იზრდებიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი და ფერმერი მარინე ზარდიაშვილი და დასძენს: „მომრავლების დროს მე ფრინველი არ მიკვდება, ალბათ, იმიტომ, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს!“
61 წლის ჟურნალისტი სოფელ გურჯაანში ცხოვრობს. მარინე ზარდიაშვილს შვილები დედაქალაქში ჰყავს. მეუღლე
გარდაცვლილია, ამიტომ, უკვე წლებია, მარტოა. მას შემდეგ რაც პანდემიის პირობებში მეფრინველეობის ფერმა გააკეთა, მისი ყოველი დილა 6 საათზე იწყება. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცხოველები და ფრინველები განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ შრომატევადი საქმე არ ღლის:
„შრომატევადობა განისაზღვრება ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობით. მე სამსახურში უფრო ვიღლებოდი... როცა ფრინველები დამინახავენ, მეგებებიან და მელოდებიან, როგორც ბავშვები. ბიზნესი და მოგება ერთია, მაგრამ მათთან ურთიერთობა მე ბედნიერებას მანიჭებს“.
მარინე ზარდიაშვილი მეფრინველეობის ფერმის გაფართოებასაც აპირებს, რადგან ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდა. ყიდის ცოცხალ ფრინველს და კვერცხს. სამსახურში, სადაც მუშაობს, ხელფასი 300 ლარი აქვს, სახლში დარჩენილმა კი 300 ლარის შემოსავალი ორი ინდაურის გაყიდვით მიიღო.
„საერთოდ, ყველა უარყოფითს აქვს დადებითიც. პანდემიის დროს ჩემი საქმე უკეთ წავიდა. დიდი მოთხოვნაა სოფლის ქათამზე და ნატურალურ კვერცხზე. ჩემი ძირითადი შემკვეთები არიან ბავშვების პატრონები... ბიზნესს რომ თავი დავანებოთ, უკვე პენსიაზე ვარ და იმის ფუფუნება მაქვს, რომ რაც ყველაზე მეტად მიყვარს და კარგად გამომდის, იმას ვაკეთებ. მე მგონი, ადამიანებთან კონტაქტზე მეტად ფრინველებთან და ცხოველებთან ურთიერთობა მიყვარს“, -ეუბნება რადიო თავისუფლებას მარინე ზარდიაშვილი.
კორონავირუსის პანდემიის გამო „სახლში დარჩენილ“ 61 წლის ჟურნალისტს სხვა იდეებიც აქვს. სახლს, სადაც ის ცხოვრობს, საუკუნოვანი ისტორია აქვს, ამიტომ შესაძლოა საოჯახო სასტუმრო და მარანი მოაწყოს, თუმცა ჯერ ფინანსები უნდა მოიძიოს. თუ ეს საქმეც გამოუვიდა, ფიქრობს, რომ მინიმუმ 4 მეზობელ ქალს დაასაქმებს, რომლებიც პანდემიამდეც უმუშევრები იყვნენ.