Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი პირბადე როგორ გვიცავს?


მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შექმნილია პირბადეების დეფიციტი და მოსახლეობა ცდილობს, ჰიგიენის დაცვასთან ერთად ფიზიკურადაც შექმნას ვირუსისთვის დამცავი ბარიერი.

  • რეალურად ამცირებს თუ არა პირბადის გამოყენება ვირუსის გადადების რისკს?
  • აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი მხრიდან გავიკეთებთ პირბადეს?
  • რა გზით შეიძლება მრავალჯერადი პირბადის მოხმარება?

რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს, ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ტენესის შტატში მემფისის ჰოსპიტალური ქსელის ინფექციონისტმა, ლადო ჩაჩანიძემ, უპასუხა.

„ამერიკაში რომ დაიწყო კორონავირუსზე საუბარი, მოჰყვა ასევე განმარტებები, რომ „დაანებეთ პირბადეებით სიარულს თავი“. რა თქმა უნდა, არ არის საუბარი იმაზე, თუ გაციებული ხარ, ან რამე ქრონიკული დაავადება გაქვს და ისედაც დაქვეითებული იმუნიტეტი. ასეთ დროს ინდივიდუალური მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ატაროს პირბადე. ხელთათმანს რაც შეეხება, თუ ხშირად არ გამოცვალე, იმასაც არ აქვს აზრი, რადგან ხელთათმანსაც ეკრობა მიკრობი. ასე რომ, მთელი დღე ხელთათმნით იმუშავებ თუ ხელთათმნის გარეშე, ასეთ დროს ამასაც არ აქვს აზრი.

ყველაზე კარგი პრევენციაა პირადი ჰიგიენა, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება და ხელების დამუშავება“.

რეალურად ამცირებს თუ არა პირბადის გამოყენება ვირუსის გადადების რისკს?

„ აქ გამოიყენება ორი სახის პირბადე - N95 და ქირურგიული, თხელი პირბადე.

N95-ს აქვს მაღალი დაცვითი ფუნქცია და ვიყენებთ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების დროს - ეს არის ტუბერკულოზი, წითელა და ა.შ. ძირითადად მას სამედიცინო პერსონალი იყენებს.

რადგანაც ცნობილია, რომ კორონავირუსი არა ჰაერწვეთოვანი, არამედ წვეთოვანი გზით გადაეცემა მეორეს, N95-ის გამოყენების საჭიროება არ არის.

ზოგადადაც, პირბადე რეკომენდებულია იმ ხალხისთვის, რომელიც ინფიცირებულია, რომ არ მიაფრქვიოს სხვას თავისი მიკრობები და არ გადასდოს დაავადება. თუმცა ვინმეს თუ სულიერი სიმშვიდისთვის ასე ურჩევნია, რა თქმა უნდა, არავინ უკრძალავს“.

გავრცელებულია შეხედულება, რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს დაავადებულის დაცემინების შედეგად გამოყოფილი წვეთებისგან იცავს, ხოლო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია და ამიტომ, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთ, ნიშნავს, რომ საკუთარი მიკრობებისგან იცავთ სხვებს. რეალურად, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი მხრიდან იკეთებ პირბადეს?

„ზოგადად, პირბადის თეთრი მხარე შიგნით არის შემოტრიალებული, ლურჯი კი გარეთ, მაგრამ მისი შეტრიალების შემთხვევაშიც დამცველობითი ფუნქცია და პირბადის ბარიერები იგივეა. პირბადის ფუნქციაა, რომ დაგიცვას და შესუნთქული ჰაერი მეტ-ნაკლებად გაფილტროს. ქირურგების შემთხვევაში იმიტომ უკეთიათ, რომ ოპერაციისას ლაპარაკის დროს თავისი წვეთით არ დააინფიციროს ჭრილობა, თორემ პაციენტისგან ასეთ დროს თავს არ იცავ“.

იმ ფონზე, რომ ერთჯერადი პირბადის შეძენა გართულდა, ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა კუსტარულად დამზადებული და ასევე იმპორტირებული ე.წ. მრავალჯერადი პირბადეები.

რა გზით შეიძლება მრავალჯერადი პირბადის მოხმარება და აშშ-ში თუ გამოიყენებენ მსგავსი ტიპის პირბადეებს?

„მე კუსტარულად დამზადებულს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, ქირურგიული ნიღბის შემთხვევაში დაცულია ტექნოლოგიური ნიუანსები. ამ შემთხვევაში რა მასალას იყენებენ, უცნობია.

მრავალჯერადობა ვრცელდება მარტო N95-ზე, ანუ მაღალი დაცვის რესპირატორებზე და ისიც ერთჯერადი უნდა იყოს, თუმცა დეფიციტის შემთხვევაში შესაძლებელია ხელმეორედ გამოყენება. მისი გამოყენებაც, ჯამურად, 8 საათზე მეტხანს არ შეიძლება. N95-ს ისეთი მოჭერა აქვს, რომ ისედაც ართულებს სუნთქვას და შეუძლებელია დიდხანს ამ პირბადით სიარული. გარეცხვა საერთოდ არ გამიგია. ასეთ დროს აუცილებლად დაზიანდება ფორები და ფილტრი, რაც უნდა იჭერდეს მიკრონაწილაკებს. თუმცა ქირურგიულ პირბადეზე დეფიციტი აქ არ გვაქვს და მისმა მეორედ გამოყენებამ წარმოუდგენელია დაგიცვას მომავალში“.

რა ვითარებაა ახლა ამერიკაში, როგორია მოსახლეობის ქცევა ქუჩაში კორონავირუსის ფონზე?

„მასშტაბური ღონისძიებები და საეკლესიო რიტუალები გადაიდო, სკოლები გაჩერებულია. რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას, შეზღუდული რაოდენობის ტესტები გამოიყო ცალკეულ შტატებზე, ძირითადად კონტაქტებს უკეთდებათ. ახლა შევიმუშავეთ სქემა, რომ ტესტის გაკეთების შემდეგ გავუშვათ სახლში, გაკეთდეს თვითიზოლაცია და თუკი პასუხი დადასტურდა, მაშინ გააგრძელონ იზოლაცია. ზოგს აქვს ფსიქოლოგიური მომენტი და ღელვა, რომ შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეთ და ითხოვენ ხოლმე ტესტირების ჩატარებას. ძირითადად ქუჩაში პირბადით დადის მოქალაქეების ის კატეგორია, ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს, ქიმიოთერაპიას იტარებენ და განურჩევლად სეზონისა, სჭირდებათ, რომ დაიცვან თავი ნებისმიერი ინფექციისგან“.

ხუთი რამ, რაც კორონავირუსსა და ნიღბებზე უნდა ვიცოდეთ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG