Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ ონლაინგაყიდვებზე - რატომ ვდავობთ, დაშვებულია თუ აკრძალული


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ საქართველოს მთავრობას საშუალება მისცა, შეეზღუდა რიგი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობა. 23 მარტის დადგენილებით შეზღუდა ეკონომიკური საქმიანობების აბსოლუტური უმრავლესობა და დააწესა მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი. ამ გამონაკლისებში 30 მარტამდე ჯერ კიდევ შედიოდა შენაძენის "ადგილზე მიტანის" სერვისი.

გამონაკლისებიდან ამ ჩანაწერის ამოღების შემდეგ კომპანიებს მომხმარებლისთვის „ონლაინშოპინგის“ შეთავაზების უფლება შეუზღუდათ. თუმცა დადგენილება, კიდევ ერთხელ, უკვე პირველ აპრილს შეიცვალა.

ახალ დადგენილებაში დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სახლიდან ხორციელდება. ამ დათქმამ ხელახლა გააჩინა ონლაინგაყიდვის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, დანართში გაჩნდა კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებითა და მათი ნაწილებით დისტანციურად ვაჭრობის უფლებაც.

ონლაინვაჭრობაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ეს სფერო ჯერ კიდევ შეჩერებულ საქმიანობად რჩება. მისი თქმით, ბიზნესმა უნდა დაარწმუნოს სამინისტრო, რომ მათი საქმიანობა არ შეიცავს საფრთხეს.

„ამ ეტაპზე ონლაინგაყიდვები, არასასურსათო პროდუქტის, პრაქტიკულად, არის აკრძალული. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ფარმაცევტული ნაწარმი. რაც შეეხება სასურსათოს, ის გრძელდება, სასურსათო არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფერო, მაგრამ აქაც ჩვენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ წესების დაცვას“, - თქვა მან.

ეკონომიკის სამინისტროში რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს თქვეს, რომ დღეს საქართველოში ონლაინვაჭრობა შეზღუდული არ არის, თუმცა კომპანიებს აკრძალული აქვთ სახლში მიტანის სერვისის გამოყენება. გაყიდული ნივთის მიტანა მხოლოდ საფოსტო ან საკურიერო მომსახურებით შეიძლება - ეს საქმიანობა მთავრობას არ აუკრძალავს.

დადგენილებაში ჩაწერილი გამონაკლისებისა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებების მიუხედავად, კვლავ ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე: თუ ონლაინშოპინგი ყველა შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ, გამონაკლისების გარდა, დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად, სახლიდან მუშაობა, როგორ მიაწვდის თუნდაც ფოსტას კომპანია გასაყიდ ნივთს.

დღეს კომპანიების ნაწილი გაჩერებულია, ნაწილი კი მუშაობას განაგრძობს. მაგალითად, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ მაღაზიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ონლანგაყიდვები აკრძალული აქვთ და შეკვეთებს ვერ მიიღებდნენ. თუმცა წიგნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელში ოპერატორმა თქვა, რომ სასურველი ნივთის დისტანციურად ყიდვა შესაძლებელია, შენაძენის მიღებას კი სამი-ოთხი სამუშაო დღეში დასჭირდება.

ონლაინშოპინგის აკრძალვისას პრემიერიც და ეკონომიკის მინისტრიც „დიდი რაოდენობის ადამიანებსა“ და კომუნიკაციების „დიდ ჯაჭვზე“ საუბრობდნენ, რაც ლოგიკურად მსხვილი კომპანიებისთვის ონლაინშოპინგის შეზღუდვაზე მიუთითებს. სხვა მხრივ, რით განსხვავდება სახლიდან ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა, მაგალითად, წიგნის საწყობიდან გაყიდვებისგან, თუ ორივეგან ერთი ან ორი ადამიანი იმუშავებს.

პრემიერიცა და ეკონომიკის მინისტრიც ირწმუნებიან, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის საფრთხის პრევენციისთვის საჭირო წესებს დაიცავს, ონლაინგაყიდვების უფლება ექნება. თითოეულ შემთხვევაში ნებართვა სახელმწიფომ ცალ-ცალკე უნდა გასცეს, თუ დადგენილების ძველ ვერსიას არ დააბრუნებს, სადაც ეწერა, რომ შენაძენის „ადგილზე მიტანის“ სერვისით მიწოდება შესაძლებელია.

XS
SM
MD
LG