უკრაინაში მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი საგანგაშო ცნობას ავრცელებს. საქმე მასზე და „ლეგიონის“ სხვა მებრძოლებზე სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება.
მამუკა მამულაშვილი სოციალურ მედიაში დეტალებს ასაჯაროებს: ასახელებს სავარაუდო დამქირავებლებს - ლარისა ილიენკოსა და ანდრეი ნაგრებელნის, რომლებმაც, მამულაშვილის მტკიცებით, თავის მხრივ, შესაბამისი შემსრულებლის მოძიება დაავალეს ფსევდომოხალისე იულია ოვეჩკინას და ამ საქმისთვის 10 ათასი დოლარი გადაუხადეს.
"ოპერატიული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სეპარატიზმსა და მტრული მხარისათვის (ფსბ) საიდუმლო მასალების გადაცემაში ეჭვმიტანილმა ლარისა ილიენკომ და ანდრეი ნაგრებელნიმ 15.08.2019 წელს 10 ათას დოლარად დაიქირავეს ყველასთვის სკანდალურად ცნობილი ფსევდომოხალისე იულია სერგეევნა ოვეჩკინა, რომელსაც თავის მხრივ უნდა მოეძებნა ადამიანი, ვინც ფიზიკურად გაუსწორდებოდა "ქართული ლეგიონის" მეთაურ, მამუკა მამულაშვილსა და ლეგიონის მებრძოლებს", - ნათქვამია "ქართული ლეგიონის" მიერ "ფეისბუკით" გავრცელებულ განცხადებაში.
არის ამის თვითმხილველიც - ადამიანი, ვისაც ამისთვის ქირაობდნენ. და მე რამდენადაც ვიცი, გარკვეულ ორგანოს მან უკვე მისცა ჩვენება. მამუკა მამულაშვილი მამუკა მამულაშვილი
„ქართული ლეგიონის“ მეთაური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გამოსაძიებლად შესაბამის სტრუქტურებს უკვე მიაწოდა, მაგრამ დამატებით, საჭიროდ მიიჩნია სავარაუდო შემკვეთებისა და შემსრულებლის ვინაობის გამჟღავნება სოციალური მედიის მეშვეობით.
ვითარებაში გასარკვევად, მამუკა მამულაშვილის გარდა, რადიო თავისუფლებამ მის მიერ ნახსენებ ლარისა ილიენკოსთანაც მოახერხა დაკავშირება.
„ინფორმაცია პრევენციის მიზნით გავავრცელე“
მამუკა მამულაშვილი: ეს ახალი არ არის. ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ არ გაგვიზიარებია საზოგადოებისთვის. ამჯერად მოხდა ასეთი რამ, რომ ადამიანები შეეცადნენ დაექირავებინათ ერთ-ერთი პირი, ვისი ვინაობაც ჩვენ ვიცით და იცის გამოძიებამ. ეს ადამიანი მოვიდა ჩვენთან, თვითონ აღიარა ყველაფერი, გვითხრა, რომ ასეთ რამეს ამზადებდნენ, ამზადებდნენ ფიზიკურ თავდასხმას და თქვა, რომ მეც ერთ-ერთი ვარ, ვის დაქირავებასაც, ასე ვთქვათ, ეცადნენ, და აქტიურად ეძებენ ადამიანს, ვინც ფიზიკურად გაგისწორდებათო.
კობა ლიკლიკაძე: სად და როგორ უნდა მომხდარიყო ეს ანგარიშსწორება? თქვენ ახლა, რამდენადაც ვიცი, არ ხართ უშუალოდ ფრონტის ხაზზე.
მამუკა მამულაშვილი: კი, ახლა კიევში ვიმყოფები. ეს ადამიანი, რომელიც ჩემთან იყო, პროფესიით ინჟინერია, სამხედრო ინჟინერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადად მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ასეთ ხალხს შორის ეძებდნენ ადამიანს, ვინც ამას შეასრულებდა;რის შემდეგაც დაიწერა განცხადება სამართალდამცავ ორგანოებში და ამის შემდეგ საჯაროდ მოხდა ამ ინფორმაციის გაზიარება.
კობა ლიკლიკაძე: ჰოდა, რატომ გააზიარეთ ინფორმაცია ფეისბუკში? ხომ შეიძლება, რომ იმათაც წაიკითხონ,- და, ალბათ, წაიკითხავდნენ კიდეც, -ვინც, როგორც თქვენ ამბობთ,შეთქმულების, ამ მკვლელობის შემკვეთია?
მამუკა მამულაშვილი: არ არის სპეცსამსახურების მუშაობა იმდენად ეფექტური, რომ რეაგირება მომხდარიყო სწრაფად. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვეზიარებინა ინფორმაცია და იმის პრევენცია მოგვეხდინა, რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ფაქტიურად, სანამ ამას რეაგირება მოჰყვებოდა, რეალობაში შეიძლებოდა რაიმე უბედური შემთხვევა ან მე მომსვლოდა, ან რომელიმე მებრძოლს და ვარჩიეთ, რომ ასეთი გზით წავსულიყავით.
მამულაშვილს შიშისა და სიფრთხილის საფუძველს 2017 წლის ოქტომბერში, უკრაინაში მომხდარი თავდასხმა აძლევს. მაშინ თავდამსხმელებმა ადგილზე მოკლეს მოხალისე მებრძოლი ქალი ამინა ოკუევა, ხოლო მისი ქმარი, ადამ ოსმაევი, დაიჭრა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
„ქართული ლეგიონის“ მეთაური აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოსვლის შემდეგ უცხოელი მოხალისეების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრს უკვე მიენიჭა მოქალაქეობა პრეზიდენტის განკარგულებით; „ქართული ლეგიონის“ რამდენიმე მებრძოლი ოფიციალურად ჩაირიცხა 128-ე ბრიგადაში, მაგრამ ეს არ იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა კიევსა თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში არ მოაწყონ 2017 წლის მსგავსი თავდასხმა.
ვინ არის ლარისა ილიენკო
მე ინტერვიუებს ტელეფონით არ ვიძლევი. მე შემიძლია დაგაკავშიროთ ჩემს პრესმდივანთან. დაე, მან დაგიხასიათოთ მამუკა მამულაშვილი.ლარისა ილიენკო
მამუკა მამულაშვილის მიერ ნახსენები ლარისა ილიენკო საკმაოდ ცნობილი აღმოჩნდა უკრაინის ბიზნესწრეებში. მედიის მიერ „ქვიშის დედოფლად“ მონათლული ლარისა ილიენკო ქარხანა „ატეკის“ გენერალური დირექტორია. როგორც წერენ, დაკავებულია ქვიშის უკანონო წარმოებით, აქვს კავშირები უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებთან და ცდილობდა, იულია ტიმოშენკოს გარემოცვის საშუალებით, ბედი ეცადა პოლიტიკაშიც.
ლარისა ილიენკოს რადიო თავისუფლება პრაღიდან ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა.
კობა ლიკლიკაძე: ქალბატონო ილიენკო, საღამო მშვიდობისა!
ლარისა ილიენკო: გამარჯობა!
კობა ლიკლიკაძე: მე მქვია კობა ლიკლიკაძე, პრაღიდან გირეკავთ, რადიო თავისუფლებიდან...
ლარისა ილიენკო: მე ინტერვიუებს ტელეფონით არ ვიძლევი.
კობა ლიკლიკაძე: რა შეგიძლიათ გვითხრათ მამუკა მამულაშვილზე?
ლარისა ილიენკო: მე შემიძლია დაგაკავშიროთ ჩემს პრესმდივანთან. დაე, მან დაგიხასიათოთ მამუკა მამულაშვილი.
ჩვენს შემდეგ ზარს ლარისა ილიენკომ აღარ უპასუხა და არც პრესმდივანი დაგვკავშირებია.
პასუხი შეკითხვაზე, თუ ვის და რატომ უნდა სურდეს „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მოშორება, - საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავად მამუკა მამულაშვილი კი ამ შეკითხვას ასე პასუხობს:
„ბაზაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მანდ მაგას აქვს რაღაც ფინანსური ინტერესი. ჩვენ ოფიციალურად (უკრაინის) თავდაცვის სამინისტროს მითითებით ვართ მანდ, ანუ ადგილი რომ ვერ გამოგვინახეს, ოფიციალური წერილი დაიწერა, რომ 150 კაცის ოდენობით შეგვიძლია ამ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდეთ. ხოდა ამას (ილიენკოს) აქვს რაღაც ფინანსური ინტერესი და აქედან გამომდინარე ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობს, რომ ის ქნას რა“.
ამ ამბის გახმაურების შემდეგ არც ილიენკო და არც ცნობაში მითითებული სხვა პირები მამულაშვილს არ დაკავშირებიან. „ქართული ლეგიონის“ მეთაური ჩვენების მისაცემად ჯერჯერობით არ დაუბარებიათ არც ერთ საგამოძიებო უწყებაში.
კობა კლიკლიკაძე: თუ გამოეხმაურა ამ შენს განცხადებას, - ფეისბუკში,სოციალურ ქსელში შენ ისინი მონიშნული გყავს, - ძალოვანი სტრუქტურები? თუ იყო მათგან რეაგირება?
მამუკა მამულაშვილი: მე არ გეტყვით კონკრეტულად, თუ ვინ და როგორ გამოეხმაურა. რა თქმა უნდა, გამოეხმაურნენ, მაგრამ პროკურატურა ჯერჯერობით დუმს, როგორც ყოველთვის... ისინი ცოტა უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით, რადგან ჩვენ დავდეთ კონკრეტული გვარები და სახელები ადამიანების, რომლებიც, ფაქტიურად, ცდილობენ დაიქირაონ ადამიანები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. და არის ამის თვითმხილველიც - ადამიანი, ვისაც ამისთვის ქირაობდნენ. და მე რამდენადაც ვიცი, გარკვეულ ორგანოს მან უკვე მისცა ჩვენება.
- „ქართული ლეგიონის" წევრები - დაახლოებით, 50 მებრძოლი - ამჟამად კიევთან ახლოს ერთ მიტოვებულ სპორტდარბაზში ცხოვრობენ.
- დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში „ქართული ლეგიონი“ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა მოწინავე ხაზზე, საიდანაც ისინი მოგვიანებით,პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, გამოყარეს.
- "ქართული ლეგიონის" მეთაურის თქმით, ეს მოხდა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში ოთხწლიანი მონაწილეობისა და ასეთი საყოველთაო აღიარების მიუხედავად, "ქართული ლეგიონის" წევრებს დღემდე არ აქვთ ოფიციალური სტატუსი, არ სარგებლობენ სახელმწიფოსგან ომის მონაწილისათვის დაწესებული შეღავათებით და ძირითადად შემოწირულებებით გააქვთ თავი.
ვიდრე იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზი, "ქართულმა ლეგიონმა"თითქმის ოთხი წელი დაყო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში; მონაწილეობდა რამდენიმე სახიფათო ოპერაციაში დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ; დაკარგა ორი მებრძოლი, რამდენიმე დაიჭრა, ქართველ მოხალისეებს დებალცევოს დაცვისათვის მიღებული აქვთ უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები.