Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება სიაში - ოპოზიციური შეთანხმება 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე


ოპოზიციურ ერთობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და შესაძლოა, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდეს კანდიდატების შეთანხმებული სია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქისთვის. ჯერჯერობით დეტალები გასაიდუმლოებულია, მაგრამ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ზოგი რამ მაინც იკვეთება.

ოპოზიციური ერთობა ლეიბორისტული პარტიის ოფისში 18 მაისის შემდეგ არ შეკრებილა. თუკი სოციალურ ქსელს გადავხედავთ, ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაჟორიტარების საკითხზე ოპოზიციის შეუთანხმებლობის ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევენ.

წარმომადგენლობითი შეხვედრების ხანგრძლივი პაუზა არაფერს ნიშნავს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიორგი გუგავასთვის, რადგან - „მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“. გუგავა ასევე გვეუბნება, რომ პროცესი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქისთვის „შეთანხმებული კანდიდატურების სია უკვე რამდენიმე დღეში გამოცხადდება“.

ოპტიმისტური განწყობაა „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლობა წარმატებით თანხმდება და ორიოდე მაჟორიტარი კანდიდატის შეთანხმებაღა დარჩა. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, სიის გამოცხადება შესაძლებელი იქნება უკვე მომავალი კვირის დასაწყისშიც.

ამ ეტაპზე გვარებისა და რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს ყველა. თუმცა რადიო თავისუფლებისთვის სხვადასხვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, თბილისში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოსაც“: თითქმის ბოლომდეა შეთანხმებული ელენე ხოშტარიას კანდიდატურა და, სავარაუდოდ, ასევე იქნება - დავით ბაქრაძე;
  • თბილისის მაჟორიტარების სიაში შესაძლებელია ვიხილოთ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე - შალვა ნათელაშვილი;
  • არის მოლოდინი, რომ სიაში იქნება ასევე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც სულ მალე საკუთარ პარტიას აფუძნებს;
  • თბილისის მაჟორიტარების სიაში არ იქნება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი - ირაკლი ოქრუაშვილი;
  • თბილისის მაჟორიტარების სიაში არ იქნება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე (ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. თუმცა ასევე გვითხრეს, რომ პარტია აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში).

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის წამოაყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ გლდანსა და სამგორში - თბილისის იმ 2 ოლქში, რომლებიც ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერის მიხედვით შეარჩია.

4 ივნისიდან, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს - სხვა პარტიებისთვის დათმობილ 6 დანარჩენ ოლქში.

ამ ეტაპის ვარაუდებით შექმნილი სურათი ძალიან წააგავს თბილისის 8 ოლქის მაჟორიტარების გადანაწილების ფორმულას, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა: ნაციონალურ მოძრაობა - 2, ლელო“ - 2; ევროპულ საქართველო“ - 2; ალეკო ელისაშვილს („სამოქალაქო მოძრაობა“) - 1; შალვა ნათელაშვილს („ლეიბორისტული პარტია“) - 1.

დავით ბერძენიშვილს ზუსტად უჭირს იმის თქმა - რეალიზების რა შანსები აქვს მის ფორმულას, რადგან აქ განსხვავებული პოზიციის მქონე „ლელოც“ მოიაზრება. თუმცა ჩვენთან საუბრისას იგი ვარაუდობს, რომ 6 ოლქი მაინც შეთანხმდება.

  • „რესპუბლიკური პარტია“ არ მონაწილეობს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების გადანაწილების პროცესში, რადგან ის დედაქალაქში მაჟორიტარების წამოყენებას ისედაც არ გეგმავდა;
  • მოლაპარაკებების პროცესში არც „გირჩი“ მონაწილეობს, რადგან პარტია 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ პროპორციული წესით აპირებს კენჭისყრას.

რაც შეეხება „ლელოს“, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ძალა თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და ოლქებისთვის მაჟორიტარების შერჩევას კვლავაც დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით გეგმავს - რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა, გარკვეულ ოლქებში ოპოზიციური ერთობის ძლიერ კანდიდატებს „ლელომ“ საკუთარი კანდიდატები აღარ დაუპირისპიროს.

ამის შესახებ ამ ეტაპზე არაფერს ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი. თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ოპოზიციურ ერთობასთან დიალოგისა და კოორდინაციის რეჟიმი შენარჩუნებულია და მომავალშიც ასე გაგრძელდება“.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებული სია ოპოზიციურ ერთობას ე.წ. გავრილოვის ღამის წლისთავზე, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოეცხადებინა. ითქვა ისიც, რომ იდეა იმ ახალგაზრდებისგან მოდიოდა, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული ხანგრძლივი აქციების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ.

თუმცა, ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, სია 20 ივნისამდე გამოქვეყნდეს.

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი - ნოდარ რუხაძე გვეუბნება, გამოცხადების თარიღს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგეს“. რუხაძის შეფასებით, ერთიანობის დემონსტრირება სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს 20 ივნისის მძიმე მოვლენების წლისთავზე:

  • „ოპოზიციური პარტიების ერთიანობა საკვანძოა 2020 წლის არჩევნებისთვის, რთა ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვალოს“;
  • „ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ზუსტად საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის ვიბრძოდით და საქმე ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი. არავინ იცის, ბოლომდე შეასრულებს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას“.

ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ფართო იქნება შეთანხმება თბილისისთვის შერჩეული მაჟორიტარი კანდიდატების გარშემო.

თუკი მხოლოდ 3-4 პარტიის შეთანხმება მოხერხდება, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ფართო კონსენსუსად არ ჩათვალოს და საკუთარი კანდიდატები სხვა ოლქებშიც დაასახელოს. ამ შინაარსის განცხადებები უკვე გააკეთეს პარტიის წარმომადგენლებმა.

ეს თუ ასე მოხდება, ანდა უბრალოდ - შეთანხმება სხვა მიზეზით ჩაიშლება, მეტი მაჟორიტარის შერჩევა და წარდგენა მოუწევთ სხვა პარტიებსაც. თუმცა ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი ოპოზიციურ ერთობაში არავის აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG