ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებთან და ეკლესიებში ხალხის სიმრავლემ წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევას ერთნაირად არ პასუხობს. ოპოზიციური პარტიები, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ხელისუფლებას არათანმიმდევრული მიდგომისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისის დაშვების გამო აკრიტიკებენ.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები უნდა იყოს თანმიმდევრული და ეფუძნებოდეს თანასწორობას. მისი თქმით, თუ სასულიერო პირი დანაშაულს სჩადის და ამის გამო ისჯება, საზოგადოებას კითხვები არ უჩნდება.
„დღეს ამ პრინციპს არღვევს სახელმწიფო და აჩენს უსამართლობის განცდას… ამ შემთხვევაში კანონის არაღსრულება პირდაპირ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - ამბობს ის.
ის ხელისუფლებას იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე მიუთითებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, საქართველოს მსგავსად, მართლმადიდებელი რელიგიის მიმდევარია. სერბეთი და მონტენეგრო შეზღუდვების დროს გამონაკლისებს არ უშვებს.
„რელიგიის თავისუფლების უფლება, როცა ის საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანის სიცოცხლეს, შეიძლება შეიზღუდოს სწორედ ამ ლეგიტიმური მიზეზით“, - ამბობს ის.
ევროპული საქართველო
თანასწორობის პრინციპის გარდა, შეზღუდვის ეფექტიანობაზე ამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. მისი თქმით, მსგავს წესებს მაშინ აქვს აზრი, თუ ის გავრცელდება ყველაზე.
„თუ ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფზე არ ვრცელდება, მაშინ ვისთვის არის ეს შეზღუდვები?! იმ ადამიანებისთვის, ვინც კანონმორჩილია, ან ეკონომიკისთვის, რომელიც, საბოლოოდ, შიმშილამდე მიიყვანს ადამიანს?!“ - ამბობს ის.
ბოკერია ამბობს, რომ ეკლესიებთან ხალხმრავალი შეკრებები ხელისუფლების საჯარო გზავნილის შედეგია. ის იხსენებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ კომენტარს, სადაც მან თქვა, რომ შეზღუდვა რელიგიაზე არ ვრცელდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი საჯარო გამოსვლებში საპატრიარქოსთან კომპრომისის გამონახვაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ხელისუფლებიდან მკაფიო სიგნალის შემთხვევაში, განსხვავებული რეაქცია იქნებოდა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის მხრიდან… თუ საფრთხე არსებობს და ფიქრობ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს, კომპრომისი არ არსებობს. არსებობს წესები, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს… რაც მთავარია, ამოცანა არაა ვინმე დაისაჯოს, მთავარია, მკაფიო სიგნალი გაჟღერდეს - თუ იტყვი, რომ ეს ქმედება დასჯადია, ხშირ შემთხვევაში აღარ ხდება ხოლმე დარღვევა“, - განმარტავს ის.
ლეიბორისტული პარტია
„კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი“, - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შერჩევითი დამოკიდებულებაა.
„პანდემიაზე დიდ საშიშროებად ის გამოჩნდა, რომ, ფაქტიურად, ჩვენ მივიღეთ ორი ტიპის ხელისუფლება - საპატრიარქო და საერო მმართველობა“, - ამბობს ის.
გუგავა მიიჩნევს, რომ თუკი ცოლ-ქმარი ქუჩაში სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის ჯარიმდება და უსაფრთოხოების გამო შემოღებული რეგულაციები მოქალაქეებს შემოსავლის გარეშე ტოვებს, ყველა დარღვევაზე უნდა მოხდეს რეაგირება.
„დანაშაულებრივ უმოქმედობადაც შეიძლება ჩაითვალოს ეს. თუ ეს საფრთხე არ არის, მაშინ რატო არიან სხვები გამოკეტილი“, - დასძენს ის.
რესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევამ დაადასტურა - ხელისუფლება ძლიერ ინსტიტუტებთან უუნაროა.
„დღეს გიორგი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არავინ არ არის იმიტომ, რომ ვერ აგვარებს ამ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს… საპატრიარქომ აჩვენა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს და ის ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. მან ყველაზე ცუდი ვითარებით ყველაზე სასტიკად ისარგებლა და აჩვენებს, რომ ის არის „უფროსი“, - ამბობს კორძაია.
ლელო
პოლიტიკურ კეკლუცობად აფასებს ხელისუფლების ნაბიჯებს ლელოს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ ინტერპრეტაციების საშუალება არ დარჩენილიყო, შეზღუდვების ჩამონათვალში ცალკე პუნქტად უნდა გამოყოფილიყო ეკლესიაში შეკრების შეზღუდვაც.
„ჩემი აზრით, ეკლესია არ უნდა დაკეტილიყო სასულიერო პირებისთვის, თუმცა იქაც უნდა ყოფილიყო შეზღუდვა რაოდენობაზე, მაგრამ მრევლი უნდა დამორჩილებოდა ისე კანონს, როგორც ყველა… ინფექცია არ არჩევს ადამიანებს რელიგიური მრწამსით, წარმომავლობით, სოციალური სტატუსით, თუ რაიმე ნიშნით“, - თქვა მან.
გირჩი
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება „როლშია შეჭრილი“ და საარჩევნო პიარისთვის ხალხს აჩვენებს, რომ „რაღაცას აკეთებს“. პარტიის წევრი, ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საპატრიარქოსნაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს ყველა მოქალაქე.
„ჩვენ არ ვეთანხმებით იმასაც, რომ ახლა მთავრობა ადგეს, საპატრიარქოში შევარდეს და დააჯარიმოს ყველა“, - ამბობს ჯგერენაია.
მისი თქმით, სხვა ბიზნესობიექტებმაც უნდა განაახლონ მუშაობა და სუპერმარკეტების მსგავსი შეზღუდვები დაუწესდეთ.
„ეკლესიაში უფრო მეტი მრევლი იკრიბება, ვიდრე რომელიმე მაღაზიაში, რომელიც დაკეტილია… მართლა რომ ვირუსის გავრცელების პრევენციას ახდენდნენ და ადამიანების ჯანმრთელობაზე დარდობდნენ, საპატრიარქოს მიმართაც ხო აღასრულებდნენ იგივეს“, - დასძენს ის.
პატრიოტთა ალიანსი
პატრიოტთა ალიანსი, პირიქით, ხელისუფლებას იმ ნაბიჯებისთვის აკრიტიკებს, რომელიც პანდემიის პრევენციისთვის გადადგა.
„ჩემთვისაც გაუგებარია 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი და მეჩვენება, რომ ამ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ გაუჭირდეს ადამიანებს წირვაზე მისვლა. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ, ამას ვერ ხვდებით?!“ - მიმართა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ განცხადებების გამოც აკრიტიკებს, სადაც საუბარი იყო, რომ ისინი აღდგომის წირვას არ დაესწრებიან:
„ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისთვის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება?!. ის კი არ უნდა თქვათ, არ წავალ წირვაზე - მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან - „წავალთ და ვეზიარებით“.
ქართული ოცნება
მმართველი პარტია აღიარებს, რომ საეკლესიო შეკრებებზე საგანგებო მდგომარეობის წესები დაირღვა, თუმცა რა რეაგირება მოჰყვება ამას, ბუნდოვანია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებდა, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას, ბუნებრივია, ექნება შესაბამისი რეაგირება… ჩვენ ვართ ხელისუფლება და აქაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ყველას და მოსმენის შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ქვეყანას და ვითარებას. ამიტომ მოვუსმენთ, ყველას, პირველ რიგში ეკლესიის წარმომადგენლებს“, - თქვა მან.
აღდგომის დღესასწაულამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ლიტანიობას დაესწრებიან და კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში იქნებიან. საქართველოში კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევაა და ქვეყანა ჯერ კიდევ ე.წ. პიკის მოლოდინშია - ამის მიუხედავად, ხელისუფლება ცხადად კვლავ არ ამბობს, რომ დააჯარიმებენ კომენდანტის საათის დამრღვევ სასულიერო პირებსა და მრევლს.