Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ლიდერის გარეშე დარჩენილ „ისლამურ სახელმწიფოს“ ავღანეთში?


"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იარაღის დაყარის დროს ნანგარჰარის პროვინციაში
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იარაღის დაყარის დროს ნანგარჰარის პროვინციაში

31 ოქტომბერს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წყაროებმა პირველად დაადასტურეს თავიანთი ლიდერის, აბუ ბაქარ ალ ბაღდადის, დაღუპვა.

ისლამური ხალიფატის შექმნის იდეით შეპყრობილი ISIS-ის ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ აქტუალური გახდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ფაქტი „ისლამურ სახელმწიფოზე“, რომლის განშტოებები ჯერ კიდევ განაგრძობენ ტერორისტულ თავდასხმებს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.

დღეისათვის განსაკუთრებით მძლავრი პოზიციები აქვთ სუნიტ ექსტრემისტებს ავღანეთის მთაგორიან აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სირიასა და ერაყში შევიწროებულმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა წარმატებით მოახერხეს გადაჯგუფება და დასაყრდენის შექმნა.

ალ ყაიდის მაგალითი

აბუ ბაქარ ალ ბაღდადის დაღუპვა გავლენას მოახდენს ექსტრემისტების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მოშლის მათ სამეთაურო და საორგანიზაციო შესაძლებლობებს.
კუნარის პროვინციის გუბერნატორი


ავღანეთში „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS) ყველაზე მძლავრი პოზიციები აქვს ხორასნის, კუნარის, ნურისტანისა და ნანგარჰარის პროვინციებში. შესაბამისად, ცნობამ (ISIS) ლიდერის მოკვლის შესახებ ავღანეთის მმართველ წრეებში გააჩინა ოპტიმიზმი, რომ ლიდერის გარეშე დარჩენილი დაჯგუფება არსებობას შეწყვეტს.

ასე ფიქრობს აღმოსავლეთ ავღანეთის კუნარის პროვინციის გუბერნატორი, აბდულა სატარ მირზაკვალი.

„აბუ ბაქარ ალ ბაღდადის დაღუპვა გავლენას მოახდენს ექსტრემისტების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მოშლის მათ სამეთაურო და საორგანიზაციო შესაძლებლობებს ამ ოლქში“, - უთხრა კუნარის პროვინციის გუბერნატორმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.

ავღანეთის მთავრობის ყოფილი მთავარი მრჩეველი არიფ საჰარი კი ფიქრობს, რომ ალ ბაღდადის განადგურებას მნიშვნელოვანი „ფსიქო-სოციალური“ შედეგი ექნება ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგით მებრძოლებზე.

„ამას მოჰყვება დაჯგუფების ისედაც დაქსაქსული პოლიტიკური სტრუქტურების უფრო მეტი ფრაგმენტაცია. მის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ძალიან უჭირს ქვედანაყოფების დინამიკურობის შენარჩუნება და ადამიანური რესურსის გააქტიურება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საჰარმა, ამჟამად დიდი ბრიტანეთის შეფილდის ჰალამის უნივერსიტეტის მკვლევარმა.

თუმცა იგი აფრთხილებს ყველას, რომ არ შეხედონ მეტისმეტად ოპტიმისტურად ISIS-ის ლიდერის ლიკვიდაციას.

„როგორც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, რომლის გაკვეთილებითაც ჩვენ ვსწავლობთ, ლიდერის შეცვლა არ წარმოადგენს მსოფლიოს უსაფრთხოების აუცილებელ გარანტიას“, - აღნიშნავს საჰარი, რომელსაც მხედველობაში აქვს ალ ყაიდის მაგალითი, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებისა, რომელმაც არაერთგზის მოახერხა აღორძინება მისი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, მოკვლის შემდეგ.

ავღანეთის ხელისუფლებისა და NATO-ს რეაქცია

ალიანსი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ, „სირიასა და ერაყში განადგურების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“არ აღორძინდება ავღანეთში“.
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქარ ალ ბაღდადის, მოკვლის ცნობას დიდი სიხარულით შეხვდნენ ავღანეთის ხელისუფლებაში.

„ავღანეთი მიესალმება მისი განადგურების ცნობას. ავღანეთი - ესაა ქვეყანა, რომელიც იტანჯება აბუ ბაქარ ალ ბაღდადის მიერ სასტიკი მეთოდებით გავრცელებული ყალბი წარმოდგენებისაგან“, - დაწერა ტვიტერში ავღანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ.

თუმცა ავღანეთში მოქმედი ნატოს მრავალეროვნული ძალების სარდალი, ამერიკელი გენერალი სკოტ მილერი მიიჩნევს, რომ ISIS-თან მიმართებით საჭიროა სიფხიზლის შენარჩუნება.

„ავღანეთში მოქმედი დაეში („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული აკრონიმი - რედ.) მჭიდრო კავშირშია სირიის დაეშთან. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საშიში ტერორისტული დაჯგუფებაა, თავისი საშიში იდეოლოგიით“, - უთხრა გენერალმა მილერმა რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ბოლო მინისტერიალის დროს, რომელზეც ავღანეთში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე მსჯელობდნენ.

ამერიკელმა გენერალმა „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ უწოდა დაჯგუფების შესაძლებლობას, გადაიბიროს და თავის რიგებში გააერთიანოს ავღანელი ახალგაზრდები.

როგორც გასულ კვირაში განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ, „სირიასა და ერაყში განადგურების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ არ აღორძინდება ავღანეთში“.

ხალიფატი ავღანეთის ტერიტორიაზე?

თუ ასეთი გაერთიანება მოხდება, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს დაუჭერენ ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ტერორისტული ძალები.
მაიკლ კულეგმანი

განვლილი ოთხი წლის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხა კონტროლის დამყარება ავღანეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ავღანეთის არმიამ და დაჯგუფება თალიბანმა შეძლეს სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფების მნიშვნელოვანი შევიწროება, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ განაგრძობს მასშტაბურ თავდასხმებს.

ავღანეთის ხელისუფლებამ და ნატომ 19 ოქტომბერს სწორედ „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულეს ნანგარჰარის პროვინციის შიიტებით დასახლებული ერთ-ერთი სოფლის მეჩეთში მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც სულ ცოტა 69 ადამიანი შეეწირა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის თანახმად კი, ივნის-სექტემბრის პერიოდში „ისლამური სახელმწიფოს“ ანგარიშზე იყო 183 თავდასხმა, რაც ორჯერ უფრო მეტია გასული წლის იმავე პერიოდში დაჯგუფების მიერ მოწყობილ იერიშებზე.

არსებობს ვარაუდი, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დროშების ქვეშ მოქმედებს რამდენიმე ათასი ექსტრემისტი, მათ შორის არიან ახლო აღმოსავლეთიდან გადასული მებრძოლები.

მაიკლ კულეგმანი, სამხრეთ აზიის საკითხების ანალიტიკოსი, ვუდრო უილსონის ცენტრში, დარწმუნებულია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში სერიოზულ კონკურენციას უწევს თალიბანს და ცდილობს ისეთივე დიდ ძალად იქცეს ავღანეთში, როგორიც იყო თავის დროზე ახლო აღმოსავლეთში.

კულეგმანი არც იმას გამორიცხავს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხოს გაერთიანება ავღანეთში მოქმედ ალ ყაიდასთანაც. „თუ ასეთი გაერთიანება მოხდება, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს დაუჭერენ ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ტერორისტული ძალები, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ავღანეთში მიმდინარე აშშ-ის ანტიტერორისტულ ძალისხმევას“, - ამბობს მაიკლ კულეგმანი.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის მიმდინარე ბრძოლები და ქაბულის სუსტი კონტროლი ქვეყნის განაპირა რაიონებზე, „ისლამურ სახელმწიფოს“ შესაძლებლობას აძლევს, აღიდგინოს დანაკარგები და შეეცადოს ხალიფატის შექმნას ავღანეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG