აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზღვაში ბანაობა დასაშვებია, პლაჟზე გარუჯვა კი დისტანციისა და აუცილებელი ჰიგიენური ნორმების დაცვითაა შესაძლებელი.
„ზღვაში ბანაობა აბსოლუტურად არაა რისკის შემცველი, იმიტომ რომ ჩვენ არ შევხვედრივართ არც ერთ შემთხვევას, რომ დაინფიცირება წყალში ბანაობით იყოს გამოწვეული. რუჯის მიღება კი მაშინაა რისკი, როცა სიმჭიდროვეა - სამი ან მეტი ადამიანია ერთად და მათ შორის დარღვეულია სოციალური დისტანცირება. ამ რისკის გათვალისწინებით კი, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნებისმიერ ადგილას სოციალური დისტანცირება დაიცვან, ატარონ ნიღბები და ხელის დეზინფექცია ხშირად გაიკეთონ“, - ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე
ვისეირნებთ თუ ზღვაში ვიბანავებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ერთმანეთთან ურთიერთობისას ისევ და ისევ დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ ნიღბებით და ხელის დეზინფექცია ხშირად ვიკეთოთ...ნინო ნიჟარაძე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსავე ცნობით, რეკომენდაციების დაცვით სეირნობა და საქმიანი ვიზიტებიც დასაშვებია. ზოგადად კი, ეს წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაინერგოს და ასეთი უნარ-ჩვევები ეტიკეტად უნდა იქცესო, ამბობენ უწყებაში და მიანიშნებენ, რომ მომავალში რესპირატორული დაავადებისგან თავის დაცვა კიდევ უფრო მეტადაა საჭირო.
აჭარაში, ბოლო ოთხი დღეა, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი მზარდია. მიუხედავად ამისა, რეგიონში ვირუსის გავრცელების პიკს თვის ბოლოს ელიან. ეს გამოთვლები კეთდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით, რომლის მიხედვით, შიდა გავრცელების გამოვლენის შემდეგ შვიდიდან რვა კვირაში პანდემია პიკს აღწევს. აჭარაში კი ეს პერიოდი მაისის ბოლოსაა, რადგან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა 6 აპრილს დაფიქსირდა. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პიკი შესაძლოა არც დადგეს, თუ მოსახლეობა წესებს დაიცავს:
„ხოლო თუ შემთხვევების მატება იქნება, შესაძლებელია რეკომენდაციებიც გამკაცრდეს და უფრო მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაც დადგეს. მაგრამ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მისაღებია საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული წესების გამარტივება, რაც ეტაპობრივად ხდება. ამას კი მოქალაქეებმა უნდა შევუწყოთ ხელი. ვისეირნებთ თუ ზღვაში ვიბანავებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ერთმანეთთან ურთიერთობისას ისევ და ისევ დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ ნიღბებით და ხელის დეზინფექცია ხშირად ვიკეთოთ“.
ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არაა დადგენილი და ისევ კვლევის საგანია, ამცირებს თუ არა მაღალი ტემპერატურა კორონავირუსის გავრცელების რისკს. ვიდრე მეცნიერები იკვლევენ, ტემპერატურის მატებასთან ერთად ბათუმის პლაჟებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ზღვის სეზონი უკვე გახსნა - გასული კვირის ბოლოს, უქმეებზე, ქალაქის პლაჟებზე მოქალაქეები საცურაო კოსტიუმებით ისვენებდნენ, ირუჯებოდნენ და ზღვაში ბანაობდნენ კიდეც. მათ შორისაა ბათუმელი ლია გოგიტიძე, რომელიც მწვანე კონცხზე ზღვაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა:
ერთმანეთს აღარავინ არ კოცნის - ეს შესამჩნევია. მაგრამ რამდენად უშველის ეს საერთო მდგომარეობას? ვშიშობ, რომ ჩვენმა გათამამებამ არ შეუწყოს ხელი გავრცელებას. ჯერ კი გვახსოვს, რომ წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ წესების გამარტივების შემდეგ რამე არ გამოგვეპაროს, მაგის მეშინია.ეკატერინე ორბელაძე
„ბევრი ხალხი იყო ზღვაზე. ყველა წესის დაცვით ვიყავით. ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან კარგად გავერთეთ. ამინდიც კარგი იყო. მგონია, რომ ნელ-ნელა სამშვიდობოს გავდივართ. მგონია, რომ ტურისტული ზღვის სეზონი წელს იქნება. დასასვენებლად საქართველოზე უკეთესი ადგილი რთულად საპოვნია, იმიტომ რომ ჩვენთან პანდემიამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. მე განცდა მაქვს, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები და ეს პირბადე ყოვედღიური ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდება“, - ამბობს ლია გოგიტიძე.
პირბადიან მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში ხშირად შეხვდებით. საერთოდ კი, ადამიანები სულ უფრო თამამად გამოდიან ქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით მზიანი ამინდის დროს. ბათუმელი ეკატერინე ორბელაძის დაკვირვებით, ადამიანებმა ჩვეული ქცევა შეცვალეს. მაგალითად, შეხვედრისას ერთმანეთისგან აუცილებელ დისტანციას იცავენ და თუ პირველ ხანებში ამის გამო ერთმანეთს ებოდიშებოდნენ, ახლა ეს ჩვეულებრივი ქცევაა:
„ერთმანეთს აღარავინ არ კოცნის - ეს შესამჩნევია. მაგრამ რამდენად უშველის ეს საერთო მდგომარეობას? ვშიშობ, რომ ჩვენმა გათამამებამ არ შეუწყოს ხელი გავრცელებას. ჯერ კი გვახსოვს, რომ წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ წესების გამარტივების შემდეგ რამე არ გამოგვეპაროს, მაგის მეშინია. ჩვენი ეპიდემიოლოგების დიდმა შრომამ გაგვანებივრა, ეს იგრძნობა - ისეთი პანიკური შიში აღარ გვაქვს. ერთმანეთის ნახვაც შესაძლებელია, პარკში ბავშვების გასეირნებაც, მაგრამ ახლა შინაგანი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, - ამბობს ეკატერინე ორბელაძე.
ბათუმელების სითამამე შესამჩნევია ვარუჟან გასპარიანისთვისაც, რომელიც შენიშნავს, რომ, როგორც კი კერძო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა, ბათუმის ქუჩებში საცობები გაჩნდა:
„გორგილაძის ქუჩაზე მანქანით ვმოძრაობდი და მეორე ქუჩამდე ძლივს მივედი, ისეთი საცობი იყო. თან ვხედავ, რომ ბევრი მანქანით სასეირნოდაა გამოსული. რა დროს სეირნობაა? ცოტაც გავუძლოთ. ამდენი თანხა დაიხარჯა. თუ არ მოვუსმინეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება და ეს არ შეიძლება! ვისაც საქმე არ აქვს, დაჯდეს სახლში! ხომ ითქვა, რომ 22 მაისამდეაო. ამდენი ხანი გავძელით და ცოტაც დავიცადოთ“, - ამბობს ვარუჟან გასპარიანი.
ამ დროისთვის ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებულ 21 პაციენტს მკურნალობენ, 34 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ყველაზე დიდ, ე.წ. ქობულეთის კლასტერს, რომელიც შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა იყო აჭარაში, აქ 36 ინფიცირებულიდან 9 განიკურნა, მათთან კავშირში მყოფმა 550-მა მოქალაქემ კი სავალდებულო კარანტინი და თვითიზოლაცია გაიარა, რომლის დასრულების შემდეგ ყველა შემთხვევაზე ლაბორატორიული ტესტირებით უარყოფითი პასუხი მოვიდა. რაც შეეხება აჭარაში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებს, სადაც საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 8 ათასზე მეტი მოქალაქე იყო მოთავსებული, უმრავლესობამ სივრცე დატოვა. საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 1000-ზე მეტი მოქალაქე რჩება.