Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიღბების კვალი - ჩინელი ექიმები და ექთნები კორონავირუსის პირისპირ


ჩინეთის მედია აქტიურად აქვეყნებს ინფორმაციას კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების შესახებ.

ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცემა, People’s Daily, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექიმებისა და ექთნების ფოტოებს. როგორც გამოცემა ფოტოების აღწერაში მიუთითებს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მედიკოსებმა ცოტა ხნით მოიხსნეს სპეციალური ნიღბები. ნიღბების კვალი მათ სახეზე ეტყობათ. სოციალური ქსელის მომხმარებლები ჩინელ ექიმებს გმირებს უწოდებენ და მათ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამოქალაქო გმირობა, რასაც დღეს ჩინეთში ექიმები სჩადიან. ისინი დღეების განმავლობაში არ გამოდიან საავადმყოფოებიდან. ჩინეთში ყოველდღიური გმირობები ხდება“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ჩინეთის საავადმყოფოებში მომუშავე ექიმების ბრძოლას ახალი სახეობის კორონავირუსთან, რომელმაც ჩინეთში 360 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობა კი 17 ათასს აღწევს. ბოლო ორი დღის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათმა რაოდენობამ 480-ს მიაღწია:

„საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება მაქვს ყველანაირ ეპიდემიებთან ბრძოლის, მაგრამ ასეთი მასშტაბით და ასეთი გმირობა, არსად მინახავს. მინდა, რომ ჩვენც გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ დაავადების გავრცელება და ამას აკეთებენ იქ, გმირი ექიმები“, - ამბობს პაატა იმნაძე.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 17,238 ადამიანია დაინფიცირებული. კორონავირუსი დაფიქსირდა მსოფლიოს 25 ქვეყანაში. ჩინეთს გარეთ ინფიცირებულთა ჯამი 148-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG