Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წადი, დაწერე“ - ზელენსკიმ ადმინისტრაციის უფროსს კარისკენ მიუთითა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 11 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის ოფისის (ადმინისტრაციის) ხელმძღვანელი, იურისტი ანდრეი ბოჰდანი, კომიკოსის გაპრეზიდენტების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც მალევე იქცა „თავის ტკივილად“ უკრაინის მეექვსე პრეზიდენტისთვის.

ანდრეი ბოჰდანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ლაპარაკი უკრაინის პოლიტიკურ კულუარებში უკვე მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის, ყოფილ ადვოკატს ბიოგრაფიაში აღმოუჩინეს სკანდალური დეტალი.

აღმოჩნდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩის დროს მთავრობის რწმუნებული იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებში, რის გამოც მასზე, როგორც იანუკოვიჩის გარემოცვის მაღალი რანგის მოხელეზე, ლუსტრაციის შესახებ კანონი ვრცელდება.

ამ კანონის თანახმად, პირს, ვინც დევნილი პრეზიდენტის დროს იყო სახელმწიფო მოხელე, არ აქვს უფლება ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა.

უკრაინელმა აქტივისტებმა გასულ აგვისტოში, ზელენსკის ინაუგურაციიდან მესამე თვეს, ძალიან სწრაფად მოახერხეს 25 ათასი ადამიანის ხელმოწერის შეგროვება უკრაინის პრეზიდენტის საიტზე, ბოჰდანის გადადგომის მოთხოვნით შედგენილი პეტიციის ქვეშ. უკრაინულ მედიაში მაშინ პირველად გაჩნდა ცნობა ბოგდანისა და მისი ყველა ხელქვეითის მიერ გადადგომის თხოვნის დაწერის შესახებ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა, მაგრამ „თაფლობის თვეში“ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

თუმცა ამის შემდეგ ანდრეი ბოჰდანი, რომელიც ლამის პრეზიდენტის მაგივრადაც კი აძლევდა ჟურნალისტებს კომენტარებს, ნელ-ნელა ჩრდილში მოექცა და, ბოლოს, საერთოდ არ ჩანდა.

ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ როდესაც უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან ერთად 1 თებერვალს ინტერვიუებს უტარებდა განახლებული მთავრობის პოტენციურ კანდიდატებს, გასაუბრებაზე არ იმყოფებოდა ანდრეი ბოჰდანი. სამაგიეროდ, გასაუბრებას ესწრებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწე, ანდრეი ერმაკი, რომელიც 11 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ოფისის ახალ თავმჯდომარედ დანიშნა.

ბოლო თვეებში მედიაში წერდნენ ბოგდანსა და ერმაკს შორის მომხდარ კონფლიქტზე. ვრცელდებოდა ხმები მათ შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რაც ორივემ უარყო.

ახლაც გავლენიანი ანდრეი ბოჰდანის წასვლას თან ახლავს ცნობა მასა და პრეზიდენტს შორის გამართულ გარკვეულ უსიამოვნო საუბარზე.

ამ საუბრის შემდეგ, რასაც ორი წყარო ადასტურებს, პრეზიდენტისთვის ბოჰგდანს შეუთავაზებია, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერო, რაზეც ზელენსკის მიუგია: „წადი და დაწერე“.

და ანდრეი ბოჰდანიც, რომლის გადადგომასაც ყველა ელოდა, წავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პოსტი კი დაიკავა ანდრეი ერმაკმა, რაც ასევე არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.

ახლა მთავარი კითხვაა: ეს არის კოსმეტიკური ცვლილება, თუ ბოგდანის ერმაკით ჩანაცვლება მოასწავებს გარკვეულ ცვლილებას უკრაინის საგარეო-პოლიტიკურ ვექტორშიც.

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უდგას სათავეში, ზელენსკის გადაწყვეტილებას სწორედ იმის დასტურად თვლიან, რომ „პრეზიდენტის პრორუსულმა გარემოცვამ გაიმარჯვა ოლიგარქის წარმომადგენლებზე“.

პრეზიდენტის პარტიაში კი ასეთ შეფასებებს არ იზიარებენ. ანდრეი ერმაკის დანიშვნით უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საგარეო პოლიტიკას, რომელშიც პრინციპული ცვლილებები მოსალოდნელი არ არისო, ამბობს „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია.

ნიშანდობლივია, რომ ანდრეი ბოჰდანის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იურისტი, რუდი ჯულიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, მათ შორის, გასული წლის ზაფხულში შეხვდა ანდრეი ერმაკს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG