Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ჟურნალისტისა და აქტივისტის დევნა


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ (Amnesty International) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტონ დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევასა, და სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დევნა და დახურონ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.

მარცხნივ თამარ მეარაყიშვილი, ირინა ქელეხსაევა
მარცხნივ თამარ მეარაყიშვილი, ირინა ქელეხსაევა

„ჟურნალისტები თავისუფლად უნდა ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას“,-ნათქვამია ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაში. უფლებადამცველების აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე ზეწოლისაგან. დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და შექმნილია შიშისა და დაშინების ატმოსფერო.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

თამარ მეარაყიშვილი ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე წაუყენა და მოუხსნა ბრალდებები. 2017 წლიდან დღემდე მეარაყიშვილს თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეარაყიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით არაერთხელ გამოსულა და ყოველთვის ფაქტებზე დაყრდნობით ლაპარაკობდა კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობაზე. მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ „ცილისწამების“ მუხლით აღძრეს, ამას დაემატა კიდევ ერთი, „ყალბი დოკუმენტების მოპოვებისა და გამოყენების“ ბრალდება. 2019 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ მეარაყიშვილი ყველა წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა, 2020 წლის დასაწყისში კი დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ყალბი დოკუმენტების გამოყენების ნაწილში მოხსნა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განმეორებითი განხილვისთვის დააბრუნა. ადგილობრივი ხელისუფლების ვერსიით, თამარ მეარაყიშვილმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიიღო, როცა დამალა ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეობის პასპორტსაც ფლობდა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ მეარაყიშვილის დევნის ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმება იყო. თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გაჭიანურებული ე.წ. ცილისწამების საქმეები ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ ოპონენტები მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ცხინვალელი ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევას, საქმეს. ირინა ქელეხსაევა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკკაზას”ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია და მას სწორედ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან. ამჟამად დე ფაქტო სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ. ქელეხსაევას დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ზალინა ვალიევამ, გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა. რეპორტაჟში ლაპარაკი იყო ცხინვალის ციხეში მოშიმშილე პატიმრების ცემის შესახებ, რასაც ციხეში იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, მოგვიანებით კი მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დე ფაქტო პარლამენტშიც განიხილებოდა. მინისტრმა ვალიევამ ჩათვალა, რომ ქელეხსაევამ მას პატივი და ღირსება შეულახა. თუ ამ საქმეში ჟურნალისტი გამტყუნდა, მას ჯარიმის გადახდა 6 ათასი დოლარის ფარგლებში მოუწევს. ირინა ქელეხსაევა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალში დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები უუფლებონი არიან.

8 აპრილს გავრცელებული განცხადებით, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ყველანაირი „კრიმინალური“ გამოძიება მათ წინააღმდეგ. ამასთან: „დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ამ დასხვა კრიტიკოსების მიმართ შურისძიების მიზნით ზომების გამოყენებისაგან და უზრუნველყოს, რომ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ნებისმიერმა პირმა ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, შევიწროების, დაშინების, პირადი თავისუფლების დაკარგვის რისკისა და რეპრესიების შიშის გარეშე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ასევე წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც რეგიონში ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, და დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვან საერთაშორისო მონიტორები.

კიდევ ერთი ორგანიზაციის, Freedom House-ის, 2020 წლის პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთსა და აზერბაიჯანთან ერთად.

XS
SM
MD
LG