Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 კორონავირუსმა მცოცავი ოკუპაცია შეაჩერა, მაგრამ სოფლებში სხვა პრობლემები წარმოიშვა


ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მთლიანად შეაჩერეს ე.წ. საზღვრების გავლების პროცესი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში, სადაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში 2 კილომეტრამდე სიგრძის ღობე გაავლეს, საერთოდ აღარ გამოჩენილან და სამუშაოები აღარ განუახლებიათ. covid 19-მა, ყველაფერთან ერთად, მცოცავი ოკუპაციაც შეაჩერა, მაგრამ სოფლების გუგუტიაანთკარისა და კოშკას მცხოვრებლები ახალი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ საერთოდ შეწყდა სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა, ამან კი ადგილზე გარკვეული პრობლემები შექმნა. კოშკასა და გუგუტიაანთკარში არც სასურსათო მაღაზიაა და არც აფთიაქი. ადგილობრივ მოსახლეობას საყიდლებზე წასვლა მეზობელ სოფლებში უწევთ. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ისინი რთულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ადგილობრივი მცხოვრები ლია მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მეზობელ სოფლებშიც პროდუქტები და მედიკამენტები გაძვირებულია. გარდა ამისა, ქართულ სოფლებს ხანძრის საფრთხეც ემუქრებათ, რადგან მეზობელ ოკუპირებულ სოფელ დისევში ხშირად გამხმარ ბალახს წვავენ და ცეცხლის გავრცელების საფრთხე ქართულ სოფლებშიცაა.

ლია მიქელაძე ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები მოხუცები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ქალაქად მცხოვრებ შვილებსა და შვილიშვილებთან კონტაქტი გაუწყდათ. სოფლის მოხალისეები მათ პროექტ „ღირსეული სიბერის“ ფარგლებში კი ეხმარებიან, მაგრამ არ იციან, რესურსები სადამდე ეყოფათ.

შედარებით განსხვავებული სურათია საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში, სადაც რამდენიმე სასურსათო მაღაზია, ამბულატორია და აფთიაქიცაა. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას საწვრთნელი პოლიგონებიდან სროლის ხმაც აღარ ესმით. ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება და იქ მიმდინარე სწავლებების დროს აფეთქებისა და სროლის ხმა სოფელში კარგად ესმოდათ. ნიქოზელი სამოქალაქო აქტივისტი ნინო მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სოფელში პროდუქციისა და მედიკამენტების დეფიციტი არ შეინიშნება. გარდა ამისა, ქუჩებში ცოტა ხალხი მოძრაობს და პოლიციაც საფრთხის შესახებ მათ მუდმივად აფრთხილებს.

თვითიზოლირებული მოხუცების პრობლემა ნიქოზშიც დგას. სამოქალაქო აქტივისტი ნინო მინდიაშვილი მეგობრებთან ერთად ახლა წითელი ჯვრის კომიტეტიდან რეკომენდაციებს ელოდება, რომ ხანში შესულებს სახლებში ესტუმროს და მათ, საჭიროების მიხედვით, დახმარება გაუწიოს.

როგორც კოშკა-გუგუტიაანთკარში, ასევე ნიქოზში ადგილობრივი მოსახლეობა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებს. სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, მიწის ნაკვეთს ყველა ამუშავებს და ამ რთულ პერიოდში, საკვების მოპოვების გარდა, ეს სტრესის დაძლევის საშუალებაცაა.

XS
SM
MD
LG