Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ პარლამენტში მაქსიმუმ 10 პარტია შევა - ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული მოდელის მიხედვით, მომავალ პარლამენტში შევა პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი. საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მიღწეულ კომპრომისულ შეთანხმებაში ასახულია ასევე 40%-იანი ზღვრისა და ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის საკითხები.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საარჩევნო სისტემის ახალმა მოდელმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2020 წლის არჩევნებზე - რადიო თავისუფლება დაინტერესდა ე.წ. გერმანული მოდელის მთავარი ავტორის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებებით.

რადიო თავისუფლება: ხანგრძლივი და დაძაბული პროცესები უძღოდა წინ... იძლევა თუ არა კმაყოფილების საფუძველს საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი?

ვახტანგ ხმალაძე: ეს არ არის პროპორციული სისტემა და აბსოლუტური გარანტიით ვერ იძლევა პროპორციული სისტემის შედეგს, როდესაც მიღებული მანდატების რაოდენობა მიღებული ხმების პროპორციულია.

მაგრამ ამ მოდელის შედეგი ძალიან ახლოს იქნება შედეგთან, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ - 150 მანდატის 80 პროცენტი განაწილდება პროპორციული წესით და მხოლოდ 20 პროცენტი ნაწილდება მაჟორიტარული წესით.

ამასთან, თუკი ამა თუ იმ პარტიამ პროპორციული წესით ვერ მიიღო ხმების 40%-ზე მეტი, ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.

პირველ ადგილზე გასული ვერცერთი პარტია ვეღარ მოახერხებს, რომ 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებში, მაჟორიტარების ხარჯზე, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს. ეს სწორედ ასე იყო აქამდე.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს ე.წ. ჩამკეტი, რომლის გარშემოც ასევე მიღწეულია შეთანხმება? ბევრი დააბნია ამ სიტყვამ. რას აზღვევს „ჩამკეტი“?

ვახტანგ ხმალაძე: თუკი ამა თუ იმ პარტიის მიერ პროპორციული წესით (პარტიული სიით) მიღებული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულთან ერთად, 75 მანდატზე მეტია, მას დანარჩენი მანდატები ჩამოეჭრება.

სწორედ ამას გულისხმობს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რაზეც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ. როგორ დაწერენ პროექტს, მე არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხი კანონპროექტშიც ასევე უნდა აისახოს.

შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, პარტიამ პროპორციული წესით მიიღო ხმების 40% (და არა მეტი), რაც პარტიული სიით 48 მანდატის მიღებას ნიშნავს; თუკი ეს პარტია ასევე მიიღებს 30-დან, ვთქვათ, 29 მაჟორიტარულ მანდატს, მას ჯამში ექნება 77 მანდატი (48+29), მაგრამ 2 მანდატი ჩამოაკლდება და ჯამში მიიღებს მხოლოდ 75 მანდატს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ეს 30-ვე მაჟორიტარული მანდატი (და თუნდაც - 29 მანდატი) მიიღოს ერთმა პარტიამ, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ამ ჩამკეტი მექანიზმის ამოქმედება საჭირო არცკი გახდეს.

რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე გაცილებით მეტს და შეძლებს უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას პარლამენტში. თქვენი აზრით, რა შედეგს მოუტანს შეთანხმებული მოდელი „ქართულ ოცნებას“?

ვახტანგ ხმალაძე: არჩევნების წინ ყველა იმუქრება ხოლმე - გავიმარჯვებო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომელი გამოკითხვაც კი ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მაჩვენებლები ახლოსაც კი არ იყო 40%-თან და ასე იყო სხვა პარტიების შემთხვევაშიც.

მაქსიმალურად ბევრი მანდატის მოსაპოვებლად ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და დიდი ფინანსური შესაძლებლობები. მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს მექანიზმები ყველაზე კარგად მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში მუშაობს და ნაკლებად ეფექტიანია პროპორციულ ნაწილში.

თუ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს საერთო შეთანხმებამდე მისვლა - ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი მაჟორიტარულ ოლქებში და შეთანხმებულად წარადგინონ მაჟორიტარი კანდიდატები, ეს მნიშვნელოვნად გაანეიტრალებს „ქართული ოცნების“ იმ შესაძლებლობებს, რაზეც უკვე ვილაპარაკე.

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით იმ ოპოზიციური პარტიების შანსებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანდნენ? ახალი მოდელის პირობებში ოპოზიციურ პარტიებს ერთად მოქმედება უფრო აძლევთ ხელს, თუ ცალ-ცალკე?

ვახტანგ ხმალაძე: ოპოზიციური პარტიები აპირებენ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების გარშემო შეთანხმებას, მაგრამ როგორ და რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.

დაბალპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტიას პრაქტიკულად არა აქვს შანსი მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები. თუ ასეთი პარტია რომელიმე ოლქში დააყენებს საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატს, ჯერ ერთი - ეს კანდიდატი ვერ მიიღებს მხარდაჭერას და მეორე - მისთვის მიცემული ხმები დააკლდება სხვა ოპოზიციურ პარტიას.

რაც შეეხება ბლოკების შექმნას, როგორც წესი, მსხვილ და ძლიერ პარტიებს არ აწყობთ ხოლმე ბლოკში ყოფნა სუსტ პარტიებთან ერთად, რადგან წარმატება მათაც უნდა გაუყონ. ბლოკს ერთი ხიბლი აქვს - აი, ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ მოგვეცით ხმა...

მაგრამ შეიძლება ბლოკები არც სუსტ, მცირე პარტიებს აწყობდეთ, რადგან შეთანხმებული 1%-იანი ბარიერი მათაც აძლევს გარკვეულ იმედებს და შეიძლება არ უღირდეთ, რომ ძლიერთან ბლოკში გაწევრიანებით დაკარგონ დამოუკიდებლობა და ზოგჯერ უარი თქვან რაღაც პრინციპებზეც.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად ჭრელი იქნება ამ ახალი სისტემით დაკომპლექტებული საქართველოს პარლამენტი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ​?

ვახტანგ ხმალაძე: თუ დავეყრდნობით ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართული არჩევნების გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ 10 სუბიექტზე მეტი ვერ შევა პარლამენტში. მათგან რამდენიმე იქნება წარმოდგენილი მაქსიმუმ ერთი ან ორი მანდატით. არ მგონია, რომ ძალიან ჭრელი პარლამენტი მივიღოთ.

ვისთვის ბევრია 10 პარტია და ვისთვის - ცოტა... ისე, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან 1-2 მანდატის მქონე სუბიექტებს იშვიათად შეუძლიათ რეალური გავლენა მოახდინონ საპარლამენტო პროცესებზე.

რადიო თავისუფლება: მაგრამ მათი როლი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის პროცესში და შესაძლებელია, რომ ისინი ამაში, ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ გამოადგეს...

ვახტანგ ხმალაძე: ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას არჩევნების შედეგებით ცოტა დააკლდება, რომ 76 მანდატი მიიღოს [76 მანდატია საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად და მთავრობის დასამტკიცებლად].

კი, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება თითოეული დეპუტატის მიმხრობა. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რომ, ბოლო კვლევების მიხედვით, ხელისუფლებამ 75-ზე ბევრად ნაკლები მანდატი უნდა მიიღოს.

ისიც მართალია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, ბოლო რამდენიმე თვეში კი არა, რამდენიმე კვირაშიც შეიძლება შეიცვალოს განწყობები.

რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი ვერცერთმა პარტიამ (ან ბლოკმა) ვერ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად და მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო მანდატების რაოდენობა?

ვახტანგ ხმალაძე: ასეთ შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასულ პარტიას (რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი ექნება) აქვს უპირატესობა, რომ დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც წარადგენს მთავრობის შემადგენლობას და შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

თუ ამ პარტიამ ვერ მოახერხა 76 ხმის შეკრება (რაც უმრავლესობის შექმნის ტოლფასია), მაშინ, ცხადია, ეს მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს.

ამის შემდეგ, თუკი სხვა საპარლამენტო პარტიები შეძლებენ 76 მანდატის შეგროვებას (შესაბამისად - საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას), მათ შეუძლიათ, რომ ნდობა გამოუცხადონ მთავრობის მათთვის მისაღებ შემადგენლობას. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

ევროპულ გამოცდილებაში ცნობილია არაერთი მაგალითი, როცა პირველ ადგილზე გასული პარტია დარჩენილა ოპოზიციაში, რადგან უმრავლესობის შექმნის რესურსი აღმოაჩნდა არა მას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG